ღარიბაშვილი პლატინის: დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ

AutoSharing Option
პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება შესაბამის დროს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრებს, რომელთა პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასა" და "სევილიის" ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.

პრემიერს ეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული
და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

"გარწმუნებთ, UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელ კონტინენტზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სუპერთასის მატჩის მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამს UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, "ბარსელონასა" და "სევილიის" პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული