მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა.
იხილეთ ვიდეო: უეფას სუპერთასის გახსნის ცერემონია "დინამო არენაზე"
აღსანიშნავია, რომ პირველი სამი გოლი უკვე შეხვედრის საწყის 16 წუთში გავიდა და სამივე საჯარიმო დარტყმით. ანგარიში ევერ ბანეგამ მე-3 წუთზე გახსნა.
იხილეთ
ვიდეო: ევერ ბანეგას გოლი
ამას ლიონელ მესის დუბლი მოჰყვა. არგენტინელმა ჯერ მე-7, შემდეგ კი მე-16 წუთზე ორიდან ორივე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა.
იხილეთ ვიდეო: ლიონელ მესის დუბლი
ტაიმის მიწურულს სევილიელთა მეკარე ბეტოსთან პირისპირ ლუის სუარესი აღმოჩნდა. ურუგვაელმა თავად ვერ გაიტანა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და მისი ბრწყინვალე პასით რაფინიამ (44) შეაგდო.
იხილეთ ვიდეო: რაფინიას გოლი
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სუარესმა თავისი მაინც გაიტანა (52) და უპირატესობა სამბურთიანი გახადა.
მაგრამ გულშემატკივარს თურმე მთავარი ჯერ კიდევ წინ ელოდა - სხვაობა ჯერ ხოსე ანტონიო რეიესმა (57) შეამცირა, შემდეგ კი კევინ გემიერომ (პენ, 72) და იევჰენ კონოპლიანკამ (81) სასწაული მოახდინეს - ძირითადი დრო ფრე 4:4.
გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა. გამარჯვების გოლი მესის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, დამატებაზე პედრო როდრიგესმა, 115-ე წუთზე გაიტანა.
"ბარსელონამ" სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ აღმართა, რითაც "მილანის" რეკორდი გაიმეორა. თბილისური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა.
იხილეთ ვიდეო: დაჯილდოების ცერემონია