სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ორი ახალი კანდიდატურა?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ სიახლე არავისთვის ყოფილა, მაგრამ ამ სკამისა და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის დაინტერესებულ პირთა ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა.

სფფ-ის პრეზიდენტობის პრეტენზია ორგანიზაციის მოქმედმა გენმდივანმა რევაზ არველაძემ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ და დიდი ხნის წინათ დააფიქსირეს.

სიჭინავას განცხადების შემდეგ ასპარეზზე მერაბ ჟორდანიაც გამოჩნდა. თბილისის "დინამოს", სფფ-ისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი თავის გეგმებზე მას მერე ილაპარაკებს, როცა არჩევნების თარიღი გამოცხადდება.

არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

"ლელოს" ინფორმაციით, სფფ-ის საპრეზიდენტო
არჩევნებში, შესაძლოა, კიდევ ორი კანდიდატი ჩაერთოს. ერთ-ერთი მათგანი - უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელიაა. მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ჩვენი ინფორმაცია არ უარყო.

სხვათა შორის, კვარაცხელიას არჩევნებში ჩართვის მცდელობა ადრეც ჰქონდა და ამის გამო... კინაღამ სიცოცხლესაც გამოასალმეს.

კიდევ ერთი სიახლე ლევან ყიფიანს უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება კანდიდატთა სიიდან მიხეილ ყაველაშვილის ამოშლამ გამოიწვია. ამის შესახებ "იბერია 2010"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ მცირე ხნის წინათ, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა.

ყაველაშვილი მისი მეგობარია და საფეხბურთო არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ ვერ მიიღებს, რომ სფფ-ის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების არმქონე პირი საკუთარ კანდიდატურას ვერ დაარეგისტრირებს...

"ეს გადაწყვეტილება აღმასკომის წევრებმა ყაველაშვილის გამო მიიღეს. ის თქვან, კარიერის დროს დიპლომები თავად როგორ იყიდეს? მიშამ კი ეს არ იკადრა. არადა, სხვებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში, ეკონომიურზე მართლა თავისით ჩააბარა, მაგრამ ფეხბურთის გამო მეორე კურსიდან გამოვიდა. ამ დროს კი წმინდა საფეხბურთო განათლება აქვს - შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი დაამთავრა", - ამბობდა დოლიძე "ლელოსთან" ინტერვიუში.

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავუსვით მას კითხვა - მართალია თუ არა, რომ ყაველაშვილის ნაცვლად კანდიდატურა, შესაძლოა, ლევან ყიფიანმა წამოაყენოს? მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ - ამას თავად ყიფიანი იტყვისო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ყაველაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა. მათ ერთად ჩამოაყალიბეს მოძრაობა - "ჩვენი ფეხბურთი". ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგასთან ერთად, ისინიც იყვნენ 2009 წელს გამართული დიდი საპროტესტო მარშის ინიციატორები და მოითხოვდნენ სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის გადადგომას და ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევის აღკვეთას.

მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ყიფიანი უფეხბურთოდ რომ ვერ გაძლებდა, ეს გასაგები იყო, მაგრამ გადაწყვეტს თუ არა მეგობრის ნაცვლად კანდიდატურის წამოყენებას, დრო გვიჩვენებს.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. ეს სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე გაცხადდება. ამის შემდეგ ფედერაციის სუბიექტები კანდიდატურებს ოფიციალურად წარმოადგენენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
Merabia is vinc unda martos da gaadlieros chveni pexburti is imsaxurebs namdvilad
vako
15:55 17-08-2015
0
ჟორდანიას გარდა თითქმის ყველა კარგი კანდიდატია, ჟორდანია არ გააკაროთ ქართულ ფეხბურთს, თორემ დაიღუპება Yველაფერი.... ეგ არის კორუმპირებული საფეხბურთო მაფიოზი....
status quo
13:48 14-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული