რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
პარასკევს, 14 აგვისტოს, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა და გადაწყდა ის საკითხი, რაზეც დიდი ხანია ლამის გვირილაზე მარჩიელობდნენ - ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 3 ოქტომბერს გაიმართება!

აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთა განცხადების მიღების ვადა 7 სექტემბერს იწურება, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იმ პირს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

1. კანდიდატი უნდა იყოს 24-70 წლის;
2. აუცილებელია, იყოს საქართველოს მოქალაქე;
3. უნდა წარმოადგინოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. არ უნდა იყოს ნასამართლევი;
5. აქტიურად იყოს ჩართული საფეხბურთო ცხოვრებაში;
6. კანდიდატი
უნდა წარადგინოს სფფ-ის რომელიმე სუბიექტმა, დამოუკიდებლად კანდიდატურის წამოყენება დაუშვებელია.

ამ გადაწყვეტილებას პირველი - პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო ჩემი კანდიდატურა. ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის. კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს. მჯერა, ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ", - წერს კობიაშვილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა გენმდივანმა რევაზ არველაძემაც.

სხვა კანდიდატებს რაც შეეხებათ, ჯერ მხოლოდ მითქმა-მოთქმის დონეზეა, რომ პრეზიდენტობა სურს მერაბ ჟორდანიასაც (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 1998-2005 წლებში) და ამ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურად მალე იტყვის.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად უნდა მოვიაზროთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული