მოგვეცით ხმა! ლანჩხუთის "გურია" არჩევნების წინ ფედერაციას უპირისპირდება

AutoSharing Option
ჯერ კიდევ აპრილში "ლელო" ლანჩხუთის "გურიის" მოთხოვნაზე წერდა - კლუბი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში დელეგატის ერთ ხმას ითხოვდა.

ეს პრობლემა არახალია: ანდრო ჟორდანიას მიერ დაარსებულ ლანჩხუთის "გურიას" ხმის უფლება იმიტომ არ აქვს, რომ სფფ-ის სუბიექტი არ არის. წლების წინათ კლუბმა სამართლებრივი ფორმა შეიცვალა - იყო შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) და გახდა ააიპ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი). მაგრამ დღემდე ვერ მოგვარდა უმარტივესი საკითხი - როცა შპს-ს ნაცვლად ააიპ დაშვებულია, კლუბისთვის წევრობის დაბრუნება რთული არ უნდა იყოს.

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ "გურიას" სუბიექტის
სტატუსი დღემდე არ აღუდგინა. სწორედ ამიტომ ოთხშაბათს "გურიამ" ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად მიმართა.

"ლანჩხუთის "გურია" დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. იგი 1924 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული. სსრკ-ის საფეხბურთო ჩემპიონატებში ორჯერ მოახერხა უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რაც ასეთი პატარა რაიონისთვის მსოფლიო მასშტაბით სენსაციური მოვლენა გახლდათ. საქართველოდან ეს უფლება მხოლოდ თბილისის "დინამომ" და ქუთაისის "ტორპედომ" მოიპოვეს.

ლანჩხუთის "გურია" არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1990 წელს, როცა ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა, "გურია" იყო პირველი ქართული გუნდი, რომელმაც უარი თქვა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშზე და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას მხარი ღიად დაუჭირა.

"გურია" არის საქართველოს დამოუკიდებელი თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული და ორგზის ვიცე-ჩემპიონი.

"გურიამ" ქართულ ფეხბურთს აღუზარდა არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი (რამაზ ურუშაძე, ილია დათუნაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გია თავაძე, ვახტანგ ძიძიგური, ბეგი სიხარულიძე, თეიმურაზ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, გიალო ჩხაიძე...). ამიტომაც მიგვაჩნია: ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, სახელოვანი და ბრენდად მიჩნეული "გურია" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი-სუბიექტი უნდა იყოს.

კლუბს საშუალება უნდა მიეცეს, ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობდეს, ყრილობაზე ჰყავდეს დელეგატი, შეეძლოს კანდიდატის წარდგენა, მონაწილეობდეს სფფ-ის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევნებში", - აღნიშნულია წერილში, რომელიც კლუბმა სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და აღმასკომის წევრებს გაუგზავნა.

გუნდის გულშემატკივრები თვლიან, რომ კლუბისთვის ხმის უფლების დაბრუნება სამართლიანობის აღდგენა იქნება. მათ ლანჩხუთის მაჟორიტარი, "გურიის" საუკუნის ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძეც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ "გურიის" ხმის გარეშე დატოვება დანაშაულია:

- ჩემი აზრით, დასადგენია, რატომ ჩაგრავენ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და ცნობილ კლუბს. თუ "გურია" ჩემპიონატში თამაშობს, ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეს? და თუ სუბიექტი არაა, ჩემპიონატში როგორ ათამაშებენ?

- ფედერაციის წესდებაში შესაბამისი პუნქტები არის...
- ეს მეც კარგად მესმის, მაგრამ ყველაფერი სფფ-ის დებულების გაუმართაობაზე მეტყველებს: წარმოგიდგენიათ, ფიფას ან უეფას ეგიდით მიმდინარე სანაკრებო ან საკლუბო ტურნირში ითამაშოს ქვეყანამ ან ამ ქვეყნის გუნდმა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი არ არის? ეს ხომ აბსურდია?!

თავი დავანებოთ იმას, რომ "გურია" ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი სახეა. რაღაც პერიოდი პრობლემა მართლაც გაჩნდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს გიორგი ნემსაძის არჩევას უკავშირდებოდა, როცა გურიის ფედერაციამ მას მხარი აშკარად დაუჭირა.

- მაგრამ "გურიას" ხომ არჩევნებში დელეგატი მაშინაც არ წარმოადგენდა?
- დიახ, ასეა, მაგრამ ლანჩხუთის გუნდი მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლებოდა და ამის გამო იჩაგრებოდა. ლანჩხუთისთვის 2 ხმა საშიში პრეცედენტი იქნებოდა. ასეთი მიდგომაა ყველა უბედურების თავი და თავი. მაშინ მოხდა დანაშაული, სახელმწიფო ფეხბურთში ღიად ჩაერია და არჩეული პრეზიდენტი უტიფრად მოხსნეს.

აქ მეორე საკითხია, თავად ფედერაცია რატომ არ არის დაინტერესებული, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ხმის გარეშე არ იყოს დარჩენილი? ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს და "გურიას" ხმის უფლება დაუბრუნდეს.

რამდენი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ "გურიის" ხმის უფლების გარეშე დატოვება დანაშაულია, რადგან მას ეს ეკუთვნის.

რაღაც ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს, "გურიას" კი ხმა დაუბრუნდება.

* * *
გურიის რეგიონული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დურმიშხან ჩხაიძე ძველ ამბებს იხსენებს:

"სულ მაინტერესებს, ლანჩხუთისადმი ასეთი დამოკიდებულება ხომ არ არის 2007 წლის არჩევნების დროს მომხდარი მოვლენების გაგრძელება?

ყრილობაზე დელეგატის წარდგენის უფლება იმიტომ დავკარგეთ, რომ პირველ ლიგაში დიდხანს ვთამაშობდით, ყრილობაზე კი ხმის უფლება მხოლოდ უმაღლესლიგელებს ჰქონდათ, ხოლო პირველ ლიგას პროფესიული ფეხბურთის ლიგა წარმოადგენდა. მაგრამ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მიუხედავად, ხმა მაინც არ მოგვცეს. ასე მოხდა ბათუმის "დინამოს" შემთხვევაშიც.

ვერ ვხვდები, ეს რომელი გენიოსის გადაწყვეტილებაა?! მართლა საკითხავია, ჩვენ კეთროვანები ვართ თუ რატომ არ გვაქვს არჩევნებში საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება?

ალბათ, ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა, თორემ კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს".

* * *
კომენტარი ლანჩხუთის "გურიის" სპორტულ დირექტორ ედიშერ ჟორდანიასაც ვთხოვეთ:

"ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატი უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს, მაგრამ ჩვენ მანდატი არ გვაქვს, გურიის რეგიონს კი ყრილობაზე მხოლოდ ერთი დელეგატი წარმოადგენს.

ეს საკითხი ადრეც დავსვით, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ფეხბურთის მომავალზე "გურიის" და ჩვენი რეგიონის აზრი არ აინტერესებთ და უნდათ, რომ ძველებურად საკითხი 35-მა კაცმა გადაწყვიტოს.

ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში სუბიექტად არ გავწევრიანდით. საამისოდ ლიცენზიაა საჭირო, ჩვენ კი ვერ გავიარეთ ეს საფეხური და აქეთ დაგვაჯარიმეს.

ადრეც ვთქვით და პასუხი ვერ მივიღე - უმაღლესი ლიგის კლუბს ყრილობაზე ავტომატურად ხმა თუ ეკუთვნის, მაშინ ეს პროცედურა რა საჭიროა? ფაქტია, ტრადიციული კლუბი გერის როლშია. ამიტომ კიდევ უფრო აქტუალური ჩანს მოთხოვნა, რომ ყრილობაზე ხმის უფლება საფეხბურთო სკოლებსა და პირველ-მეორე ლიგების კლუბებსაც მიეცეთ.

ქართული ფეხბურთისთვის "გურიას" რაღაც გაუკეთებია და თავის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ლოკომოტივი" რაგბიში კი, მაგრამ ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში არასდროს!!!
გიორგი
11:50 21-08-2015
0
გურიას უნდა მაფიოზი ჟორდანია შემიგვტენოს, ბარემ ვარდიკო ნადიბაიძე დაგვებრუნებინა თავდაცვის მინისტრად!
0

სიახლეები პოპულარული