"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."

AutoSharing Option
სანამ მედია რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის მოსალოდნელ ბრძოლაზე ლაპარაკობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველ კანდიდატად უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დარეგისტრირდა.

მან სფფ-ის გენერალურ სამდივნოში განაცხადი შეიტანა - უეფასა და "დინამო არენის" მედიაოფიცრის კანდიდატურა საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" წარადგინა.

"გაგრას" წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ კლუბის თავკაცთა ამ ნაბიჯის მოტივი ახსნა: "ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კვარაცხელია ღირსეული კანდიდატია. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ, უეფაშიც დიდი ნდობა აქვს, ახლა კი ევროპის სუპერმატჩის შეხვედრას თავისი კუთხით ჩინებულად გაართვა თავი. ამის გამო მიგვაჩნია,
რომ კვარაცხელია არჩევნებში მონაწილეობას იმსახურებს. ვიცით, რა პრიორიტეტები აქვს, რაზე აკეთებს აქცენტს და ეს ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია".

თავად კვარაცხელია სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს ასე ხსნის:

- მე გახლავართ საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და, შესაბამისად, ფეხბურთის განვითარებაზე საკუთარი ხედვა მაქვს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი იმან განაპირობა, რომ მსურს, 1990 წელს გამოცხადებული იდეალები აღვადგინოთ და მაშინდელი იდეები განვახორციელოთ.

სამწუხაროდ, გადის წლები და აშკარაა, რომ ქართული ფეხბურთი იმ იდეალებს ძალიან მოწყდა.

- საინტერესოა, "გაგრამ" რომ წარგადგინათ. თანაც, პირველი რეგისტრირებული კანდიდატი ბრძანდებით...
- ძალიან ამაყი ვარ, რომ სწორედ "გაგრამ" წარმადგინა და გამარჯვებისთვის არაფერს დავზოგავ. ამ კლუბის მიერ წარდგენა ნებისმიერ კანდიდატს ანალოგიურ განცდას გაუჩენდა. მაშინ, როცა მთელი საფეხბურთო საქართველო კობიაშვილის, ჟორდანიასა თუ არველაძის შანსებზე ლაპარაკობს, მამუკა კვარაცხელიამ ყველას დაასწრო და პირველმა წარადგინა ოფიციალურად კანდიდატურა. ეს მისია იტვირთა "გაგრამ" და მისმა წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც კლუბის პრეზიდენტის, ბესიკ ჩიხრაძის დასტურით ფედერაციაში ჩემი კანდიდატურა დაარეგისტრირა...

მაშინ, როცა ოფიციალური გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტს აღელვებს ტერიტორიული მთლიანობა და დაკარგული აფხაზეთი თუ სამაჩაბლო, ბესიკ ჩიხრაძე უკვე ათი წელია, საკუთარი ხარჯებით, ლაბა ხარივით ეწევა ყველაზე დიდი ქართული საქმის ჭაპანს. მან მთელ ევროპას გააცნო სახელი - გაგრა და ევროთასებზეც ათამაშა, მაშინ, როცა სახელმწიფო ამ თავდადებულ ადამიანს ერთ თეთრსაც არ აძლევს.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ?
- 25 წელია ქართული ფეხბურთის დაღმასვლას ვუყურებ და მე, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, არ მქონდა უფლება, არჩევნებში მონაწილეობა არ მიმეღო, რადგან არავისთან არ მაკავშირებს არავითარი ვალდებულება, გარდა ქართველი გულშემატკივრისა!

- საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტებად რევაზ არველაძესა და ლევან კობიაშვილს მიიჩნევენ. თქვენი აზრით, მოგების რა შანსი გაქვთ?
- წავიდნენ სააკაშვილები და ადეიშვილები და იმედი მაქვს, პატიოსანი არჩევნები ჩატარდება.

- ფედერაციაში მისვლის შემთხვევაში, რის შეცვლას აპირებთ?
- პირობას გაძლევთ, ქართული ფეხბურთი ძალიან მალე დაანახვებს ყველას, სად არის მისი ადგილი! ფეხბურთი ისევ გახდება საქართველოში სპორტის ნომერი პირველი სახეობა და ისევ დაუბრუნდება მაყურებელი სტადიონებს, ხოლო ბესიკ ჩიხრაძეს, რომან ფიფიას, ილია კოკაიას, გურამ რუხაძეს, ფრიდონ ინჯიას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ლექსო თოფურიას, ვახტანგ წერეთელს აუცილებლად წარვადგენ სახელმწიფო ჯილდოზე, რადგან რომ არა ეს ხალხი, ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ გვექნებოდა!

დაწყებული მაქვს და მალე გავაგრძელებ შეხვედრებს ფედერაციის წევრებთან და გავაცნობ ჩემს ხედვებს. რესურსი უდიდესია და მას მხოლოდ სწორ კალაპოტში უნდა ჩასმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უაღრესად პატიოსანი, პატრიოტი კაცია, რაც მთავარია, პროფესიონალი!!! წარმატებებს ვუსურვებ!
დათო
18:02 24-08-2015
0
თუ კოკაიას,რომელმაც ზესტაფონის ფეხბურთი გაანადგურა და მიწასთან გაასწორა,ორდენით დააჯილდოებ,მაშინ არჩევნებზე აუცილებლად მიიღებ იმდენ ხმას,რაც ერთხელ უკვე მიიღე წინა არჩევნებზე-დიიდ 0-ს(ნულს)
ზესტა
19:05 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული