ვისთან წავა "ზესტაფონის" ხმა? სიჭინავა სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია კოკაია და ზვიად სიჭინავა
"ზესტაფონმა" ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტად აღიდგინა თავი და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლებაც დაიბრუნა.

"ლელო" წერდა, რომ არჩევნებში ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტიდან 34 იმიტომ დარჩა, რომ სფფ-ის აღმასკომმა წინა გათამაშებიდან "ზესტაფონი" მოხსნა და ხმის უფლებაც შეუჩერა. მაგრამ კლუბმა მეკარეთა ყოფილ მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს სახელფასო დავალიანება გაუსტუმრა და ყრილობაზე ხმის უფლების აღდგენაც მოითხოვა.

"ზესტაფონის" საკითხი სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე 27 აგვისტოს განიხილეს. მართალია, იმერული კლუბის ფანები ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, მაგრამ ბოლოს კულუარულად შეიტყვეს, რომ
საქმე კარგად იყო და აქცია აღარ გაიმართა.

როგორც გაირკვა, ფედერაციის აღმასკომის წევრებმა "ზესტაფონის" წევრობის აღდგენას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ:

"აღმასკომის ძველ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ "ზესტაფონი" ოდიკაძის დავალიანებას თუ დაფარავდა, ასეთ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება დაუბრუნდებოდა. "ზესტაფონმა" დავალიანება გაისტუმრა და, შესაბამისად, აღუდგა ხმის უფლებაც. ამიტომ ვფიქრობ, როგორც პრესაში ეწერა, სამართლიანობა აღდგა.

არა მგონია, "ზესტაფონმა" დავალიანება საარჩევნო ხმის მიღების გამო დაფარა. არც ის მგონია, რომ ასეთ დროს ვინმე საარჩევნო ხმაზე ფიქრობდეს. ეს ნაბიჯი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გადაიდგა. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი იყო და საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით გამოდიოდა.

ვფიქრობ, დასრულდა გაუგებრობა და მოვიდა დრო, კლუბმა ნორმალურად იარსებოს", - ამბობს სიჭინავა.

საინტერესოა, რომ ამ გამოსვლას წითელ ხაზად გასდევს არჩევნებზე ფიქრი, რადგან "ზესტაფონმა" სფფ-ის სუბიექტის სტატუსის აღდგენა მოითხოვა და არა - ყრილობაზე ხმის უფლება. დელეგატის სტატუსი ეს მხოლოდ შემდგომი პროცედურაა. მაგრამ რას იზამ, ახლა მთავარი საფიქრალი სწორედ არჩევნებია და ამაში ვერავის გავამტყუნებთ.

სიჭინავას შემდეგ ჟურნალისტებს სფფ-ის გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია ელაპარაკა და განმარტება გააკეთა ბოლო დროს დასმულ კითხვაზე - როგორ მონაწილეობს გუნდი სფფ-ის ტურნირებში, თუ მისი სუბიექტი არ არის?

"სფფ-ის წევრობა არ ნიშნავს, რომ კლუბმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში. თუ დაგვიანებული არაა, "ზესტაფონს" შეუძლია, მეორე ლიგიდან დაიწყოს ასპარეზობა. მაგრამ მათ გეგმებზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ", - თქვა შენგელიამ.

რა გეგმები აქვს "ზესტაფონს", ამაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა გვითხრა:

"აღმასკომის გადაწყვეტილებამ გაგვახარა. ახლა დაველოდებით ყრილობის შედეგებს და გამარჯვებულის საარჩევნო პროგრამას. ბევრი იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს პოზიციაზეც. ვნახავთ, ფეხბურთის განვითარების რა პროგრამას შემოგვთავაზებენ. ასეთ შემთხვევაში, დავფიქრდებით, ღირს თუ არა ფეხბურთში თანხის დაბანდება".

ახლა, როცა "ზესტაფონს" ხმა აღუდგინეს, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს მოწინააღმდეგე შეემატა, მის კონკურენტ ლევან კობიაშვილს კი - მომხრე. მაგრამ კიდევ ერთი კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას თქმის არ იყოს, სუბიექტობა უნდა მოითხოვონ უმაღლესი ლიგის შვიდმა და პირველი ლიგის კლუბებმაც.

ჩვენი ინფორმაციით, კლუბებს ამ უფლებით სარგებლობა სურთ და ფეხბურთის ფედერაციას სუბიექტად მიღების მოთხოვნით უკვე მიმართეს კიდეც. ასე გადაწყვიტეს "საბურთალომ", ბათუმის "დინამომ", "ჩიხურამ", "შუქურამ", "გურიამ", "ლოკომოტივმა" და "საპოვნელამ". მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყრილობაზე ძალთა ბალანსი გარკვეულწილად შეიცვლება.

მოკლედ, აღდგება თუ არა სამართლიანობა, ამას დრო გამოაჩენს. არადა, ლოგიკური იქნებოდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებში მონაწილე კლუბი ამ ფედერაციისვე წევრი იყოს. სხვა თუ არაფერი, სფფ-ის მომავალ პრეზიდენტს უნდა მოეთხოვოს, რომ საქმიანობის პერიოდში მიზნად სუბიექტების გაზრდა დაისახოს, თორემ წლები გადის და არაფერი იცვლება, ქართული ფეხბურთის ბედს ერთი და იგივე ხალხი წყვეტს, ხოლო თუ როგორ წყვეტს, ეს შედეგებიდანაც ჩანს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოაშორეთ არველაძე
vasko
17:00 28-08-2015
0
ამატ არ დაგუპეს ზესტაფონი
gurami
18:32 28-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული