პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი: ვიწყებ!

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კობიაშვილის გუნდში დავით მუჯირიც (მარჯვნივ) იქნება
ლევან კობიაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს. ეროვნული ნაკრების რეკორდსმენმა (100 მატჩი ქვეყნის მთავარ გუნდში) ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ეს თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩის მიმდინარეობისას მოხდა.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, ის შეხვედრებს ორშაბათიდან დაიწყებს.

"ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, ოფიციალურად დავრეგისტრირდები კანდიდატად.

ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელთან. მინდა, რომ მათ იცოდნენ, თუ როგორ წარმომიდგენია სამოქმედო გეგმა,
რას ვაპირებ და რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა მისი უკეთესი მომავლისთვის.

ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ", - ამბობს კობიაშვილი.

საინტერესო წერილი გამოაქვეყნა პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა "ბერლინერ ცაიტუნგმა" სათაურით - "მსოფლიოს მეტი კობიაშვილი სჭირდება".

"რამდენიმე კვირაა, რაც ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფიფაში კორუფციისა და პირადი ინტერესების გატარების მცდელობების შესახებ ინფორმაციები მიეწოდებათ. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ასაკოვანი მამაკაცების ჯგუფი წლების განმავლობაში საკუთარ ჯიბეს კანონის გვერდის ავლით ივსებდა.

საბედნიეროდ, სპორტის ეს სახეობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი თაღლითი და ამ განსაცდელსაც გაუძლებს. სწორედ ამიტომ, დროულია, სამაგალითო ვეტერანი ფეხბურთელები დღეს გზას საფეხბურთო ორგანიზაციების ინსტანციებში რომ იკაფავენ.

ლევან კობიაშვილსა და მის თანამოაზრეებში ქონების მოხვეჭის სურვილს სპორტის სიყვარული ნამდვილად სჭარბობს. სწორედ რომ ასეთი ადამიანები სჭირდება სპორტულ ორგანიზაციებს. ამ შემთხვევაში კორუფციისა და თაღლითობის რისკიც ნაკლები იქნება", - წერს გამოცემა.

კობიაშვილის კონკურენტი, სფფ-ის ჯერაც მოქმედი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე კი დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" თავის მომხრეებს შეხვდება და საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მანამდე კი ის მონაკოს "გრიმალდი ფორუმში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასა და 2014/15 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას დაესწრო.

არველაძის თქმით, ღონისძიების დაწყებამდე უეფას მაღალჩინოსნებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მან არ დამალა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა სფფ-ის არჩევნები იყო.

შეხვედრებს გეგმავს მამუკა კვარაცხელიაც.

მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის დანარჩენი კანდიდატების (თუ შესაძლო კანდიდატების) შესახებ. ჩაერთვებიან თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მერაბ ჟორდანია და ლევან ყიფიანი, ეს უახლოესი დღეების მთავარი ინტრიგაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კობი ღირსეული კანდიდატია არველაზეს როგორ არ ცხვენია არაფრისმაქნისია თუ საქმის გაკეთება უნდოდა ამდენი ხანია ამ სფეროშია და ხმას არ იღებს ანუ ფულს აკეტებდა?
გელა
13:08 01-09-2015
0
ჯობია გერმანელები მოიყვანოს თანამშრომლებად იკნებ ჩაწყობა და დისწიპლინაც გამოასწოროს და ფინანსების სწორი მართვა ისე არაფერი შეიცვლება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული