კობიაშვილი და "დინამო": ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა!

AutoSharing Option
ფოტოზე: რომან ფიფია და ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციასთან
როგორც ორშაბათს დაანონსდა, 1-ელ სექტემბერს ლევან კობიაშვილის კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციაში ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა თბილისის "დინამომ" წარადგინა - ამით საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. კობიაშვილამდე პრეზიდენტობის კანდიდატებად ფედერაციის მოქმედი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დარეგისტრირდნენ.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად თბილისის "დინამომ" წარმადგინა. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად
ნაყოფიერად გამოვიყენებ და შევხვდები ფედერაციის ყველა სუბიექტს, კლუბებს, რეგიონულ ფედერაციებს, ასოციაციებს, გულშემატკივრებსა და ვეტერან ფეხბურთელებს. მათი მხარდაჭერის იმედიც მაქვს.

მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ჩატარდება. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება", - ამბობს კობიაშვილი.

რომან ფიფიამ არჩევნებში კობიაშვილის გამარჯვების იმედი გამოთქვა:

"მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან ცვლილებების მომხრე ვარ და ჩვენი გამარჯვებისაც მჯერა. დიახ, ქართულ ფეხბურთში ნამდვილად ცვლილებების დროა და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, თანაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

სახელმწიფო არჩევნებში არ ერევა და არც ჩაერევა. ასეთია ლევანის და სპორტის სამინისტროს პოზიცია".

ფეხბურთის ფედერაციასთან კობიაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი - თბილისისა და ბათუმის "დინამოების", "ზესტაფონის", "ზუგდიდის", "გურიის", ხობის "კოლხეთის", მარტვილის "მერანის", ოზურგეთის "მერცხალისა" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" გულშემატკივრები. აქციაზე იმყოფებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც - რატი ალექსიძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ლაშა სალუქვაძე, ზაზა ზამთარაძე, გია კვარაცხელია, დათო მუჯირი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელი გარემოცვა ყავს (არადა ამის იმედი მქონდა) :( კიკნაძე მუჯირი ზამთარაძე :( ერთი დემეტრაძე აკლია მაგ კამანდას და ეგაა კაზინოდ გადაკეთდეს ბარემ ფედერაცია :(
-_-
02 სექტემბერი 2015 13:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული