ლანჩხუთის "გურიის" ხმა ლევან კობიაშვილს... მაგრამ ხმა ჯერ არ არის

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კობიაშვილის შეხვედრა რეგიონულ ფედერაციებთან
ლევან კობიაშვილი
წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მან თავისი პროგრამა რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს გააცნო.

ერთი შეხედვით, ეს შეხვედრა არც უნდა შემდგარიყო, რადგან რეგიონების ფედერაციების თავკაცები რევაზ არველაძეს მხარს ღიად უჭერენ. მაგრამ კობიაშვილი მათთან და კონკურენტის სხვა მხარდამჭერებთან დალაპარაკებას მაინც სავალდებულოდ მიიჩნევს და თავს არ არიდებს. ისიც ჩანს, რომ რევაზ არველაძესთან "იმედში" (ბევრის შეფასებით) წარმატებული ტელედებატების შემდეგ ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი უფრო თავდაჯერებული ხდება.


შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. უპირველესად, მათ ჩემი ზოგადი ხედვა გავაცანი და სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.

ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით, რომელშიც მოიაზრება რეგიონული ცენტრების შექმნა, რაც რეგიონალურ ფედერაციებთან უშუალო კავშირში იქნება. პროექტი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ბავშვთა საფეხბურთო სწავლების პროფილის ჩამოყალიბებას. დეტალურად და სტრუქტურულად გაწერილია ყველა სამოქმედო ნაბიჯი", - თქვა კობიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ის შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:

"შედეგი პოზიტიურია, რადგან მოვისმინე რეგიონების წარმომადგენელთა მოსაზრებები და პრობლემები, ვუპასუხე მათ კითხვებს. ჩვენი ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება. ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას".

სულხან გოგიბერიძე, აჭარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი: "კობიაშვილმა თავის ხედვა გაგვაცნო და შეგვპირდა, რომ მზა პროგრამით რეგიონებს გვესტუმრება. ჩვენ კი ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გავეცნობით და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მივიღებთ. ალბათ, ღირსეული გაიმარჯვებს".

გრიგოლ ცაავა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ამ კაცმა გადაწყვიტა, რომ ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს და თავისი ნიჭი და გამოცდილება მას მოახმაროს".

ლანჩხუთის "გურია" კი, ხმის უფლების დაბრუნების შემთხვევაში, მხარს ლევან კობიაშვილს დაუჭერს. "გურიის" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძე: "ჯერ სხვა სასურველი კანდიდატი არ ჩანს. რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა ყველასთვის დაუკითხავად არველაძე წამოაყენა, ისე რომ, აღმასკომის წევრებმაც არაფერი იცოდნენ.

მერაბ ჟორდანიამ სურვილი დააფიქსირა, მაგრამ ჯერ სარბიელზე არ ჩანს. კობიაშვილის პროგრამა კი მისაღებია. ხმის უფლების დაბრუნების შემთხვევაში, ხმას მას მივცემთ, რადგან ის პროფესიონალია, აქვს გამოცდილება და იცნობს ქართულ და უცხოურ ფეხბურთს. თანაც, ახალი სისხლი გვჭირდება. იმედი გვაქვს, მის ხელში ყველაფერი კარგად იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი საჯდომს ათამაშებენ თუ რა არის? რომელი კანდიდატიც ჩადის ყველას ხმას პირდებიან? ყველაფერში ერთნაირი სიტუაციაა ამ ქვეყანაში...........
zura
20:17 03-09-2015
0
იმერეთის და ტორპედოს ხმა კობიაშვილს, და გერმანულ განვითარებულ მოდელს.
მამუკი ქუთათელი
17:49 03-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული