ლევან კობიაშვილი: ამ ხმებს არ დაუჯეროთ!

AutoSharing Option
სამწუხაროდ, არახალია, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს ბრალდებები და ტყუილები. ნელ-ნელა ამუშავდა შავი პიარის მექანიზმი და ცდილობენ, ამა თუ იმ კანდიდატს ტალახი მოსცხონ. მთავარი სამიზნე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილია, რომელსაც ათასგვარ ბრალდებას უყენებენ.

ერთ-ერთი ბოლო ბრალდება ის არის, თითქოს, პოსტზე არჩევის შემთხვევაში კობიაშვილი მხოლოდ თავის სამეგობროზე აპირებს დაყრდნობას.

მართლაც და, დავინტერესდით, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს კობიაშვილის გუნდში, რომელმაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს.

კობიაშვილმა კითხვას მკვეთრი პასუხი გასცა:

"მე ვამბობ, რომ სისტემა შესაცვლელია, მაგრამ
სულაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციაში ყველა უნდა შევცვალოთ და გავყაროთ. ეს დიდი სიბეცე იქნებოდა, რადგან ფედერაციაში ბევრი პატიოსანი და პროფესიონალი მეგულება.

ვაპირებ დავეყრდნო სწორედ პროფესიონალებს, რადგან ისინი საქმის ყველაზე დიდი მეგობრები არიან. ასე რომ, ამ ხმებს არ დაუჯეროთ", - ამბობს კობიაშვილი.

მან თავისი პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე ილაპარაკა:

"ქართული ფეხბურთი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და სწორედ ახლაა საჭირო სწორი მოქმედება და იმ ფუნდამენტის ჩაყრა, რაც მომავალში შედეგს მოიტანს. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი სტრატეგია ფეხბურთის წინსვლას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უპირველესად, სისტემური ცვლილებების გატარება მსურს. კარგად მაქვს ჩამოყალიბებული მმართველობის სისტემა - გამჭვირვალობა, ჩართულობა, გუნდური მუშაობა, კანონის უზენაესობა, პასუხისმგებლობა...

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ეროვნული ჩემპიონატის დონის გაზრდა. ამ მიმართულებით გამოცდილება მაქვს, ვარ ბერლინის "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი და მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნით, გამოცდილებითა და გუნდური მუშაობით, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას შევძლებთ".

კობიაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარება რეგიონებში:

"წლებია, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კარგი ურთიერთობები მაქვს და ამას ჩვენი ფეხბურთისთვის გამოვიყენებ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მქონდა საუბრები ამ თემაზე და ისინი მზად არიან, ჩვენთან ითანამშრომლონ, იქნება ეს პროექტები, მათი მოდელის გადმოტანა აქ თუ სხვა.

მე მზად ვარ, ყველა ჩემი რესურსი ჩავრთო და ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმარო. განსაკუთრებით, მათი ის მოდელი მომწონს, რომელიც რეგიონული ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. მაგრამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, აუცილებელია თანაბარი საარჩევნო გარემო.

უპირველესად, მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი პირობები, რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პროგრამის წარმოდგენის შესაძლებლობა და დელეგატებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც შიდა სამზარეულოდან გავიგე კობიაშვილი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტებად ცქიტიშვილის (...., ფუტსალში პრეზიდენტობის დროს ისედაც მწირი ბიუჯეტის მღრღნელი) და დემეტრაძის( ტოტალიზატორის იგროკი, კრიმინალური სამყაროს მოტრფიალე და შემტენი) დანიშვნას აპირებს. კობი ეს თუ მართალია რეზი არველაძის მოსვლა გვირჩევნია ისევ პრეზიდენტად.
georgiano
14:55 12-09-2015
0
ბავშვთა ფეხბურთს ესეც აღარ ახსენებს.რა ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს რო არ დაიკარგონ ტალანტები უსახსრობის გამო.ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადაამზადონ საზღვარგარეთ და ხელფასიც ნორმალური მისცენ რო არ ეტენებოდნენ ფულიან მშობლებს.ნაცნობობით ბავშვების გუნდის ძირითადში დაყენება არ უნდა ხდებოდეს რაც ხშირია დღესდღეობით.ნახოს ვინმემ რა ხდება სკოლებში ,შეიქმნას კომისია და დაიცვან ბავშვები ჩაგვრისგან .
Zviad
15:20 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული