შესაძლოა, 14 სექტემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს!

AutoSharing Option
სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართა - როგორც თქვა, მედიასთან ბოლო შეხვედრა უმნიშვნელოვანესი სიახლეებით იყო გამოწვეული.

ინკოგნიტოდ მოწოდებული ამბავი
ეს ამბავი ფედერაციიდან ინკოგნიტოდ მომაწოდეს: როგორც ვვარაუდობდი, სიჭინავას თეატრალური გადადგომის ცრუ მიზეზების შესახებ სფფ-სგან წერილი უეფას მაშინვე გაეგზავნა.

შეგახსენებთ, რაც ვთქვი: კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ და ამიტომ მიბაძონ გუბერნატორებმა იმერეთის გუბერნატორს, გოგი ჭიჭინაძეს და რეგიონის ყველა კლუბებს ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე მიმართონ-მეთქი. იმიტომ, რომ მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, გუბერნიების მეშვეობით დაერიცხებათ.

ბატონმა ზვიადმა ორი
დღის მერე მოიტყუა და გადადგომა ჩემი განცხადებით ახსნა, გუბერნატორის ჩარევა არასწორად მიმაჩნიაო. უეფას საპასუხო წერილი თავადაც გავაგზავნე, რათა ფედერაციის და სიჭინავას სიცრუე ძირშივე უნდა აღმოიფხვრას! წერილში ჩემი სიმართლის გარდა, იმასაც ვასაბუთებ, თუ რატომ არ აძლევს ფედერაცია მისსავე კლუბებს წევრობას.

გარდა ამისა, დაწვრილებით აღვწერე მომავალ არჩევნებში სფფ-ს წესდებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

გურიის ხმა ფაფუ?
კიდევ ერთი საკითხი: როგორც გითხარით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფედერაციის წესდების მეხუთე მუხლის მე-16 პუნქტი დაარღვია და სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე, დელეგატად კი - გოჩა ტყებუჩავა ერთპიროვნულად, გამგეობასთან შეუთანხმებლად წარადგინა.

საჯარო რეესტრიდან 10 სექტემბრის ოფიციალური განცხადება მოვიპოვე, სადაც შავით თეთრზე წერია: პრეზიდენტს არ გააჩნდა უფლებამოსილება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ეს კი ნიშნავს, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ანულირებულია.

აქვე მივმართავ ბატონ კახა ებრალიძეს - სახელმწიფოს ჩარევის რამე ოფიციალურად დამადასტურებელი ფაქტი თუ გაგაჩნიათ, შევხვდეთ და უეფას წერილი ერთად გავუგზავნოთ. პირობას გაძლევთ, ამ ამბავში თქვენს გვერდზე დავდგები.

ხელფასებს რა ვუყოთ?!
მერამდენედ ვლაპარაკობ, სფფ-ს ეთიკის კოდექსის მე-3 და მე-5 მუხლები დაინტერესებულ პირთა დელეგატად მივლინებას პირდაპირ კრძალავს!

ფედერაციის მუშაკების ხელფასების შესახებ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად მოვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ რეგიონულმა ფედერაციებმა, თუ სფფ-ს სხვა წევრებმა, ყრილობაზე მინიმუმ, 5 ისეთი დელეგატი მიავლინეს, რომლებიც ფედერაციაში ოფიციალურად მუშაობენ და ხელფასს იღებენ!

მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნებები ჩემთვის ძალიან პატივსაცემები არიან, კატეგორიულად ვაცხადებ, მათ ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ! მითუმეტეს, გოჩა ტყებუჩავას, რომლის დანიშვნითაც გურიის რეგიონული ფედერაციის წესდებაც დაარღვიეს და სფფ-ს ეთიკის კოდექსიც.

მოდით ფედერაციასთან!
შესაძლოა, 14 სექტემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს. ამ დღეს, 15 საათზე, სფფ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელმაც უნდა მიმართოს სფფ-ს 3 ოქტომბრის ყრილობას - მიიღოს ან არ მიიღოს ქართული კლუბები სფფ-ს წევრებად.

განაცხადი უკვე უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის 24-მა გუნდმა შეიტანა.

მივმართავ გულშემატკივარსა და კლუბების ხელმძღვანელებს: ჩემი აზრით, აღმასკომზე კლუბების გამოცხადება საჭიროა, რათა მის წევრებს სიმართლე დაუსაბუთონ და ერთად ვნახოთ, რისთვის ჰყავს სფფ-ს აღმასკომი - საკუთარი კეთილდღეობისა თუ ქართული ფეხბურთისთვის წინსვლისთვის!

თუ აღმასკომი ყრილობას ამ საკითხს გადასცემს - მაშინ ყრილობაზე საკუთარი კლუბები წევრად რა უფლებით არ უნდა მიიღონ? ამ კლუბების ბევრ წარმომადგენელს ვესაუბრე და ერთის გარდა, ფაქტობრივად, ყველა სფფ-ს წარდგენილი კანდიდატურის მოწინააღმდეგეა - ეს კი არჩევნებში დელეგატთა მატებას და სფფ-ს ხელმძღვანელების დამარცხებას მოასწავებს!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი-ორი კიდევ რომ იყოს კვარაცხელიას ნაერი ვინც ხმამაღლა ილაპარაკებს იმ სიბინძურეზე რაც ფედერაციაში ხდება, ნამდვილად ეშველება ქართულ ფეხბურთს! მაგრამ რა ქნას ამ კაცმა სულ მარტო იბრძვის :(
გიორგი
19:39 14-09-2015
0
აი ეს კაცი თუ უშველის ქართულ ფეხბურთს. რა არველაძე, რის კობიაშვილი.. აა კაციიიიიიიიიი!!! მუგოკო წიე მაგლითად, აააააააააააააააა!!!
zuku
14:12 14-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული