რატის უთამაშია თბილისის "დინამოში", "ჩელსიში", "როსტოვში", თბილისის "ლოკომოტივში", უნგრულ "დიორსა" და გორის "დილაში". საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ალექსიძემ 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
მისი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ყველას გვინდოდა, მაგრამ ვისაც რატის თამაში ახსოვს, დაგვეთანხმება - ის არავის ჰგავდა მინდორზე, არასდროს ნებდებოდა და სასტიკად არ უყვარდა წაგება...
- რატი, საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს ნახავდით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- რომ არ დავმალო, მომეწონა ჩვენი ნაკრების თამაში. მეტი შეტევა იყო, მეტი კრეატიულობა. უფრო მომეწონა, ვიდრე ადრე.
- შეტევაში უკეთესობა შენიშნეთ?
- კი, რა თქმა უნდა. საუკეთესო თავდაცვა შეტევაა - რაც ფეხბურთი არსებობს, ეს გამონათქვამიც არსებობს და ვეთანხმები ბოლომდე. თუ არ შეუტიე, თამაშს ვერ მოიგებ. ეს ხომ ცხადზე ცხადია.
- თქვენს თაობაში არაერთი ინდივიდუალისტი იყო, თავი რომ დავანებოთ თქვენს წინა თაობას. ახლა თუ ხედავთ საქართველოს ნაკრებში ისეთ ფეხბურთელს, მარტოს რომ შეუძლია ბევრის გაკეთება?
- ჩემი თაობა მართლაც მდიდარი იყო და ჩემი წინა თაობაც. საერთოდ, ჩვენ გენში გვიზის შეტევა და ინდივიდუალიზმი. საქართველოს ნაკრები იქნება თუ რომელიმე ჩვენი კლუბი, უნდა უტევდეს, უნდა იყვნენ ინდივიდუალისტები...
უშუალოდ თქვენს კითხვას კი ასე ვუპასუხებ - რა თქმა უნდა, ამ თაობაშიც არიან ინდივიდუალისტები, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე ჩემს დროს იყვნენ. ეს ფაქტია. ჩვენს დროს ერთი გუნდი ვიყავით მინდორზეც და მინდვრის გარეთაც. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძმაკაცები ვიყავით ერთმანეთის. მჯერა, ახლაც ასეა.
- რა კომპონენტში უნდა გააუმჯობესოს თამაში ეროვნულმა გუნდმა?
- მეტი "სინაგლე" უნდა გამოიჩინონ ფეხბურთელებმა. მე შემთხვევით არ გამოვიყენე ეს სიტყვა. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს მეტად წარმოდგენილი საქართველოს ნაკრების თამაშში.
ისე, ყველაფერი ჩანს, საით მივდივართ, რა ფეხბურთი გვინდა, რომ ვითამაშოთ. ფეხბურთელებმა მეტი უნდა გაბედონ, მათ ეს შეუძლიათ...
- რატი, როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა წარმატებამდე თქვენს თაობას, რატომ ვერ გაახარა მან ქართველი გულშემატკივარი?
- იმდენად რთული და ტევადი კითხვაა, რომ შეიძლება საათები ვისაუბროთ, მე ჩემი ვთქვა, სხვამ თავისი, თქვენ - თქვენი... მოკლე პასუხში რომ ჩავეტიო, მე მაინც ასე მგონია: ყველამ დავაკელით რაღაც საერთო საქმეს და საბოლოო ჯამში ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომელიც მივიღეთ.
სამწუხაროდ, ჩვენ, ყველა, გვიან მივხვდით, რომ ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანი და მსხვილმანი, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნიუანსები. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და მათი ერთობლიობიდან ვიღებთ საერთო სურათს... ზოგი რამ ფეხბურთელებმა დავაკელით. ზოგიც, შესაძლოა, მწვრთნელებმა, ზოგიც "ზემოდან" დააკლეს... ძალიან, ძალიან მწყდება გული ამის გამო, მაგრამ... რას ვიზამთ... დროს ვერავინ დააბრუნებს უკან.
- ვიცი, ფანატიკურად გიყვართ ფეხბურთი. მის გარეშე არ გიჭირთ?
- "მიჭირს" - ეს ის სიტყვა არ არის... არაფერია იმაზე დამაღონებელი, როცა გრძნობ, რომ ვერ ითამაშე ისეთი ფეხბურთი, როგორიც უნდა გეთამაშა. კი, რაღაც დონეზე ვითამაშე, ვიყავი "ჩელსიში", მაგრამ ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ ეს არ იყო რატი ალექსიძის მაქსიმუმი. პირველ რიგში, ჩემს თავს დავაკელი...
3 ვაჟი მყავს, ორი მათგანი "საბურთალოს" სკოლაში დადის ფეხბურთზე. ღმერთმა ქნას, მათ ამომივსონ გულში დარჩენილი ის სიცარიელე, რომელიც ასე ძალიან მაწუხებს. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მათ უნდა შეძლონ და ითამაშონ ფეხბურთი.
- მონაცემები აქვთ?
- კი, ნამდვილად აქვთ... სამივე მარცხენაა. მე მეიმედება მათი...
- თავიდან რომ იწყებდეთ კარიერას, ბევრ რამეს შეცვლიდით?
- ბევრს, ძალიან ბევრს! ახლა ყველა ნიუანსი რომ მოგიყვეთ, ძალიან შორს წავალთ, მთავარს ვიტყვი მხოლოდ - პირველ რიგში, ვიცხოვრებდი ფეხბურთით და მხოლოდ ფეხბურთით! ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში მთავარზე მთავარი. ამის შემდეგ ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩემთვის ყველაფერი.
ახლა მეორე მომენტი - თავის დროზე, "ჩელსიში" რომ მივედი, არ ვიყავი საკმარისად "ნაგლი" და ამან ძალიან უკან დამწია. არადა, ლონდონში ყველა ძალიან კარგი თვალით მიყურებდა. მაინც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. პირობითად ვიტყვი - "ჩელსის" მაშინ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა. როცა იცი, რომ შენს თანაგუნდელში 20 მილიონია გადახდილი და შენში, ვთქვათ, მილიონი, მორიდებით ხარ. არადა, თურმე არანაირი მორიდება!
ამიტომ გითხარით წეღან, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაშის დროს მეტი "სინაგლე" უნდა გამოიჩინონ-მეთქი. დიახ, როცა ფეხბურთელი ხარ და მინდორზე გადიხარ, არანაირი მორიდება!
ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ რომ მეფიქრა იმდენი, დამიჯერეთ, დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. არ ვაჭარბებ...
- მაშინ დროც სხვა იყო...
- რა თქმა უნდა, ყველაფერში ამანაც შეიტანა წვლილი. აგერ, მომავალი თაობა მოდის, ჩემი შვილების თაობა. მე მინდა, მათ ვუსურვო დალაგებული ქართული ფეხბურთი, გაერთიანებული საფეხბურთო სამყარო...
დღეს ისეთი დროა, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ, რათა წარმატებას მიაღწიოს ქართულმა ფეხბურთმა. ეს აუცილებელი და დროის მიერ ნაკარნახები მოთხოვნაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"