...ეს იქნება რევოლუცია ქართულ ფეხბურთში! რევაზ არველაძე "ლელოს" სტუმარია

AutoSharing Option
მიმდინარე საარჩევნო პროცესსა თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ "ლელომ" სტუმრად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე მოიწვია...

აქვე გეტყვით, რომ რედაქციას დაგეგმილი აქვს, შეხვდეს მამუკა კვარაცხელიასა და ლევან კობიაშვილსაც. ცხადია, უახლოეს მომავალში მკითხველის სამსჯავროზე ამ შეხვედრების პერიპეტიებსაც გამოვიტანთ...

ასეთ დაძაბულობას არ ველოდი
- მადლობა რედაქციაში სტუმრობისთვის, მით უფრო ახლა, როცა საარჩევნო ვნებებმა პიკს მიაღწია. გვსურს, დავიწყოთ ბოლოდროინდელი ფაქტით, როცა, სამწუხაროდ, ცუდად მოიხსენიეს ალექსანდრე ჩივაძე. ზოგჯერ, საქმე ისეთ აბსურდამდეც მიდის, ზოგიერთი ვეტერანი პრესკონფერენციის გაშუქებისთვის "ლელოს" მხარედ მოიხსენიებს. საინტერესოა ამ საკითხის თქვენეული
შეფასება...

- რა გითხრათ... "ლელო" ისტორიული გაზეთია... იმას რა დამავიწყებს, 1989 წელს სწორედ "ლელოში" დაიწერა პირველად, თბილისის "დინამოში" დებიუტი რომ მქონდა. ამიტომ, თქვენი გაზეთის მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვარ განწყობილი. ამასთან, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა ქართული ფეხბურთის ისეთი ლეგენდების მიმართ, როგორიც არიან ჩივაძე და ხურცილავა. ამას დავგმობ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პოზიციიდან...

- უცნაურია, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ხალხში არანაკლებ ინტერესსა და აჟიოტაჟს იწვევს, ვიდრე, ვთქვათ, პოლიტიკური არჩევნები. ახლა ვითარება მაინც განსაკუთრებულად დაძაბულია. ამას ელოდით?
- რამდენიც უნდა ახსენონ ახალკაცისა და ნემსაძის დროინდელი არჩევნები, რეალურად, მე არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება არ გამაჩნია. ცხადია, ვიცოდი, რომ დაძაბულობა იქნებოდა. ამის მიუხედავად, რაც ახლა ხდება, ვერაფრით წარმოვიდგენდი. თუმცა, ფეხბურთის გარშემო აჟიოტაჟი კარგია.

- ...და რა დგას ამ აჟიოტაჟის მიღმა?
- არასწორი ინფორმაციები, ჩარევები, გაუგებრობები... მე ხომ არ მითქვამს, გურიის გუბერნატორთან ამ რეგიონის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი რომ ესწრებოდა? კლუბებს დაუგზავნეს ერთი და იმავე შეცდომებით დაწერილი ბლანკები, რომ სფფ-ის წევრობაზე წერილი დაეწერათ. მერე ჩემზე ამბობენ, რომ ყრილობის დელეგატად თავიანთი თანამშრომლები წარადგინაო. ეს ხალხი რეგიონულმა ფედერაციებმა თავად აირჩიეს და მე ამასთან რა კავშირი მაქვს?
მე ვმონაწილეობ

ჭიდაობის არჩევნებში?!
- ზოგიერთ კანდიდატურაზე მართლაც იბადება კითხვა. რა კავშირი აქვთ მათ წარმდგენ რეგიონთან?
- იმერეთის ფედერაციის დელეგატი ოთარ კორღალიძე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" წლების განმავლობაში თამაშობდა, არ იმსახურებს იმერეთის დელეგატობას? ან გურიის დელეგატ გოჩა ტყებუჩავას გურიასთან კავშირი არ აქვს? არ თამაშობდა "გურიაში"?!.

- კი, მაგრამ, რა აკავშირებს, მაგალითად, ხვიჩა ქასრაშვილს სამცხე-ჯავახეთთან?
- ეს თავად ამ რეგიონის გადაწყვეტილებაა. თუ ასეა, კახეთის ფედერაციის დელეგატი მხარს მე მიჭერდა, მაგრამ ის თენგიზ სულაქველიძემ ჩაანაცვლა. ვერავინ იტყვის, რომ ბატონი თენგიზი კახეთში საქმიანობს, მაგრამ ის იმხელა ფიგურაა...

არ გაინტერესებთ, რატომ აირჩიეს აჭარის რეგიონის დელეგატად მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე, რომელიც ავტონომიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელია? დიახ, ის მსოფლიოს ჩემპიონი და პატივსაცემი სპორტსმენია, მაგრამ მე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობაზე დავთანხმდები?

თუმცა, კანონი ამის საშუალებას იძლევა, ისევე, როგორც ტყებუჩავას, კორღალიძის და სხვათა შემთხვევებში...

რომ ამბობენ, ვეტერანთა კავშირმა არველაძეს მხარი ისე დაუჭირა, სხვა კანდიდატურებს არ მოუსმინაო. ჩემთვის უსაყვარლესმა თბილისის "დინამომ" კობიაშვილი ისე წარადგინა, მე არ მომისმინეს, მაგრამ რა ვქნა? ან რა ლაპარაკია, რომ აჩი არველაძე დელეგატი გახდა? ის ხომ საფეხბურთო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტად 6 წლის წინათ აირჩიეს და არა ახლა?!

საერთოდ, მაინტერესებს, საიდან იღებს სათავეს ჩემ მიმართ დაგროვილი სიძულვილი? ამას რაიმე საფუძველი გააჩნია? ვინმე მომეხმარა კარიერაში ან მაშინ, გაპარტახებული თბილისის "დინამო" რომ ჩავიბარე და საკუთარი ფული დავხარჯე? ვინმეს ადგილს ვიკავებ თუ რა ხდება? ფედერაციაში რომელი მთავრობის ჩასმული ვარ, იქნებ, ეს მაინც მითხრან.

- ისე, მართლაც საინტერესოა, თავის დროზე ფედერაციაში როგორ მიხვედით?
- ვისწავლე, ვითამაშე, გერმანიაში სამწვრთნელო კურსები დავასრულე, მერე მწვრთნელად და "დინამოს" ხელმძღვანელად ვიმუშავე... ეტყობა, საქმე ცუდად არ გამიკეთებია და ამიტომაც მიმიწვიეს. მინიშნებებით რომ ლაპარაკობენ, იქნებ, მითხრან, რომელი მთავრობის ფავორიტი ვიყავი? ისიც იკითხეთ, ნემსაძე რომ გადააყენეს, ფეხბურთში მისი დატოვება ვისი ინიციატივა იყო? მომხდარს ძალიან განვიცდიდი და ვიცეპრეზიდენტობა ნოდარ ახალკაცთან ერთად შევთავაზე...

ასეთი კლუბების წევრობა მიუღებელია!
- აღმასკომმა 24 კლუბს სფფ-ში გაწევრებაზე უარი უთხრა. რატომ არის ეს მიუღებელი, როცა ისინი სფფ-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობენ და ევროთასებზე ქვეყნის სახელით გადიან?
- კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ წევრთა რაოდენობა მუნიციპალური კლუბების ხარჯზე გაიზარდოს. მსურველების ხარჯზე, სუბიექტების რაოდენობა 70-მდე რომ გავზარდოთ და მათგან 50 სახელმწიფოს დაფინანსებაზე იქნება, ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება. ისიც საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ფედერაციის წევრობა?

- ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ლანჩხუთის "გურია" ამას აქამდეც ითხოვდნენ...
- ეს კლუბები სხვა თემაა. მთელ ამ პროცესში გასაოცარი ის არის, რომ ამ 24 კლუბს ფედერაციის წევრობა ერთდროულად მოუნდა. ისინი საქართველოს ყველა კუთხეს წარმოადგენენ და როგორც გითხარით, წერილები ერთნაირი ფორმითა და ერთი და იმავე შეცდომებითაა გადმოგზავნილი. ეს პროცესი იმდენად ნაჩქარევად იყო ორგანიზებული, ფედერაციის წევრობა ისეთმა კლუბებმაც კი მოითხოვეს, უკვე წევრები რომ არიან.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში სახელმწიფო კლუბები არ უნდა გაწევრდნენ და ესაა ფედერაციის პოლიტიკა?
- არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის, სხვა ფედერაციების პოლიტიკაც ასეთი უნდა იყოს, დამოუკიდებლობის ხარისხი რომ შეინარჩუნონ.

- გვესმის და იდეაში მართალი ბრძანდებით, რომ ფედერაციამ დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ სფფ-ის წესდება მუნიციპალური კლუბების წევრობას არ გამორიცხავს - ანუ, ეს კანონიერი მოთხოვნაა. ამ უფლებით მეორე ლიგის რუსთავის "მეტალურგი" თუ სარგებლობს, მათ რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხმა? მაშინ ფედერაციის წესდება უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო კლუბებს ხმის უფლება არ გააჩნიათ...
- ჩემი იდეაა, რომ არჩევნების შემდეგ კანონი შეიცვალოს და ხმის უფლება კიდევ უფრო მეტ სკოლასა და კლუბს მიეცეს. საერთოდ, წესდებაში უნდა ჩაიწეროს მკაფიო კრიტერიუმი, თუ ვის უნდა ჰქონდეს ყრილობაზე დელეგატის წარდგენის უფლება და ვის - არა. ოღონდ, ეს კრიტერიუმები ყველა მხარესთან, ასევე ფიფასა და უეფასთან შეთანხმებით უნდა ჩამოყალიბდეს. ისე, მუნიციპალური კლუბების უმეტესობას დღესაც აქვს გავლენა პროცესებზე, რადგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციების წევრია.

- თქვენს ორივე კონკურენტს, კვარაცხელიასა და კობიაშვილს, აქვთ კითხვა - რატომ დაირღვა წესდებით გათვალისწინებული ყრილობის დღის წესრიგის რიგითობა და 16 საკითხის ნაცვლად, რატომ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები?
- ეს კობიაშვილმაც მკითხა, მაგრამ აღმასკომმა ასე გადაწყვიტა...

- კი, მაგრამ ხომ უნდა შეფასდეს გასული 4 წელიწადი, შედგეს ფედერაციის ბიუჯეტი, აღმასკომის წევრებიც ხელახლაა ასარჩევი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რატომ გადაიდო?
- დღის წესრიგი მე არ შემიდგენია, რადგან აღმასკომის წევრი არ ვარ. ამასთან, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოქმედი წესდებით აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება წლის ბოლომდე აქვთ...

რამდენი გუნდი სჯობია?
- უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდაზე რას ფიქრობთ? გაამართლა ამ გზამ?
- სხვათა შორის, ლიგის გაზრდა თავად კლუბებმა გადაწყვიტეს. იცით, რამდენი იყო 10-გუნდიანის მომხრე? მხოლოდ - 3 კლუბი. რადგან ასე გავარდნის შანსი ნაკლებია.

ჩემი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოვიდეთ არა მხოლოდ არსებული რესურსიდან და გარემოდან, არამედ, ხალხის ფსიქოლოგიაც უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი ფეხბურთელია, უმაღლესში თამაში რომ გაუჭირდა, მაგრამ პირველში წასვლა ითაკილა - გვინდა თუ არა, ჩვენთან ასეთი მენტალიტეტია, დაბალ ლიგაში გადასვლას კარიერის დასრულებას ამჯობინებენ. ამის გამო, ბევრ ფეხბურთელს ვკარგავთ... ასევეა კლუბების შემთხვევაშიც. დაქვეითებულებს ხშირად ყურადღებას აღარ აქცევენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმებოდი იმ ხალხს, ვინც ლიგის 16 გუნდამდე გაზრდას მოითხოვდა...

სხვათა შორის, დიდი ნოდარ ახალკაცი ამბობდა - რადგან ფეხბურთელებს კარგ სავარჯიშო პირობებს ვერ ვუქმნით, აუცილებელია მეტი გუნდი, სადაც მეტი ფეხბურთელი დასაქმდებაო...

- თქვენი აზრით, ოპტიმალური უმაღლესი ლიგა რამდენგუნდიანი უნდა იყოს?
- იდეალური იქნება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა, ხოლო პირველი ლიგის კლუბების ორ, 10-10-გუნდიან ზონებში გადანაწილება. მაგრამ უმაღლესში გადასვლისას ბევრს გაუჩნდა კადრების პრობლემა. ამიტომ, უპრიანი იქნება, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები უმაღლესი ლიგისას მაქსიმალურად მიუახლოვდეს. მაგალითად, რომ ჰყავდეთ დუბლები და ჭაბუკთა ლიგის გუნდები. ეს გუნდების რაოდენობასაც გაზრდის და მეტი მოთამაშეც დასაქმდება.

ევრო 2020-ზე მოხვედრა რევოლუციას გამოიწვევს!
- თქვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი პროფლიგის აღდგენაა...
- პროფლიგა აუცილებლად ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს. ამ თემას ოდნავ გავშლი და ვიტყვი, რომ აუცილებელია ჩემპიონატის კარგად შეფუთვა, გარემოს შეცვლა, სტადიონზე ისეთი ვითარება უნდა იყოს, ხალხს მისვლა რომ უხაროდეს...

ცალკე თემაა სატელევიზიო გაშუქება და თამაშების უფლებების გაყიდვა. დღეს ეს უძნელესი საქმეა და თამაშებს არ იყიდიან, რადგან მოგებას ვერ ნახავენ. მაგრამ დავიწყოთ მიზერით, მერე და მერე კი თანხა გაიზრდება და შესაძლოა, მიმზიდველიც გახდეს...

ბიზნესზეც იმავეს ვიტყვი. დღეს ქართული ჩემპიონატით მოგებას ისინიც ვერ ნახავენ და არ დაინტერესდებიან. მაგრამ ჩვენ ისეთი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, რომ უკუგება სხვაგვარად მიიღონ. ეს ყველაფერი მაინც სატელევიზიო შეფუთვაზეა დამოკიდებული. 21-ე საუკუნეში ამას ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან დიდი ბიძგის მიცემა შეუძლია.

- პროფლიგის აღდგენის გარდა, თქვენი საარჩევნო პროგრამიდან კიდევ რას გამოარჩევდით?
- ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის განაცხადი. ეს იქნება რევოლუცია, რომელიც ჩვენში ყველაფერს შეცვლიდა - საკუთარი ძალების რწმენას გაგვიძლიერებს, ხალხს სტადიონზე დააბრუნებს და ფეხბურთი გაცილებით მასობრივი და პოპულარული გახდება...

მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძე ნაკრებში კარგად მუშაობს. შოტლანდიასთან მოგების შემდეგ ვინ აღარ დამირეკა - პოლონელებმა და ირლანდიელებმა სულ მადლობები გვიხადეს. კახას ხელში გუნდი იცვლება და იმედია, 2020 წლისთვის ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება. თან ევრო 2020-ის ფორმატიც მაიმედებს - ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს და იქ მოხვედრა ახლა უფრო მეტად შესაძლებელი ჩანს...

ამას გარდა, ჩემი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა უმაღლესი და პირველი ლიგების გაძლიერება, ასევე ის, PROF და A ლიცენზიის მქონე 100 მწვრთნელი გვყავდეს.

იმედია, სახელმწიფო დაგვაფინანსებს
- მართალია, თითქოს, სახელმწიფომ 2015 წელს დაფინანსება იმიტომ არ გამოყო, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატზე არ დათანხმდით?
- არა, უბრალოდ, მოდელზე ვერ შევთანხმდით. მე სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან ვკამათობდი, მაგრამ კონფლიქტი არ გვქონია.

- თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ გახდეთ, სახელმწიფო ფეხბურთს დააფინანსებს?
- არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ფეხბურთი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მისაღები თანამშრომლობის ფორმის მოფიქრებას შევძლებთ...

- არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ, მაგრამ თქვენი მხარდამჭერი ბანაკიდან გამოსული ხმებია - თითქოს, სუპერთასზე თბილისში მყოფმა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა - არველაძეს ფედერაცია ჩააბარეთ, კობიაშვილს - პროფლიგა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში სუპერთასს საქართველოში ჩავატარებთო?..
- ისე, უეფას წარმომადგენლებს ვაცნობე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას რომ ვაპირებდი და გაუხარდათ. პლატინი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა რაიმე სქემაზე ლაპარაკი...

ზოგადად, სწორედ უეფასა და ფიფასთან ერთობლივი საქმიანობით თუ შევძლებთ ქართულ ფეხბურთში არსებული გამოწვევების დაძლევას და წარმატების მიღწევას. ამის რესურსი, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნამდვილად გამაჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
გასაოცარი ისაა , რომ კლუბები აქამდე არ არიან ფედერაციის წევრები და არ აქვთ ხმის უფლება.
გიორგი მეტრეველი
18:01 24-09-2015
0
'გასაოცარი ის არის, რომ ამ 24 კლუბს ფედერაციის წევრობა ერთდროულად მოუნდა.' - აი ამას რომ ამბობს, არ რცხვენია? რა მნიშვნელობა აქვს ერთად მოუნდათ თუ ცალ-ცალკე, კანონსაწინააღმდეგოა მოთხოვნა?!
lasha argveteli
17:10 24-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული