საქართველოში მუდამ ასეა: არჩევნების მოახლოებას თან ფსიქოლოგიური ტერორი ახლავს, რადგან ზოგადად არსად ისე არ უყვართ სკამი, როგორც ჩვენს ქვეყანაში.
ორი ბანაკი, ორი აზრი და ორი გეზი განსაკუთრებული სიმძაფრით ებრძვის ერთმანეთს.
ჩვენ გვინდა, რომ ბრძოლა ფარგლებს არ გასცდეს და არც წელსსქვემოთ დარტყმებში გადავიდეს. ეს სურვილია, თუმცა ისე ჩანს, რეალობა სულ სხვა რამეს გვიმზადებს...
ქართული საფეხბურთო თემი ჭრელია. ის კი არა, ზედ ამ არჩევნების წინ იქ რამდენიმე
და მათ ისე უნდა გადაწყვიტონ ქართული ფეხბურთის ბედი, რომ ხეირიანად არც უნახავთ ეს ჩვენი ფეხბურთი;
მათ არ უნახავთ შიმშილისგან გულწასული ქართველი ფეხბურთელი;
არ უნახავთ სტადიონის ირგვლივ მდებარე ბოსტნები თუ საქათმეები;
არ უნახავთ ტაბლო, რომელიც ერთ დღეს ჩვენც ვეღარ ვნახეთ, რადგან... ვალებით შეწუხდნენ და ჯართში ჩააბარეს...
აბა, რაც არ გინახავს, ის როგორ გეტკინება და გეშინაურება?
მეორე, ამაზე არანაკლები პრობლემაც. მორჩება ეს არჩევნები, ავად თუ კარგად ჩაივლის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტიც ეყოლება, თუმცა რა ეშველება პოლარიზებულ, დაყოფილ, გათითოკაცებულ ქართულ საფეხბურთო სამყაროს?
მოდით, შევთანხმდეთ: ვინც ვის ბანაკში უნდა იყოს, მორჩება თუ არა არჩევნები, საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ. მით უმეტეს, საკეთებელი ძალიან ბევრია. ასეთ რეჟიმში კი ეს არ გამოვა.
სულაც არ ვარ იმის მომხრე, რომ ქართულ საფეხბურთო რეალობაში თხა და მგელი ერთად ძოვდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ კომპრომისის პოვნა აუცილებელია, რათა უკეთესი გავხადოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ქართული ფეხბურთი!
სხვანაირად, საქმის კეთება შეუძლებელი იქნება, სხვანაირად ჩვენ სიძულვილის ჭაობში ჩავრჩებით. საქმეს კი სიყვარული აკეთებს და არა სიძულვილი. უსიყვარულოდ გაკეთებულ საქმეს ბოლო კეთილი ვერაფრით ექნება.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, ჩვენ აღარ გვახსოვს, რა გვითხრა კრილოვმა თავის უკვდავ იგავში. კრილოვი იქით იყოს და, არც ის გვახსოვს, რაც ძველმა ქართველებმა გვასწავლეს - არ გვახსოვს, რომ ძალა ერთობაშია!
ეს თუ არ გავიხსენეთ, ვერავინ გვიშველის, რადგან: მარტოკაცი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს, თუ ის მესია არ არის. მესიების მოლოდინმა კი დღემდე რაც გვარგუნა, ყველამ ვიცით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"