დიმიტრი ბოკერია: ძალიან ძნელია ამის ყურება... ვითარება ძალიან დაიძაბა

AutoSharing Option
რევაზ არველაძის გადადგომის შემდეგ სფფ-ის გენერალური მდივნის მოვალეობას დიმიტრი ბოკერია ასრულებს. მანამდე ის ამ ორგანიზაციაში საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ.

მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ბოკერია "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- უპირველესად, თქვენი აზრი გვაინტერესებს უეფას ბოლო წერილთან დაკავშირებით...
- უეფას მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, თითქოს წინასაარჩევნო პროცესში ფედერაცია საკუთარ წესდებას არღვევდა, უეფამ კი საპასუხო წერილში მოგვწერა - წესდების დაცვისკენ მოგიწოდებთო. ასეთი პასუხი მოსალოდნელიც იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის საქმიანობას სწორედ წესდებით წარმართავს... სხვათა შორის, უეფამ წინასაარჩევნო პროცესსა და ყრილობაზე დასაკვირვებლად წარმომადგენელი რომ გამოგზავნა,
ესეც ჩვენი თხოვნა იყო. გვსურდა, ადგილზე თავად ენახათ, რა ვითარებაა და რა სახის ზეწოლებია. უეფას წარმომადგენელი უკვე თბილისშია და სიტუაციას ეცნობა.

- ტრიბუნალის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც უნდა გკითხოთ. ბოლოს და ბოლოს, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ჩამოერთვათ ხმის უფლება?
- გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციების დელეგატებს 2 ხმა ჩამოართვეს, მათ პრეზიდენტებს კი საქმიანობა დროებით იუსტიციის სამინისტროს თბილისის აღსრულების ბიურომ შეუჩერა. ისე, საინტერესო და საგულისხმოა, რომ ორივე რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრთა ნაწილს ერთი პირი წარმოადგენდა.

- აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?
- ეს ნაბიჯი გაუგებარია, რადგან ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებმა ნებისმიერი სადავო საკითხი სპორტულ ტრიბუნალში უნდა განიხილონ, სამოქალაქო სასამართლოს ჩარევა კი უეფა-ფიფასთან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. სფფ-ის წესდების 59-ე მუხლით ეს იკრძალება. უეფას დელეგაციას საქმის კურსში ჩავაყენებთ, ფედერაციის დებულების გვერდის ავლით დელეგატების ჩამოშორება რომ ხდება.

- ანუ ჯერჯერობით უცნობია, დელეგატების რაოდენობა 33-მდე შემცირდა თუ ისევ 35 იქნება?
- ამაზე ტრიბუნალის ახალ ხელმძღვანელს, დავით მაისურაძეს უნდა ემსჯელა...

- ბიწაძე ტრიბუნალის ხელმძღვანელობიდან გადააყენეთ, მაგრამ ამბობს, რომ მედიატორის უფლება დარჩა...
- ის ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან აღმასკომმა გაათავისუფლა და სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ბიწაძის ახალი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

- მართალია, რომ ტრიბუნალის ბეჭედი დღემდე მას აქვს?
- დიახ, ასეა და ეს სასამართლოს ვაცნობეთ, რომლის განჩინებაშიც წერია, რომ ბიწაძემ ბეჭედი დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს. სხვაგვარად, საქმე აღმასრულებელ ბიუროს გადაეცემა.

- ამ ბეჭდის გარეშე ტრიბუნალის სხდომა როგორ გაიმართება?
- ნებისმიერი გადაწყვეტილება უბეჭდოდაც ლეგიტიმური იქნება, სხდომა კი დღეს გაიმართა. სხვათა შორის, ორივე მოდავე რეგიონული ფედერაციის გამგეობებს ვაცნობეთ, რომ საკითხის განსახილველად ტრიბუნალის ახალი ხელმძღვანელისთვის მიემართათ, მაგრამ ისინი ისევ ბიწაძეს დაუკავშირდნენ. დღეს კი მაისურაძესთან ტრიბუნალზე რომ გამოცხადდნენ, თქვეს, რომ ახალ ხელმძღვანელს არ იცნობდნენ...

- ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოზე რას იტყვით?
- ძალიან ძნელია ამ დაპირისპირებების ყურება. ადამიანები ვართ, ყველას ერთმანეთთან რაღაც გვაკავშირებს და სულ ვცდილობ, ნებისმიერ თემასა თუ მოვლენაზე ტაქტიანად ვილაპარაკო. არადა, სამწუხაროდ, ვითარება ძალიან დაიძაბა.

აჯობებდა, ერთმანეთს კი არ ვეომოთ, არამედ ქართული ფეხბურთის გამო გავერთიანდეთ. აბა, არველაძე, კობიაშვილი და კვარაცხელია რომ ერთად იქნებიან, ქართული ფეხბურთი უფრო არ მოიგებს? ბევრად ძლიერიც იქნება, ვიდრე - ორი მათგანის სარბიელიდან ჩამოშორების შემთხვევაში. ამას გულწრფელად ვამბობ.

P.S. ხმაჩამორთმეული გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების დელეგატების საკითხზე 1-ელ ოქტომბერს, ამ ფედერაციების ადვოკატთან ერთად, სპორტული ტრიბუნალის ახალ ხელმძღვანელ დავით მაისურაძეს უნდა ემსჯელა.

შევიტყვეთ, რომ ეს პრინციპული საკითხი ვერ გადაწყდა. რამდენი დელეგატი იქნება 3 ოქტომბრის არჩევნებზე, 33 თუ 35, ამის დასადგენად ტრიბუნალი დღეს, 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სათვალებიანი გვირგვინი მაგარია. ინტერვიუს დროს უნდა მოიხსნა, არ გიხდება
თამარი
12:21 02-10-2015
0
ვინც არველაძეს მისცემს ხმას, ის ქართული ფეხბურთის გამყიდველი და იუდა იქნება. სხვანაირი ხედვა ჭირდება ქართულ ფეხბურთს, თანამედროვე და არა მოძველებული საბჭოური.
emre
13:15 02-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული