...ამიტომ მივწერე უეფას - ლევან კობიაშვილმა თავისი წერილი გაასაჯაროვა

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი უეფას მიერ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად ვასაჯაროებ იმ წერილს, რომლითაც რამდენიმე დღის წინათ უეფას მივმართე", - ამბობს კობიაშვილი.

გთავაზობთ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს სახელზე გაგზავნილი წერილის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს...

სადაა დემოკრატია და კარგი ცხოვრება?!
"სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, სრულად გამოვიყენე და დავიცავი სფფ-ის ყველა მარეგულირებელი ჩარჩო და ფეხბურთის დამოუკიდებელი სამართლებრივი სივრცე. თუმცა სფფ-ის აღმასკომი სამართლიანი თამაშის წესებს
პერმანენტულად არღვევს და საფეხბურთო კანონმდებლობას უგულებელყოფს.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა და მეთხოვა დახმარება, რათა მიმდინარე პროცესებზე ობიექტურად იყოთ ინფორმირებული.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, უეფას წარმომადგენლები გულისხმიერებით მოეკიდებიან წერილში აღნიშნულ მნიშვნელოვან დარღვევებს და შესაბამის პრევენციულ ზომებს გაატარებენ", - წერს კობიაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი უეფას მაღალჩინოსნებს აღმასკომის გადაწყვეტილებებზეც მიუთითებს:

"აღმასკომი სრული უპასუხისმგებლობით ეკიდება უეფას, ფიფასა და თავისსავე წესდებებსა და რეგულაციებს, არღვევს მის მიერ დამტკიცებულ წესდებას, საფეხბურთო ეთიკის კოდექსს, საფეხბურთო საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

სრული პასუხისმგებლობით გაცნობებთ, რომ ეს ორგანო წინასაარჩევნო პროცესში არის მიკერძოებული, ხელს უშლის კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტობის კანდიდატებს არათანაბარ საარჩევნო გარემოს უქმნის.

მით უფრო, საგანგაშო და საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში აღმასკომი არასწორ გადაწყვეტილებებს უეფას სახელის მანიპულირებით ამართლებს, რაც საზოგადოებისთვის არაერთგვაროვნად არის აღქმული და ცალსახად არ ემსახურება უეფას ინტერესებს".

რას აკეთებს აღმასკომი?
კობიაშვილი ყურადღებას აღმასკომის მიერ წესდების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს. მათ შორის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატებთან დაკავშირებულ მოვლენებზე:

"მიუხედავად იუსტიციის სამინისტროს იურიდიული განმარტებისა, სფფ-ის აღმასკომმა წესდებისა და ქვეყნის კანონმდებლობის სრული იგნორირებით თავისი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მეტიც: სფფ-ის წესდების თანახმად, აღმასკომის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სპორტულ ტრიბუნალში, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა და აღმასკომს გადაწყვეტილების გაუქმება დაავალა... აღმასკომმა კი არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და ტრიბუნალის მედიატორი უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.

ამ შემთხვევაში, აღმასკომმა დაარღვია სფფ-ის წესდება, მისივე დამტკიცებული ტრიბუნალის დებულება, რომლის მიხედვითაც მედიატორის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

კობიაშვილმა უეფას ეთიკის კოდექსის დარღვევაზეც აცნობა:

"სფფ-ის 8 წევრმა ყრილობის დელეგატად წარადგინა სფფ-ის თანამშრომლები - მათ შორის, ნაკრების მწვრთნელი, რომლებიც წარდგენისას მოქმედი გენერალური მდივნის, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატის უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი ცალსახად იკვეთება. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, აღმასკომმა ეს საკითხი სრულიად უგულებელყო და განხილვის გარეშე დაამტკიცა.

ეთიკის კოდექსი დაარღვია თავად პრეზიდენტობის კანდიდატმაც, როცა უფლებამოსილება დროულად არ მოიხსნა. ამასთან, გაურკვეველია, გაცნობათ თუ არა უეფას ამის შესახებ სფფ-მ, რასაც ეთიკის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს".

ეს ყველაფერი უგულებელყოფილია!
კობიაშვილი წერილში რიგგარეშე ყრილობის მოწვევის აუცილებლობაზეც წერს:

"სფფ-ის წესდებით, აღმასკომი ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა სფფ-ის წევრების არანაკლებ 1/5-ის (7 წევრი) მოთხოვნის წარდგენიდან ერთ თვეში. სფფ-ის აღმასკომს ამ თხოვნით ოფიციალურად მიმართეს, მაგრამ წესდება ამ შემთხვევაშიც იგნორირებულია და, ფაქტობრივად, საკითხი განუხილველად დარჩა".

ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყურადღებას სფფ-ის საკადრო ცვლილებაზეც ამახვილებს:

"აღმასკომმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე გენერალურ მდივნად სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აღმასკომის გადაწყვეტილებების ოქმი ვერ მოვიძიეთ და ისინი მხოლოდ პრესასთან განცხადებებით შემოიფარგლებიან".

პრეზიდენტობის კანდიდატი სფფ-ს და მის კანდიდატს სერიოზულ ბრალდებას უყენებს:

"მარეგულირებელი ჩარჩოები არ უნდა ირღვეოდეს თავად სფფ-ის აღმასკომის მიერ, თან არაერთგზის და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად არ უნდა გამოიყენებოდეს.

ფაქტებით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს სფფ-ის აღმასკომისა და პრეზიდენტობის კანდიდატის შეთანხმებულ ქმედებებთან, რითიც ირღვევა უეფას ძირითადი პრინციპები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი კობი მიაწექი! ხალხი შენთან არის
Tbiliseli
13:09 02-10-2015
0
ყველანი ფედერაციასთან ხვალე.
გიგლია
13:23 02-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული