როგორ ტარდებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობები

AutoSharing Option
3 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება და გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას უახლოესი 4 წლის განმავლობაში...

მასობრივიდან მინიმალურამდე
ფეხბურთის ბედს ყრილობის დელეგატები წყვეტენ. მათი რაოდენობა კი ხშირად იცვლებოდა.

დამფუძნებელ ყრილობას 500-მდე დელეგატი ესწრებოდა. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა ყველა რეგისტრირებული კლუბისა და საფეხბურთო სკოლის დელეგატი, ვეტერანთა კავშირის, საფეხბურთო პროფკავშირების, გულშემატკივართა გაერთიანებების, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები.

ამ ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, ასე გრძელდებოდა მთელი 8 წელი - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკოსებს დელეგატის უფლება ჩამოერთვათ. ხმოსანთა
რაოდენობა 230-მდე კი შემცირდა, მაგრამ სტრუქტურა უცვლელი რჩებოდა - საინტერესოა, რომ ხმის უფლება ჰქონდათ არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პირველი და რეგიონული ლიგების კლუბებსაც.

1998 წლის არჩევნებზე პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია 224-დელეგატიან ყრილობაზე აირჩიეს. სფფ-ის წევრთა რაოდენობა ამის მერე შემცირდა. წარმომადგენლები აღარ ჰყავდათ გულშემატკივართა და ჟურნალისტთა გაერთიანებებს, საფეხბურთო სკოლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს. ამის ფონზე, რეგიონული ფედერაციების როლი გაიზარდა. მას შემდეგ სწორედ რეგიონული ფედერაციები და კავშირები და ასოციაციებია სფფ-ის ყველა ხელმძღვანელობის ბერკეტი.

სფფ-ის წესდებით, 3 ოქტომბრის ყრილობაზე ხმის უფლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 35 წევრი ისარგებლებს. 13 რეგიონულ ფედერაციას წარმოადგენს, 9 - სხვადასხვა ასოციაციასა და კავშირს, ხოლო 13 - უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს.

ტრიბუნალი და იუსტიციის სამინისტრო
ტრიბუნალმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების დელეგატებს 2 ხმა ჩამოართვა. ამავე ორგანიზაციების პრეზიდენტებს - კახა ებრალიძესა და გია შარაბიძეს კი ყრილობაზე დელეგატების წარდგენის უფლება დროებით იუსტიციის სამინისტროს თბილისის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით შეუჩერდათ.

თუმცა დღემდე უცნობია, დელეგატების რაოდენობა 35 იქნება თუ 33.

* * *
დღეისთვის, უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში 77 კლუბი თამაშობს. ცხადია, ყველა ცალკე სუბიექტი არ არის, რადგან მეორე ლიგაში თამაშობენ მაღალი ლიგის გუნდების რეზერვისტები - წყალტუბოს "სამგურალი 2", ტყიბულის "მეშახტე 2", ჩხოროწყუს "სამეგრელო 2", ხონის "იმერეთი 2", ოზურგეთის "მერცხალი 2", "ვიტ ჯორჯია 2". ანუ, რეალურად, ახლა 71 გუნდი გვყავს. ამის გამო არ ვთვლით დუბლშემადგენლობების ჩემპიონატს, მაგრამ რატომ არის 71 გუნდიდან მხოლოდ 13 სფფ-ის წევრი, დანარჩენი 58 კი უუფლებო, გამოცანად რჩება.

მცდელობა, დელეგატების რაოდენობა გაზრდილიყო, სფფ-ის აღმასკომის წინააღმდეგობას წააწყდა და გაწევრიანების მსურველ 24 კლუბს უარი უთხრეს.

ესენი არიან: ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა", თბილისის "საბურთალო", ლანჩხუთის "გურია", ქობულეთის "შუქურა", თბილისი "ლოკომოტივი", თერჯოლის "საპოვნელა", ხობის "კოლხეთი", ქედის "ბეთლემი", ცხინვალის "ლიახვი", წალენჯიხის "სქური", "ბორჯომი", ჩხოროწყუს "სამეგრელო", ხონის "იმერეთი", "რუსთავი", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ხელვაჩაურის "მაჭახელა", "ჭიათურა", ოზურგეთის "მერცხალი", ტყიბულის "მეშახტე", მარნეულის "ალგეთი", ზუგდიდის "ოდიში", წყალტუბოს "სამგურალი", ზესტაფონის "მარგვეთი".

* * *
3 ოქტომბერს ყრილობის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია - პრეზიდენტის არჩევა. სფფ-ის 33 სუბიექტის მიერ წარდგენილი დელეგატები გადაწყვეტენ, ვინ გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი.

ყრილობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე გაუძღვება, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ზვიად სიჭინავას გადადგომის შემდეგ ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ "დინამოს" ყოფილი კაპიტანი პრეზიდენტის მოვალეობას მესამედ ასრულებს - პირველად ეს 1998 წელს მოხდა, ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ; მეორედ - 2005 წელს, როცა მერაბ ჟორდანია დააკავეს.

დელეგატები
1. შიდა ქართლი - მერაბ თევზაძე
2 იმერეთი - ოთარ კორღალიძე
3. სამეგრელო-ზემო სვანეთი - მერაბ ჯიქია
4. გურია - გოჩა ტყებუჩავა
5. კახეთი - თენგიზ სულაქველიძე
6. მცხეთა-მთიანეთი - გიორგი ღუდუშაური
7. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - გია გილიგაშვილი
8. სამცხე-ჯავახეთი - ხვიჩა ქასრაშვილი
9. აფხაზეთი - დიმიტრი ჭანტურია
10. აჭარა - მუხრან ვახტანგაძე
11. სამხრეთი ოსეთი - გიორგი აღდგომელიძე
12. ქვემო ქართლი - ლაშა მინდელი
13. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია - გრიგოლ ცაავა

1. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი - ნიკა ჩხეიძე
2. ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი - ვაჟა ჟვანია
3. ქალთა ფეხბურთის ასოციაცია - ნინო სორდია
4. ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა - გერმანე გობეჯიშვილი
5. ფუტსალის ასოციაცია - ზვიად ხაჩიაშვილი
6. მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი - მერაბ მალაღურაძე
7. ბიჩ-სოკერის ასოციაცია - გიორგი ხაჩიძე
8. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია - ირაკლი ნაკაიძე
9. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია - არჩილ არველაძე

1. ტორპედო - რამაზ ჩხიკვაძე
2. სამტრედია - გია ომანაძე
3. დინამო თბ - ნიკოლოზ ჯღარკავა
4. ზუგდიდი - მალხაზ კუტალია
5. მეტალურგი - კახა მენთეშაშვილი
6. ცხინვალი - დავით ცაბაძე
7. სიონი - ლადო ბურდული
8. ზესტაფონი - მიხეილ ხუციშვილი
9. ვიტ ჯორჯია - გურამ რუხაძე
10. კოლხეთი ფ - ირაკლი ლილუაშვილი
11. გაგრა - ბესიკ ჩიხრაძე
12. დილა - გიორგი რევაზიშვილი
13. მერანი - ფრიდონ ინჯია.

გამუქებული შრიფტით - ხმაჩამორთმეული სუბიექტები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოცანა: რატომ არის 71 გუნდიდან მხოლოდ 13 სფფ-ის წევრი, დანარჩენი 58 კი უუფლებო? გამოიცანით :D
bacho
14:53 02-10-2015
0
სულაქორიზე რატომ არ აგნიშნწთ რა ის კახეტსჰი როდის ცხოვრობდა ან ტამაშობდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული