გია ჭიაბრიშვილი: დანიური ბარიერი უნდა დავძლიოთ

AutoSharing Option
"საბურთალომ" დანიურ "მიდტიულანდთან" უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა 1:3 დათმო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია, მეორე ეტაპზე გასვლა შესაძლებელია.

"მშვენიერ გაზონზე ვითამაშეთ, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მოკლებულები ვართ. მეტოქემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ათლეტური, სწრაფი და აგრესიული გუნდია. ამის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.

დანიური ბარიერი რთული გადასალახავი იქნება, მაგრამ რასაც თავიდანვე ვამბობდი, ახლაც იმ პოზიციაზე ვარ - ორი თამაშის ჯამში ეს ეტაპი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

წინ დიდი დრო გვაქვს და ამ
პერიოდში დანიურ შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

მისი თქმით, შედეგზე სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა:

"სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 50 პროცენტი გამოვავლინეთ. თავისი როლი ითამაშა მგზავრობამ და კლიმატმაც. იმანაც, რომ ბიჭებს დიდ სტადიონთან და სხვა სივრცესთან ადაპტირება თავიდან გაუჭირდათ.

მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უკეთ თამაში გვმართებდა. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, მეორე ტაიმში კი გუნდი უკეთ ათამაშდა და დანიელებს ბევრი პრობლემა შევუქმენით. 2:1-ზე გია ჩაბრაძეს გოლის გატანის ასპროცენტიანი შესაძლებლობა ჰქონდა.

ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე, 1:3 არალოგიკური შედეგია, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ხდება - შენი გასატანი მოწინააღმდეგეს გააქვს.

"მიდტიულანდი" კარგად დაბალანსებული, სწრაფი, ათლეტური გუნდია და არც ტექნიკა დაეწუნება. როცა ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, მეტოქეს უბურთოდ მოძრაობა მოუწია. იყო პერიოდი, სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ ეს ყველაფერი ანგარიშში ვერ აისახა.

მატჩის დასრულების შემდეგ ოფიციალურ ვახშამზე კოლეგას გამარჯვება მივულოცე და გუნდი შევუქე. მან კი მითხრა, რომ ჩვენნაირი ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ "მიდტიულანდს" ჯერ არ უთამაშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული