ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

AutoSharing Option
"ლელომ" მორიგი ჟურნალისტური გამოკითხვა ჩაატარა. ვფიქრობთ, თემა ძალიან აქტუალურია. კითხვა იყო ერთი: "ჩაერია თუ არა ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში?"

უნდა ითქვას, რომ ბევრმა ჩვენმა კოლეგამ გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, თუმცა დარჩენილი ნაწილის აზრიც საინტერესო უნდა იყოს...

გიგა გვენცაძე ("საზოგადოებრივი მაუწყებელი"): "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღიდან საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევა, სხვადასხვა დოზით, ყოველთვის იყო.

წინასაარჩევნო პერიოდი "სამართლიანი თამაშის" პრინციპების ეტალონი რომ
არ იყო, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. ფედერაციის რესურსი მაქსიმალურად იქნა ჩართული. ყრილობის წინ დელეგატის დაკავებას კი, პირადად ჩემთვის, არანაირი გამართლება არ აქვს...

რაც შეეხება კახა კალაძის ყოფნას არჩევნებზე, ის ჯერ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია და ასეთად დარჩება, ხოლო მერე უკვე მინისტრია და ვიცე-პრემიერი...

ბოლოს ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამდი: ისიც საკითხავია, ზოგადად, სახელმწიფო უფრო ერევა ფეხბურთსა და სპორტში, თუ ფეხბურთი და სპორტი უფრო ზემოქმედებს სახელმწიფოსა და ქვეყნის ცხოვრებაზე"?

გიორგი ზურაბიშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებელი"): "ჩარევა იყო. როცა ყრილობის წინა დღეს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერ დელეგატს აკავებენ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით არჩევნებში პირდაპირი და უხეში ჩარევა".

ლევან სალუქვაძე ("სილკ სპორტი"): "ჩემი აზრით, საქმე ასე იყო: არჩევნების წინ ფედერაციის მხრიდან იყო მცდელობა, აღმასკომის გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილიყო მათი დარჩენა ქართული ფეხბურთის სათავეში. სახელმწიფოს მხრიდან კი აღკვეთილ იქნა ეს მცდელობა. ჩემი აზრით, სამართლიან არჩევნებში დადგებოდა ის შედეგი, რომელიც დადგა".

სანდრო ცნობილაძე ("ტვ1"): "ჩემთვის ორი აზრი არ არის, რომ ჩარევა იყო. ეს არ ეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ - წინასაარჩევნო პერიოდსაც. სახელმწიფო არ იყო გულგრილი არჩევნების მიმართ და განსაკუთრებულ სიმპათიას გამოხატავდა მისი რჩეული კანდიდატის მიმართ. ამაზე მეტყველებს თუნდაც იმერეთის გუბერნატორის მიერ გაგზავნილი "მეილები"...

რაც შეეხება არჩევნების დღეს და წინა ღამეს განვითარებულ მოვლენებს, თავად გეგა გობეჯიშვილმა თქვა, ახლობლებისგან ჰქონია ინფორმაცია, რომ აპირებდნენ მის დაკავებას. ის სახლიდანაც კი არ გადიოდა... ამოუხსნელი იყო ვიცე-პრემიერის სტუმრობა არჩევნებზე.

ის, რომ ჩარევა იყო, დასტურდება არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" ანალიზითაც და ეს ანალიზი ყველას შეუძლია ნახოს. იქ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადება ნეიტრალიტეტის შესახებ სიმართლეს არ შეეფერება".

გია პლატონიშვილი ("საქართველოს რესპუბლიკა"): "უარესიც გვინახავს. იმ ჩარევებთან შედარებით, რომელიც ადრე არაერთხელ ვნახეთ, არ შეიძლება, ეს არჩევნებში ჩარევად ჩაითვალოს".

ლევან ჯანეზაშვილი ("ჩვენი თამაში"): "არანაირი ჩარევა არ ყოფილა. მე არ ვიცი ერთ-ერთი დელეგატის დაკავების დეტალები, მაგრამ თუ ის იმისთვის დააკავეს, რაც ითქვა, მაშინ მე ვერავის მოვედავები...

რაც შეეხება არჩევნებზე კახა კალაძის მისვლას, თავის შესავალ სიტყვაში კალაძესა და სპორტის მინისტრს, საქართველოს მთავრობას, მიესალმა უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი. კალაძე ჯერ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია და მერე მთავრობის წევრი. მას აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც ქართული ფეხბურთის ბედი წყდება".

ლაშა თაბაგარი ("მსოფლიო სპორტი"): "გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ლარს ხარჯავს ქართული ფეხბურთისთვის, ჩემი აზრით, ის აქამდეც იყო ჩარეული ამ ფორმით ქართულ ფეხბურთში. უპრეცედენტო იყო 2007 წლის არჩევნები, როცა არჩეული პრეზიდენტი იძულებით გადააყენეს...

რაც შეეხება ბოლო არჩევნებს, დელეგატის დაკავებისა და შემდეგ გათავისუფლების მიუხედავად, რევაზ არველაძის გუნდმა ის ხმა მაინც მიიღო. ყველამ ვიცით, ვის მისცა ხმა ზურაბ პეტრიაშვილმა. რაც შეეხება იმ ორი ხმის საკითხს, ეს უეფამ გადაწყვიტა. კობიაშვილმა კი არჩევნები 3 ხმით მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ არველაძის გუნდიდან მის სასარგებლოდ მისცა ხმა.

სახელმწიფოს რომ ჩარევა ნდომებოდა, მაშინ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებდა მონაწილეობას".

ნიკოლოზ ნეფარიძე (ლელო): "მოდი, საკითხი ასე დავაყენოთ: მოიგებდა კობიაშვილი მისგან დამოუკიდებელი რესურსის გარეშე? არა. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩარევა იყო და ის გამოიხატა შანტაჟში, დელეგატებისა და მათი ახლო ნათესავების დაჭერებში, ხმების ჩამორთმევაში, დელეგატებისა და მედიის მოსყიდვაში და ასე შემდეგ.

სხვა საქმეა, რომ საფეხბურთო სამყარო, სამწუხაროდ, ისე "გასვრილია", რომ ყოველგვარი ჩარევის გარეშეც ვერ (ან არ) ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს.

მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი პრეზიდენტი ამ მემკვიდრეობას მოსპობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი, ალბათ, ფიქრობს, რომ კობიაშვილი მასთან ვალდებულია".

გია ტუხაშვილი ("ლელო"): "2002 წლის მერე პირველად სწორედ ახლა მოხდა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და სამივე კანდიდატიც "საიდანღაც მოსული" თუ "ზემოდან დანიშნული" კი არა, ქართული საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყო.

ანუ, როგორც იქნა, გვეღირსა და ქართულ ფეხბურთს "ძალიან ზემოდან" წამოსული ბრძანება-დირექტივით კი არ დაუნიშნეს ხელმძღვანელი, არამედ 13-წლიანი პაუზის მერე ჩვენთან არჩევნები ჩატარდა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ლევან კობიაშვილის ამ არჩევნებში გამარჯვებაც კანონზომიერად მიმაჩნია...

აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში (თანაც, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში) სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერეოდა; თუმცა, საფეხბურთო არჩევნები მუდამ გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და რასაც მართლაც ჩარევა (ძალზე რბილად ნათქვამია) ჰქვია, ეს დაიწყო 2005 წელს, როცა მერაბ ჟორდანია ჯერ ძალით გადააყენეს პრეზიდენტობიდან (თანაც, ორჯერ დააპატიმრეს), მერე კი "ზემოდან" წამოსული "დირექტივის" გამო ვლადიმერ გუცაევსა და რევაზ არველაძეს საკუთარი კანდიდატურები მოახსნევინეს რიგგარეშე არჩევნებზე, რამეთუ იმდროინდელ ხელისუფლებას სფფ-ის პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცის (უმცროსის) დანიშვნა სურდა და ასეც მოხდა...

იმავე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კიდევ სამჯერ (!) მოხდა სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა თუ სასურველი კანდიდატის დანიშვნა: 2007 წელს გიორგი ნემსაძეს როგორ მოექცნენ, ყველას კარგად მოეხსენება; მერე, იმავე ხელისუფლებამ ამჯერად უკვე ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) მოიძულა და 2009 წელს სფფ-ის პრეზიდენტად იმ დროისათვის ყველასათვის უცნობი პიროვნება, ზვიად სიჭინავა დანიშნა!

სიტუაცია არც 2011 წელს შეიცვალა, როცა ქართული ფეხბურთის ბედი ისევ ზვიად სიჭინავას მიანდეს. სხვა კანდიდატი არც ყოფილა, იმიტომ, რომ შანსი არც არავის ექნებოდა!

ამ ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის ახლანდელ არჩევნებზე იმის თქმა, თითქოსდა, ლევან კობიაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოსგან მხარდაჭერის გამო გაიმარჯვაო...

უნდა დასწრებოდა თუ არა კახა კალაძე ამ არჩევნებს? დიახაც, უნდა დასწრებოდა და პირადად მე, ის უფრო გამიკვირდებოდა, იქ რომ არ ყოფილიყო. ვის-ვის და, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს და სულ ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების კაპიტანს მართლაც უნდა აღელვებდეს ჩვენი ფეხბურთის ბედ-იღბალი... ისე, როგორც არავის უნდა გაჰკვირვებოდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის იქ ყოფნა...

2003 წლის 23 ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე რაც ქართულ სპორტში და, კერძოდ, ფეხბურთში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა ყოფილა, ამ მაგალითების ჩამოთვლა მართლაც ძალიან შორს წაგვიყვანს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისევ და ისევ ფედერაციის (აღმასკომი-არველაძეები) "დამსახურებაა" რომ სახელმწიფო ჩაერია...
ლევან
15:26 08-10-2015
0
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სახელმწიფოს ჩარევა და ხალხის დაკვეთა ერთმანეთს ემთხვევა, უნდა ჩარეულიყო და ჩაერია კიდეც და მივიღეთ ის რაც 90% ს უნდოდა!
ბმბ
16:15 08-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული