შევიტყვეთ, რომ ქუთაისელთა ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, უზბეკეთში იწვევენ და შესაძლოა, მალე იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ეს ინფორმაცია თავად მეგრელაძესთან გადავამოწმეთ.
"დიახ, უზბეკეთიდან შემოთავაზება ნამდვილად მივიღე. დარწმუნებული ვარ, უმუშევრად დიდხანს არ გავჩერდები, მაგრამ რომელ გუნდში მიწვევენ, ამაზე ჯერ არ დავკონკრეტდები, რადგან ორ გუნდზეა ლაპარაკი. მალე უნდა გავემგზავრო და ყველაფერს ადგილზე გავარკვევ",
ის არ მალავს, რომ "ტორპედოდან" გაშვებით გულნატკენია:
"სამწუხაროა, რომ ქუთაისის "ტორპედომ" ასე იოლად გამისტუმრა. მგონია, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. ამ დროს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, უზბეკეთში რომ გამიხსენეს. იქ სულ წელიწად-ნახევარი ვითამაშე, მაგრამ არ დამივიწყეს. მაგრამ "ტორპედო" მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები - ყველგან და ყოველთვის "ტორპედოს" გულშემატკივრად დავრჩები.
რაც ამ გუნდის სახელით მეგრელაძეებმა გოლები ვყარეთ, დარწმუნებული ვარ, იმ რეკორდს ვერც ერთი გვარი ვერ მოხსნის. ჩემი შვილი თუ დაამატებს, რომელიც ახლა "საბურთალოში" თამაშობს".
მეგრელაძე ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა:
"როცა გავიგე, რომ კობიაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, იმ დღიდან მას ვგულშემატკივრობდი, რადგან პროფესიონალიზმის გარდა, წესიერებითაცაა ცნობილი. ქართულ ფეხბურთს კი პროფესიონალიზმის გარდა, დღეს არანაკლებ სწორედ წესიერება სჭირდება.
ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ და რა პრობლემები გვაწუხებს. დარწმუნებული ვარ, კობიაშვილმა კარგად იცის, ჩვენს ფეხბურთს რაც სჭირდება და მას ამ კრიზისიდან გამოიყვანს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"