ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა ფედერაციაში განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც დახვდა.

კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს "ვითიბი" ბანკთან, უეფა-სთან, კონტრაქტორებთან. ასევე, გაურკვეველი შეთანხმებებია დადებული სხვადასხვა კომპანიასთან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

"ჩვენი მიზანია შევისწავლოთ ეს თანხები და აუდიტორული კომპანიის დაქირავება სწორედ ამ მიმართულებით მოხდა. ეს დავალიანებები, დადებული ხელშეკრულებები, სერიოზულ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა", - განაცხადა კობიაშვილმა.

რაც შეეხება დავალიანებების დეტალებს,
კობიაშვილის თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე.

"ვითიბი ბანკთან" ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ, თუ რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა.

უეფასთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა უეფა-ს უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, თუმცა ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა უეფა-ს და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ.

კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია.

ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფა-სთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა და სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით უეფა-ში, დავსვით ამ უხერხულ საკითხებზე შეკითხვები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პრობლემებია რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც კონტრაქტორებთან ასევე არსებობს დავალიანება.

"რუსთავში შენდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა გაჩერებულია, რადგან კონტრაქტორებთან სერიოზული დავალიანებებია. გაკეთებულია იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე თანხაა დაფარული. ამ აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც. მთლიანობაში 50%-მდე სამუშაოც კი არ არის გაკეთებული", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დახვდა, არის სხვადასხვა ნაკრების ეკიპირება.

"მომდევნო დღეებში უნგრეთში 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრები მიემგზავრება. ასევე უცხოეთში სათამაშოდ მიდიან ფუტსალის ეროვნული ნაკრები და ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელთაც სათამაშო ფორმა არ ჰქონდათ. ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ეს ნაკრებები, ისევე, როგორც ყველა ნაკრები, ეკიპირებით უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კობიაშვილმა ისაუბრა, არის სხვადასხვა კომპანიასთან და ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებზეც კობიაშვილის თქმით, საკმაოდ სოლიდური თანხებია გათვალისწინებული.

"ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო.

ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული, უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ.

ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში. ფედერაციის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, პრობლემებს მოაგვარებს და სახსრებს გამოძებნის.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
არადა სიჭინავა დავით აღმაშენებლად გამოაცხადეს ლამის მისმა მომხრეებმა.აფხაზეთის მოქალაქეობა ხოარ მიუღია შემთხვევით კი მიცემდენ ისე რაც მაგან ქართველები ლანძღა.
qutaiseli
14:37 20-10-2015
0
დომენტი არა მგონია რაიმე შუაში იყოს. .....გაკეთებულია ყველაფერი!
გგგ
14:41 20-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული