"სამწუხაროდ, ფეხბურთელობისას ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაში ვერ მოვახერხე. გერმანიაში სულ ქართული ფეხბურთის პრობლემებსა და იმ მიზეზებზე ვფიქრობდი, რამაც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
გერმანიაში წლების განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ტკივილი მაინც
გავიარე მენეჯმენტის კურსები და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულება შევისწავლე. ახლა კი აქ ვარ და მინდა, გამოცდილება ქართული ფეხბურთის წინსვლას მოვახმარო. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში ერთი და ორი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის. იმედია, ამას ერთად შევძლებთ", - ამბობს კობიაშვილი.
სფფ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე ილაპარაკა:
"ფეხბურთის განვითარების სტრატეგია ერთი პიროვნების თვალით დანახული არ უნდა იყოს. ამიტომ მინდოდა, უშუალოდ ხალხისთვის მომესმინა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოვიარე და ვნახე, რა მდგომარეობაა.
ქართულ ფეხბურთში იმდენი ნეგატივი დაგროვდა, საზოგადოებამ ამ სფეროსა და ზოგადად, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგა - ეს მთავარი პრობლემაა".
კობიაშვილმა თქვა, რომ უახლოეს თვეებში მოქმედების სტრატეგიასა და ფედერაციის მმართველ ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაიწყებს:
"ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროექტის შემუშავებაში კლუბებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთში გავზარდოთ მასობრიობა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ.
გერმანიაში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 15 წლის წინათ ამოქმედდა და პროფესიულის გარდა, გერმანელები მასობრიობის გაზრდას სამოყვარულო დონეზე, სკოლებსა და აკადემიებში მაქსიმალურად ცდილობდნენ, რამაც შედეგები მოიტანა.
მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი რეგიონებში განვითარდეს. სერიოზული პრობლემებია მენეჯმენტისა და მართვის კუთხით. ამიტომ საქართველოში მენეჯმენტის კურსების დანერგვა მსურს და საგანმანათლებლო პროცესში ყველა თაობის ადამიანი უნდა ჩაერთოს, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობა.
ფეხბურთი ყველაზე მეტად არაპროფესიონალებით, მათი არასწორი მოქმედებებით ზიანდება, ახალგაზრდებისა და ბავშვების გაზრდის ერთიანი სისტემის არარსებობა კი დიდი პრობლემაა. ნიჭიერები ვართ, მაგრამ 17 წლის შემდეგ ფეხბურთელის გაზრდა გვიჭირს, რადგან ეს ბავშვები სწორად არ ვითარდებიან.
აქედან იკვეთება მწვრთნელების ლიცენზირებასა და განათლებაში არსებული პრობლემა. არადა, მწვრთნელების განათლებისა და გადამზადების გარეშე ბავშვთა განვითარება წარმოუდგენელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"