ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა

AutoSharing Option
3 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ძველი მოწვევის აღმასკომის სხდომა გაიმართა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობას პრინციპულობა აკლდა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ...

მთავარი თემა 25-ე რიგგარეშე ყრილობის მოწვევისთვის საორგანიზაციო საკითხები იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი და აღმასკომის წევრების გადაწყვეტილებით, ამ თემაზე კიდევ ერთი სხდომა შედგება - სავარაუდოდ, მომავალ კვირას.

გუშინდელ სხდომაზე კი მთავარი - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას საკითხი იყო. აღმასკომის წევრებმა მას უფლებამოსილება შეუჩერეს. ოფიციალურად, ამის უფლება ჰქონდათ, რადგან სფფ-ის წესდებით, ვიცე-პრეზიდენტს სწორედ ეს
ორგანო ირჩევს.

"აღმასკომის წევრთა ერთიანი გადაწყვეტილებით, დღეიდან გია ფირცხალავა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღარ არის. ის არჩევნების შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა და, შესაბამისად, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებში არ ჩართულა", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს არჩევნების შემდეგ ფირცხალავამ პოსტი დატოვა.

საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ფირცხალავას მიმართ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია არჩევნებამდეც ცხადი იყო - 20 ოქტომბერს ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ნაკრებებსა და სფფ-ში მოსალოდნელ ცვლილებებზე რომ ილაპარაკა, მხოლოდ ფირცხალავა ახსენა:

"ფედერაციაში 300 კაცია გაფორმებული. ბევრი მათგანი სამსახურში საერთოდ არ დადის და არავინ იცის, რას აკეთებს.

მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფუნქცია ვერ გავარკვიეთ. ეტყობა, მას მხოლოდ წერილებზე ხელის მოწერა ევალებოდა. ამავე დროს, ის ქაღალდზე იყო პროფლიგის პრეზიდენტი, რომელიც არ არსებობდა.

ასეთ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე ვლაპარაკობდი. 18 ნოემბერს, რიგგარეშე ყრილობაზე წესდებაში ცვლილებები შევა და აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევენ".

ეს გადაწყვეტილება იმასაც ნიშნავს, რომ ფიქციურად, მაგრამ ჯერაც არსებულ პროფესიულ ფეხბურთის ლიგას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და იმასაც, რომ მალე ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. ცხადია, კობიაშვილს რევაზ არველაძის თანამოაზრეების საკუთარი გუნდით ჩანაცვლება სურს და ეს ბუნებრივიცაა.

მოულოდნელი არც მეორე გადაწყვეტილება ყოფილა და ესეც ამ ცვლილებების კონტექსტში მოიაზრება: აღმასკომის წევრებს გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ აცნობა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ესეც მუჯირისგან გახდა ცნობილი:

"სხდომაზე ფირცხალავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, კახა ებრალიძის საკითხიც განვიხილეთ. მან აღმასკომის წევრებს გურიის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილება გააცნო. დღეიდან ის გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება".

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა 18 ნოემბერს გაიმართება. ყრილობა აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევს.

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს საჭირო და დროული იქნება. სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ ერთი თვის წინათ ლევან კობიაშვილსა და მის მომხრეებს გამწარებულები ებრძოდნენ, ახლა კი ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავის პოსტიდან გაშვებას ხელი ერთსულოვნად მოაწერეს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ებრალიძეე ხო, მარა მანაგაძე თვითონ დაწერს თუ შეხსენბა უნდა?
sergo
11:30 04-11-2015
0
და ჩივაძ? პირველი ეგაა მოსაშორებელი...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული