თენგიზ სულაქველიძე: მაშინ, რა ქნას სკოლამ?! რა შემოსავლით იარსებოს?!

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთს ერთგულ გუშაგად უდგას თენგიზ სულაქველიძე - ძველი, დიდი "დინამოს" გამორჩეული ფეხბურთელთაგანი, ვინც საბჭოთა ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ. ახლა ის მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს.

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს უმნიშვნელოვანესი მოვლენები მოხდა. შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა, გაჩნდა ახალი იმედები...

სულაქველიძესთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ და მერე სხვა საინტერესო საკითხებსაც გადავწვდით...

- ბატონო თენგიზ, ბოლო დროს ქართული ფეხბურთის ზედა ეშელონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. რას ელით ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან?
- ველი უკეთესობას. ველი იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დაგროვდა ქართულ ფეხბურთში. თან პრობლემა
იმდენია, რომ რთული იქნება, მაგრამ მჯერა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა, რაც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს?
- ჩემი აზრით, დღეს მთავარი პრობლემა არის ბავშვთა ფეხბურთში არსებული უმძიმესი ვითარება. უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ და ცხადია, ბევრი ვიცი ამის თაობაზე.

თუ არ ვცდები, თბილისში ბავშვთა 40 საფეხბურთო სკოლაა. ამდენი სკოლა საჭირო არ არის. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. სკოლას რომ ვამბობ, ვგულისხმობ ნამდვილ სკოლას - ისეთს, რომელიც ყველა თავისი კომპონენტით ხელს შეუწყობს ბავშვების პროგრესს.

- მაგალითად, რა არის თქვენი საფეხბურთო სკოლის, თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის მთავარი პრობლემა?
- მთავარი პრობლემა ჩვენთვის ამ დროისთვის ის არის, რომ არ გვაქვს ხელოვნური მინდვრები. არადა, გვჭირდება. მაგალითად, წვიმიან ამინდში ეს ხელს გვიშლის სრულყოფილი სავარჯიშო პროცესის წარმართვაში. სხვებს სხვა რამ აწუხებთ.

- აუცილებლად გააქტიურდება ლიცენზირების თემა. ამ საკითხს როგორ უყურებთ?
- ჩემი აზრით, სკოლების ლიცენზირებაც აუცილებელია და ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებისაც. მეტიც - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯობია, 10 სკოლა იყოს ნორმალური, ვიდრე 100 და ცუდი.

არაერთ საშუალო სკოლაშია გახსნილი ფეხბურთის ჯგუფები და ხშირ შემთხვევაში, კაცმა არ იცის, ვინ და როგორ ატარებს იქ მეცადინეობას. არადა, ეს ის შემთხვევაა, როცა პირდაპირი გავლენა ხდება ბავშვის მომავალზე. მწვრთნელი პატარა ასაკში ხომ უშუალოდ განაპირობებს ბავშვის მომავალს.

- თქვენს სკოლაში ყველა მწვრთნელი ლიცენზირებულია?
- აბსოლუტურად ყველა! მეტიც - ისინი დღესაც აგრძელებენ სწავლას. როგორც იცით, არის მწვრთნელთა განათლების სხვადასხვა საფეხური. მიმაჩნია, რომ ჩვენს სკოლაში უმჯობესია იყოს ცოტა და მცოდნე მწვრთნელი.

- რამდენი უნდა გადაიხადოს მოზარდმა იმისთვის, რომ თქვენს საფეხბურთო აკადემიაში ისწავლოს?
- თვეში 50 ლარი.

- ბოლო დროს დაწესებული საგადასახადო შეღავათები არ შეგეხოთ?
- თავიდან, როცა ამაზე დაიწყო ლაპარაკი, მეგონა, რომ შეღავათები შეეხებოდა როგორც ქონების, ისე მიწის გადასახადს. სამწუხაროდ, შეღავათი შეეხო მხოლოდ ქონების გადასახადს. არადა, რა დიდი ქონება ჩვენ გვაქვს? თითქმის მარტო გასახდელებია და მორჩა.

- რამდენს იხდით წლიურად მიწის გადასახადს?
- დაახლოებით 15 ათას ლარს. ეს არ არის პატარა თანხა. ალბათ, უპრიანი იქნებოდა, შეღავათი სწორედ ამ კუთხით შეგვხებოდა.

- და როგორ ფინანსდება თქვენი სკოლა?
- ჩვენი სკოლიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადავიდა სხვასხვა დროს სხვადასხვა გუნდში. არ არსებობს, ზამთარში ან ზაფხულში, როცა ქართული სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ჩვენი სკოლიდან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდებმა რამდენიმე ფეხბურთელი მაინც არ წაიყვანონ.

ერთი ესაა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს საფეხბურთო სკოლიდან ბავშვი რომ მიჰყავთ, უმრავლეს შემთხვევაში ფულის გადახდა არ უნდათ. არადა, ეს დაუშვებელია! მაშინ, რა ქნას სკოლამ? რა შემოსავლით იარსებოს?! ეს არის პრობლემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მოგვარება.

4-5 წლის განმავლობაში ბავშვი საფეხბურთო სკოლაში ხვეწს თავის ოსტატობას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ის სხვა დონეზე გადის სათამაშოდ, ეს ასეა, მაგრამ სკოლას ამაგი ხომ უნდა დაუფასდეს?!

- რას ენიჭება პრიორიტეტი თქვენს აკადემიაში - შედეგს თუ ხარისხს?
- შედეგიდან მოდის ყველაფერი, ეს ფაქტია. ამის მიუხედავად, მთავარია, ბავშვმა ფეხბურთი ისწავლოს - სწორი ფეხბურთი. მე, როგორც აკადემიის ხელმძღვანელს, არანაირი თასი და ტიტული არ მიღირს იმად, რომ ბავშვი დავაკომპლექსოთ და მას არასწორი დატვირთვებით მოვუსპოთ მომავალი.

როცა საფეხბურთო კარიერა დავასრულე, ბავშვთა ფეხბურთში მუშაობა იოლი მეგონა. ამას გულწრფელად გეუბნებით. არადა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ეს არის სფერო, სადაც მუშაობა არის ურთულესი, სადაც შეხება გიწევს უფაქიზეს ნიუანსებთან. სასწორზე ხომ უამრავი ბავშვის მომავალი დევს.

- ახერხებს თუ არა თქვენი სკოლა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას?
- არა, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ის კი არა, ჩვენს გუნდებს, ქალაქის პირველობაზე რომ თამაშობენ, რეგიონებში ჩასვლა უჭირთ. ჩვენთან ერთად თამაშობენ თელავის, ხაშურის, ლაგოდეხის გუნდები...

- რას ფიქრობთ რეგიონულ ლიგებთან დაკავშირებით, სადაც, გადაუჭარბებლად ვიტყვით, უამრავი პრობლემაა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, უპრიანია, რეგიონულ ლიგაში დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი ფეხბურთელებზე. იქ უნდა ითამაშოს ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა. ეს აუცილებლობა მგონია. საქმე რაშია, იცით? 20 წლის ფეხბურთელი არ არის ჩამოსაწერი. შეიძლება, რეგიონულ ლიგაში ითამაშოს და პერსპექტივა ჰქონდეს. ამიტომ უნდა იყოს ასაკობრივი ზღვარი... სადღაც 20 წლამდე. ეს იმისთვის, რომ ნიჭი არ დაიკარგოს.

არავის ვადარებ ამ დიდებულ ფეხბურთელებს, მაგრამ მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან - დავით ყიფიანმა და ვახტანგ ქორიძემ დიდი ფეხბურთის თამაში მაშინ დაიწყეს, როცა 20 წელს კარგა ხნის გადაცილებულები იყვნენ...

აქვე, ჩემს ერთ ნააზრევსაც გაგიმხელთ - ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ რეგიონულ ლიგაში დიდი საფეხბურთო სკოლების წარმომადგენელი გუნდები ითამაშებენ. საერთოდ, რეგიონული ლიგა უნდა იყოს მიმართული ფეხბურთელების პროგრესისკენ. ჩვენ გვყავს 16-17 წლის არაერთი ფეხბურთელი, რომელიც ამთავრებს საფეხბურთო სკოლას და ამის შემდეგ ვერ ხვდება ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში. და რა ხდება ამის გამო? ნიჭიერი ბავშვი რჩება ფეხბურთს მიღმა! ეს სერიოზული პრობლემაა, მას დაფიქრება და გადაწყვეტა სჭირდება...

ახალგაზრდა ფეხბურთელი რეგიონულ ლიგაში მიიღებს სათამაშო პრაქტიკას და, შესაბამისად, მიიღებს შანსს. შევა ფორმაში და მერე, შეიძლება, მისთვის დიდი ფეხბურთის კარიც გაიღოს. ზოგიერთ გუნდს და ზოგიერთ სკოლას თავისი, ასე თუ ისე მისაღები, სტადიონიც კი არ აქვს - ესეც სერიოზული პრობლემაა და ამასაც აუცილებლად სჭირდება მიხედვა.

- ბატონო თენგიზ, თავის ერთ-ერთ ბოლო გზავნილში ლევან კობიაშვილმა შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა გარიგებულ მატჩებს. როგორ უყურებთ ამ პრობლემას, როგორ უნდა მოვერიოთ ამ სენს?
- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ამაზე არაერთხელ მიფიქრია, მით უმეტეს, ადრე ვიყავი სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე... დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, პირველი ლიგიდან იქნება თუ უმაღლესიდან, უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან. დამეთანხმებით, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სენი და სადაც მეტ-ნაკლებად მოერივნენ ამას, ყველგან დიდი პრინციპულობა და სიმკაცრე დასჭირდათ.

"ეს ჩემი მეგობარია", "ის ჩემი ახლობელია" - ამგვარი მიდგომა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან საქმე ქართული ფეხბურთის მომავალს ეხება და ეს მომავალი ვერანაირად ვერ იქნება კარგი, თუ ამ ავადმყოფობას ვერ მოვერიეთ.

- საჭიროების შემთხვევაში, მზად ხართ, თქვენი ხედვა ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობას გააცნოთ?
- ქართული ფეხბურთის მომავლისთვის რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა გვჭირს ხალხნო ,ხალხს ბოლო 20 წელია ფეხბურთი ცოცხლად არ გინახავთ მწვანე მინდორზე საქართველოში თუნდაც და ფეხბურთზე მსჯელობთ!აღარაფერს ვამბობ ქართველი ფეხბურთელების თამაშზე ადრე,როგორ შეიზლება ფეხბურთზე მხოლოდ იმ მამიკოს შვილი დადიოდეს ვისაც ჯიბეზე ფული აქვს,საჭიროა ცოტა სხვა მიდგომა.სანამ ჭომას გააკრიტიკებთ,სანამ თბილისზე და ქუთაისზე დაიწყებთ საუბარს ეგებ დაფიქრებულიყავით--ბურთი ყველგან მრგვალია!
sano
12:53 09-11-2015
0
ფეხბურთის ბაბურში არა ხართ რაა!1ატყავებენ თქვეს შვილებს და არაFერი-იმიტომაა 1 ფეხბურთელი არა ყავს საქართველოს!1
giga
11:02 09-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული