რა უშლის ხელს ახალ ფედერაციას? ინტერვიუ დავით მუჯირთან

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ XXV რიგგარეშე ყრილობა 18 ნოემბერს გაიმართება, დელეგატები აღმასკომის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ და სხვა საკითხებსაც განიხილავენ.

სწორედ ეს საკითხები, დავალიანებები, ახალი აღმასკომის დაკომპლექტების პრინციპი და კიდევ სხვა აქტუალური პრობლემები - ეს იყო ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან ინტერვიუს ძირითადი თემები...

- უეფადან 2016 წელს მისაღები თანხა ფეხბურთის ფედერაციას უკვე ათვისებული აქვს. ეს ის სახსრებია, რაც სფფ-ის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კლუბების დასახმარებლად დაგეგმილზე ადრე ითხოვა ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა - როგორი ფინანსური მდგომარეობით
ხვდება ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს?

- ამ მომენტისთვის საქმეების გადაბარების პროცესში ვართ და ჯერჯერობით ის ვიცით, რომ 2016 წლისთვის უეფას სხვადასხვა პროექტიდან მისაღები სახსრებიდან უკვე ათვისებულია 2 მილიონი ევრო, ანუ 5 მილიონ ლარზე მეტი. გადაბარების პროცესი მალე დასრულდება და იმედია, ახალი წლიდან ამ თემებზე აღარ ვილაპარაკებთ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2015 წელი ისე დავხუროთ, გარანტირებული გვქონდეს სამომავლო ბიუჯეტი და ფედერაციის გამართული მუშაობა. ასე უფრო დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დაგვრჩება და მეტ ყურადღებას მივაქცევთ ეროვნულ ჩემპიონატს, ასაკობრივ ნაკრებებს...

2017 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მოგვიწევს და ჩვენი გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპია უზრუნველსაყოფი...

მოკლედ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც მიმდინარე პრობლემები ხელს უშლის. თუმცა, ჩემი დიდი სურვილია, მალე გაცილებით სასიამოვნო თემებზე გველაპარაკოს. ამდენი ნეგატივი მოსაბეზრებელია!

- მოდით, სანაკრებო თემაზე ვილაპარაკოთ. ეროვნული გუნდი სეზონს ერთი საკონტროლო მატჩით ამთავრებდა, ახლა კი, ესტონეთის გარდა, ალბანეთთანაც ვითამაშებთ. კიდევ რომელი ქვეყნის ფედერაციასთან გაქვთ მოლაპარაკება?
- მოლაპარაკებას ერთ-ერთ უცხოურ სამენეჯერო კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომ მაისში რომელიმე ძლიერ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გავმართოთ. ევროპის ჩემპიონის მონაწილე გუნდები სპარინგებს ატარებენ და გვსურს, თადარიგი წინასწარ დავიჭიროთ.

რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით და ჩემთვის გაუგებარ ფაქტს წავაწყდით - ნაკრებმა მაისში შეკრება რომ ჩაატარა, მის ორგანიზებაზე ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა და ფედერაციას ამ კომპანიის ვალი დარჩა 5 ათასი ევრო.

სამწუხაროა, როცა გაუგებარ პროექტებში სოლიდური თანხები იხარჯებოდა, ასეთი მიზერული დავალიანების გასტუმრება რატომ ვერ მოხერხდა? ეს ჩვენი ფეხბურთისა და ფედერაციის სახელს ნამდვილად არ წაადგება. მაგრამ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ.

- გავრცელებული ცნობით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 1-ელ სექტემბერს, კომპანია "TV პირველთან" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ხსენებულ კომპანიას 2-წლიანი კონტრაქტი ნახევარ მილიონ ლარად გაუფორმა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, სფფ-მ ტელეკომპანიას 180 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. როგორც გავიგეთ, მისი პირობების შესაცვლელად მოლაპარაკება წამოგიწყიათ...
- კონტრაქტის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ლევან კობიაშვილთან ერთად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შევხვდით და მოლაპარაკებები დავიწყეთ, რომ კონტრაქტის პირობებს გადავხედოთ. იმედია, საერთო ენას გამოვნახავთ.

სასიამოვნოა, რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან და ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "TV პირველის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას დათანხმდა. იმედია, წლის ბოლომდე მისაღებ ვარიანტზე შევთანხმდებით.

- 18 ნოემბერს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. საინტერესოა, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- დელეგატები აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევენ, რომლებიც პრეზიდენტის რეკომენდაციით, ახალ ვიცე-პრეზიდენტებს დაასახელებენ. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას გაგვიადვილებს და ფედერაციის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

ლევანი არჩევნებამდეც ამბობდა, რომ გუნდური პრინციპით ვიმოქმედებდით. შეიქმნება ძლიერი გუნდი, რომლის წევრებიც ამა თუ იმ მიმართულებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას.

- რამდენი წევრი იქნება აღმასკომში და რა პრინციპით დაკომპლექტდება?
- დღევანდელი წესდებით, აღმასკომში 18 წევრი და სფფ-ის პრეზიდენტი არიან გაერთიანებულნი. შესაძლო ცვლილებები ყრილობამ უნდა დაამტკიცოს. ამიტომ ვერ გეტყვით, აღმასკომის წევრთა რაოდენობაში იქნება თუ არა ცვლილებები და რა პრინციპით დაკომპლექტდება. აღმასკომის კანდიდატთა სიას მალე გამოვაქვეყნებთ და დელეგატებმა გადაწყვიტონ, ხმა ვის მისცენ. მთავარია, შეიქმნას ძლიერი ჯგუფი, რომელიც ფეხბურთის კეთილდღეობაზე იზრუნებს.

სხვათა შორის, თავად წესდებაშიც ბევრი პრობლემაა - რედაქტირებაში, იურიდიულ საკითხებსა და უეფა-ფიფას დებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. ყრილობაზე წესდებაში ამ ცვლილებების შეტანაზეც იქნება ლაპარაკი.

- ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში 300 თანამშრომელი დაგხვდათ. ცხადია, ეს მეტისმეტად დიდი ციფრია. ოპტიმალურად რა რაოდენობას მიიჩნევთ?
- შტატები აშკარად გაზრდილი იყო. მის ოპტიმიზაციაზე უკვე ვმუშაობთ და წლის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით. თუ რამდენი კაცი იქნება შტატში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მიმართულებით და როგორ ვიმუშავებთ, რა ფუნქცია ექნებათ რეგიონულ ცენტრებსა და ფედერაციებს, როგორ ვიმუშავებთ ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართულებით და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მგონი ესენი ვაფშე აზე არ არიან სად მოვიდნენ და რას აკეტებენ
tbiliskii
16:59 10-11-2015
0
სფფ იქეთ უხადოს ტელევიზიამ ფული
baltacha
17:13 10-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული