აქტუალურ თემაზე: SOS, სტადიონების გასხვისება გრძელდება!

AutoSharing Option
"ლელოს" არაერთხელ დაუწერია, თუ რა უბედურება დაატყდა ქართულ ფეხბურთს ბოლო წლებში და რამდენი სტადიონი გასხვისდა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება და, შესაძლოა, ისედაც მწირი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა მალე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს.

90-ან წლებში პრივატიზაციით დაწყებული პროცესი "პრიხვატიზაციად" და დამღუპველ ტენდენციად გადაიქცა. ამ ყველაფერს კი კანონმდებლობა უნდა გადაეღობოს...

ცნობილია, რომ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპი" წარსულს ჩაბარდა. მის ნარჩენებზე შემორჩენილ საფეხბურთო მოედანზე ბავშვებს ჯერ კიდევ ავარჯიშებენ, მაგრამ ტერიტორია გაყიდულია და მალე ეს საფეხბურთო ბუდეც მოიშლება. ასევე "ოლიმპს" ეკუთვნოდა ავლაბრის
სტადიონი, რომელიც 8 წლის წინათ გაიყიდა. ახლა იქ სახლებია წამოჭიმული, ხოლო მაცხოვრებლებმა, ალბათ, არც იციან, რომ ამ სახლების ადგილზე ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი იყო და ევროპული დონის სტადიონის მშენებლობაც იგეგმებოდა...

ცნობისთვის - 2002 წელს დაფუძნებულმა "ოლიმპმა" ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს 30-მდე ფეხბურთელი გაუზარდა: სანდრო კობახიძე, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი, გიორგი პაპავა, დათო ხოჭოლავა, მამუკა კობახიძე, ბაჩანა არაბული, გოჩა ხოჯავა, რევაზ გეწაძე, გიორგი ხიდეშელი, ლექსო ბენაშვილი, როინ კვასხვაძე, ლაშა პარუნაშვილი... ახლა ეს საფეხბურთო კერა ჩაკვდა.

ამას გარდა, ბოლო წლებში, თბილისსა და საქართველოში არაერთი სტადიონია გასხვისებული. მაგალითად, ამჟამად სარაგბო ცენტრებს წარმოადგენენ "სინათლისა" და "შევარდენის" სტადიონები და დიღომში მდებარე თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი საწვრთნელი ბაზა.

მუშტაიდის ტრადიციული და პოპულარული საფეხბურთო ცენტრი "ნორჩი დინამო" მის ყოფილ მეპატრონე ოთარ შენგელიას იძულებით დაათმობინეს. მართალია, იქ დღემდე არაფერი აშენებულა, მაგრამ ცხადია, საფეხბურთო სკოლის მოწყობაზე რომ არ ფიქრობენ - თბილისის ცენტრში წამგებიანი საფეხბურთო სკოლა არავის სჭირდება...

2009 წლიდან გაყიდულია ოქროსუბანში მდებარე ძველი 35-ე სკოლა, სადაც მესხი, კოტრიკაძე, იამანიძე, კალოევი, ყიფიანი, გუცაევი, ხინჩაგაშვილი და სხვა ვარსკვლავები გაიზარდნენ. იქ ჯერ ბაზრობა გაიხსნა, შემდეგ კი ტრაილერების სადგომად აქციეს, ახლა კი ისევ ბაზრობის მოწყობა იგეგმება...

გაყიდულია ნაძალადევში მდებარე ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორია. იქაური მინი-მოედანი წარსულს ჩაბარდა. მთავარ სტადიონზე, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ მომავალი ვარსკვლავები - ჩივაძე, მაჩაიძე, კეტაშვილი, ნემსაძე... ჯერ არ შესულან, მაგრამ ესეც დროის ამბავია და მის მფლობელს ისე შეუძლია სახლების აშენება ან ბაზრობის გახსნა, ვერავინ შეედავება - კანონი ამის უფლებას აძლევს.

ვაკეში დღეისთვის მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონია დარჩენილი. სახლები წამოჭიმეს ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის სტუდქალაქის ყოფილ სტადიონზე. კვების ობიექტია "ირაოს" ადგილზე და ბავშვების გაზრდის ნაცვლად, ახლა იქ მომავალ თაობებს გემრიელად ანაყრებენ.

ოქროყანის მშვენიერი სტადიონიც მხოლოდ ძველ სურათებში შემორჩა...

სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი შემთხვევით გადარჩა: მოედნის ქვემოთ გრუნტის წყლები გაედინებოდა და მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის პროექტი შეაჩერეს.

დღემდე გაუგებარი ვითარებაა "ავაზას" საფეხბურთო სკოლის გარშემო...

იკარგება კიდევ ერთი სტადიონი
...ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (რომელიც საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბალანსზეა გადაცემული) სასწაულად შემორჩენილ, სტანდარტული ზომის სტადიონსაც საფრთხე შეექმნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ კერძო სკოლის მშენებლობა იგეგმება.

ეს უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გვითხრა:

"თბილისში უკვე 11 საფეხბურთო სკოლისა და სტადიონის ტერიტორიაა გაყიდული ან გასხვისებული. ახლა ამ დამანგრეველ პროცესში კიდევ რამდენიმე სტადიონი მოექცა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული "ზეემკას" სტადიონი, რომელიც თბილისის მერიის ბალანსზეა და დროულად თუ არ ვიმოქმედეთ, გაიყიდება.

პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ წამოჭრა "ფეიქრების" სტადიონის თემა. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო ცენტრი და მერიაში წარსადგენად ხელმოწერებს ვაგროვებთ, რათა ეს მოედანი როგორმე გადავარჩინოთ...

კიდევ ერთი ცუდი ამბავი შევიტყვეთ - ეგრეთ წოდებული "გიული ალასანიას უნივერსიტეტის" სტადიონის გაყიდვასაც ცდილობდნენ. მადლობა ღმერთს, მერიაში უარი უთხრეს და პროცესი შეაჩერეს. არადა, ხვრელებს ეძებენ, ჩანაფიქრი რომ განახორციელონ.

მაგრამ ის, რაც მუხიანის სტადიონის შემთხვევაში მოხდა, ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. სტადიონი რომ გაეყიდათ, ტერიტორია 4 ნაწილად დაყვეს. საინტერესოა, ვინ მოიფიქრა ასეთი გეგმა? ისიც გამოსაძიებელია, ეს სტადიონები როგორ ჩაიგდეს ხელში და რატომ ყიდიან?" - ამბობს კვარაცხელია.

მისი თქმით, გამოსავალი სახელმწიფოს ნება უნდა იყოს:

"რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ყველა მცირე ზომის მოედანიც კი უნდა აღირიცხოს და მას ხელი არავინ უნდა ახლოს. მაშინ ეს ყურად არავინ იღო - ოღონდ რამე გაეყიდათ და ფული მიეღოთ, ფეხბურთი ადარდებდათ?!

სულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლებაზეა ლაპარაკი, მაგრამ რაც არის, ჯერ ის შევინარჩუნოთ. სხვაგვარად, თბილისში სტადიონი აღარ დარჩება. მე მაინც მჯერა, რომ ახლა შანსია, სტადიონები გადავარჩინოთ".

საფეხბურთო მეურნეობას უდიდესი დარტყმა მიაყენა რამდენიმე წლის წინათ ამოქმედებულმა კანონებმა, როცა თბილისის პრესტიჟულ უბნებში მიწის გადასახადი ოთხჯერ გაიზარდა, მერე კი წყლის ტარიფიც ორჯერ გაძვირდა და სტადიონების შენახვაზე კომფორტული - ტერიტორიების გაყიდვა გახდა. ასე წამოიჭიმა ბევრი სკოლის ადგილას სახლები ან სავაჭრო კომპლექსები. ვინც სკოლა შეინარჩუნა, იძულებული გახდა, ბავშვებისთვის ვარჯიშის გადასახადი გაეზარდა.

სამწუხარო რეალობაა, რომელშიც ტერიტორიის მფლობელსა და მყიდველს იურიდიულად ვერავინ დაადანაშაულებს. ერთი - კანონიერად ყიდის მიწებს, მეორე კი ასევე კანონიერად ყიდულობს. ახლაც, 35-ე სკოლის დირექციას ამ ტერიტორიის საფასურად უზარმაზარ თანხებს სთავაზობენ და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს სკოლაც არ გაიყიდება?

კანონი სტადიონების გასხვისებას არ კრძალავს და სწორედ ამას ეწირება სკოლები, რომელთა გარეშეც ფეხბურთელთა აღზრდის კონვეიერი გაჩერდა და მერე რატომ გვიკვირს, რომ საქართველოში ფეხბურთი ჩაკვდა? ფეხბურთელების გასაზრდელად სტადიონებია საჭირო და არა - მის აშენებაზე ლაპარაკი.

ეს ფაქტებიც მეტყველებს, რომ წლების განმავლობაში სპორტში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობდა. ბოლო დროს, სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში სპორტული ობიექტების მიწის გადასახადი 100-ჯერ შემცირდა და ეს დიდი შვება იყო.

მაგრამ მთავარი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კანონმდებლობის შეცვლაა, რომ სპორტულ ობიექტებს პროფილი არ შეუცვალონ. თორემ, დღევანდელი კანონმდებლობით სპორტული ობიექტი აღარ შეგვრჩება.

მართალია მამუკა კვარაცხელია - სტადიონები აღარ უნდა გაიყიდოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სტადიონებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, პირობითი გადასახადი უნდა დაუწესდეს და რომლებიც დაკეტილია იმდენად უნდა გაეზარდოთ გადასახადი, რომ მეპატრონეს მისი ამუშავება უფრო იაფი დაუჯდეს.
გუჯა კახაძე
16:07 15-11-2015
0
35 სკოლაში 6 წელი ფეხბურთზე დავდიოდი. 11 წლის რო გავხდი მერე შევედი რაგბზე და 3 წელი ვიარე, თითქმის ყოველდღე დავდიოდი სავარჯიშოდ მანდ, კალათბურთის დარბაზში 1-2 ჯერ შპრიციანებიც დამინახია და გასახდელში სადაც დასაჯდომი ქვის იყო(ან საერთოდ არ იყო არ მახსოვს) დიდი დრო გამიტარებია. საქართველოს რაგბის ნაკრებში მოასპარეზე მორაგბესთან ერთად ვვარჯიშობდი(თამაშით ვერა დიდი იყო ასაკით), მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ეხლა 2 რამეზე მწყდება გული.
1. ეხლა გავიგე რო ასეთ ცნობილ ფეხბურთელებს უვარჯიშიათ მანდ და გაიზარდნენ.
2. ეგ ადგილი ბაზრობად გადააქციეს. რო არ გაამართლა მერე მანქანების სადგომად გადააკეთეს.

არა კიდე გამახსენდა რაზე მწყდება გული. ოქროს უბანში მაგ ტერიტორიაზე 1 სათამაშო მოედანიც აღარ არის რო ბავშვებმა სპორტზე იარონ. მერე კიდევ იტყვიან ნეტა რატო ფუჭდება ახალგაზრდობაო, პირობა შეუქმენით და არ გაფუჭდებიან....
giorgi
22:40 15-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული