დადის ახლა ეს ბიჭი სოხუმის ქუჩებში ქართული მაისურით. აი, რა შეუძლია ფეხბურთს...

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემა რომაა, ეს ყველამ იცის. განსაკუთრებით გვიჭირს ბავშვთა ფეხბურთში.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ სწორედ ეს სფერო გამოაცხადა პრიორიტეტად. თუმცა ყველა წინა უფროსობის ხელში ასე იყო, ოღონდ, საქმე არ კეთდებოდა. იმედია, ახლა მაინც დაედგმება თავი პრობლემის გადაჭრას...

ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ქართული ფეხბურთი მხოლოდ ნაკრები ან ეროვნული ჩემპიონატი არ არის. რა ხდება ფესვებში?

შევხვდით საფეხბურთო სკოლა "აფხაზეთის" მწვრთნელ ემზარ ნარმანიას, რომელიც დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებულ გუნდს ავარჯიშებს...

გვიანდება, ძალიან გვიანდება...
- არ მინდა, ვინმეს
მოვახვიო თავს ჩემი პრობლემები, მაგრამ ალბათ, არც უთქმელობა ივარგებს, - გვითხრა ბატონმა ემზარმა, რომელმაც მწვრთნელობა 2010 წლიდან დაიწყო, - 35 ბავშვს ვავარჯიშებ, აქედან 32 - დევნილია. სასწორზე ხომ 35 მოზარდის მომავალი დევს...

- მოგვიყევით თქვენს ბავშვებზე...
- ვვარჯიშობთ თბილისის ზღვაზე და "შატილზე". "შატილის" ხელმძღვანელობას დიდი მადლობა! როგორც დევნილთა გუნდს, შეღავათიანი საგადასახადო გრაფიკი გვაქვს. თბილისის ზღვაზე კი ვვარჯიშობთ "კადეტთა კორპუსის" დასახლებაში მდებარე სტადიონზე, რომელიც ვერანაირ მოთხოვნას ვერ პასუხობს. ვაწებებთ ხალიჩას და შეძლებისდაგვარად ვუვლით, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველაფერი ძველდება...

- თვეში რამდენია გადასახადი თქვენს სკოლაში?
- 25 ლარია თვეში. ჩემი აზრით, ეს მინიმუმია. 12 ბავშვი ამ მინიმუმსაც ვერ იხდის, მაგრამ რა ვქნათ, მათ ვერ მივატოვებთ...

- გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპეციფიკურ კონტინგენტთან გიწევთ მუშაობა...
- ასეა. ჩვენ ყველას დაგვინგრია ფსიქიკა აფხაზეთის ომმა. თან ცნობილი ფაქტია, რომ მშობლის ფსიქიკური ტრავმა შვილებზე გადადის... ეს ბავშვები ყოველდღიურად ეჯახებიან უამრავ ცხოვრებისეულ პრობლემას... წარმოიდგინეთ, ბევრი მათგანი ოჯახი 12-15 კვადრატულ მეტრ ფართობში ცხოვრობს...

ჩვენ ბევრს არაფერს ვითხოვთ - მხოლოდ ელემენტარულ ყურადღებას! 2012 წელს არჩევნები რომ იყო, თეა წულუკიანი იყრიდა ჩვენთან კენჭს და თანადგომას დაგვპირდა. მერე კიდევ იყო არჩევნები და ამჯერად ქალბატონმა კორძაიამ მოგვცა პირობა, რომ დაგვეხმარებოდა... მერე, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კახა კალაძე და დავით ნარმანია შეხვდნენ ჩვენს ბავშვებს.

ჩვენ გვქონდა მხოლოდ ორი თხოვნა: პირველი ის, რომ როგორმე მოგვარებულიყო სტადიონის პრობლემა, და მეორე - თუ შესაძლებელი იქნებოდა, სოციალურად დაუცველი მოზარდების სწავლის საფასური ყოფილიყო ანაზღაურებული...

როგორც ვიცი, ამ ცოტა ხნის წინათ ბატონმა დავით ნარმანიამ ჰკითხა ნაძალადევის რაიონის გამგებელს, რა ხდება იმ სტადიონთან დაკავშირებით, ბავშვებს რომ შევპირდითო? გამგებელმა უპასუხა, 2016 წელს სტადიონი მზად იქნებაო... არადა, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენთვის უნდა მოწყობილიყო სტადიონი, ხეები დარგეს. ვუთხარი კიდეც ნაძალადევის რაიონის გამგებელს ამის თაობაზე. მითხრა, აუცილებლად ამოვალ და ვნახავო.

გვიანდება, ძალიან გვიანდება...

ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა...
- საერთოდ, რით არსებობთ?
- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც მე მაქვს. ჩვენ კიდევ ჯანდაბას, ორი მწვრთნელი ვართ - მე და ვახტანგ ჩოჩიშვილი. ჩვენი ბავშვების ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ბავშვი რომ ვარჯიშიდან მოვა შეციებული და ვერ გაათბობ, ეს ნორმალურია?! ა

ფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რაც შეუძლიათ, ჩვენთვის არაფერს ინანებენ - ბურთი იქნება, "ფიშკები" თუ სხვა...

ჩვენს ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ მგზავრობა გვიწევს საგარეჯოში, გურჯაანში, ნახიდურში, წილკანში... ამის თქმას ადრე მოვერიდებოდი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, დროა. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ყველამ გაიგოს ერთი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის თაობაზე...

- რა ფაქტს გულისხმობთ?
- ადრე მე კიდევ მყავდა გუნდი. ის უსახსრობის გამო დამეშალა. ახლა, ამ გუნდსაც იგივე საფრთხე რომ დაემუქრა, გადავწყვიტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მივსულიყავი. იანვარი იყო. ზვიად სიჭინავას ნახვა თავიდანვე გამოვრიცხე - მასზე სულ მესმოდა, ცოტა მძიმე კაციაო. ვიკითხე რევაზ არველაძე. შემიყვანა კაბინეტში. აღმოჩნდა, რომ იცოდა ჩემი გუნდის თაობაზე. სულ ორი წუთი ვილაპარაკეთ და საბანკო ანგარიში თუ გაქვსო, მკითხა. ვუთხარი. მეორე დღეს მომდის "მესიჯი" - ამდენი და ამდენი დაირიცხა თქვენს ანგარიშზეო...

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი იყო, არ არსებობს სამყოფი ფული. მთავარი - ჟესტი და კეთილი ნებაა. ვიცი, რომ ეს არ იყო ფეხბურთის ფედერაციის ფული. ეს იყო "არველაძეების ფონდის" მიერ გამოყოფილი თანხა. სანამ რეზო არველაძე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა, არ მითქვამს ამის თაობაზე. მგონი, ახლა შეიძლება - რეზო უკვე კერძო პირია. მერე ქურთუკები გამოგვიყვეს გუნდისთვის. დღემდე, ყოვეთვიურად ირიცხება ის თანხა ჩვენს ანგარიშზე...

მე ერთს ვიტყვი - რევაზ არველაძე და, საერთოდ, ძმები არველაძეები უფრო დიდი მოჭირნახულენი არიან დროებით დაკარგული ჩვენი მიწისა, ვიდრე ის ბიზნესმენები, რომლებიც აფხაზეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ თითიც კი არ გაუნძრევიათ, არ დაგვხმარებიან....

- ნიჭიერი ბავშვები გყავთ?
- რამდენიმე ბავშვი გვყავს ისეთი, კარგი ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, მაგრამ მთავარი ეს მაინც არაა. მთავარი ისაა, რომ ბავშვი ქუჩას სცდება, ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს...

- როცა თქვენგან ეს ბავშვები შედარებით წელგამართულ სკოლებს მიჰყავთ, კომპენსაციას იღებთ?
- არ მიღირს არანაირ ფულად ის, რომ ჩემი ბავშვის მომავალი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ მას აქვს უკეთეს სკოლაში გადასვლის შანსი, არ ვუშლით ხელს. ჩემთვის ეს შემოსავლის წყარო ვერ იქნება. მე ჩემი კუთხის სიყვარული მამოძრავებს, თორემ ჩემი ძირითადი შემოსავალი მსაჯობიდან მიღებული თანხაა.

- აქცენტს შედეგზე აკეთებთ?
- ამ ასაკში შედეგზე არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი, ამის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, თვითონ ბავშვებს აქვთ გამარჯვებისკენ დაუოკებელი ლტოლვა და ხშირად ისეც ხდება, რომ ეს მათი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჯერ სწორი ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ ბავშვებს.

აფხაზეთში ის ძველი დინამო კიდევ უყვართ და ახსოვთ...
- ბატონო ემზარ, თქვენ აფხაზეთიდან ბრძანდებით. როგორ გგონიათ, ბევრი დააკლო აფხაზეთის დაკარგვამ ქართულ ფეხბურთს?
- ძალიან ბევრი! აფხაზეთში გაზრდილი ფეხბურთელი სულ სხვანაირი ტექნიკისა და "ჟილკის" პატრონი იყო. ჩვენთან უმაღლესი დონის გუნდები ჩამოდიოდნენ შეკრებაზე. მათთან თამაშში, გინდოდა თუ არა, ბევრს სწავლობდი... დააკვირდებოდით - თბილისში რაიონიდან რომ ჩამოდის მოზარდი, ის ძველებურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ჟინს კარგავს. ძლიერი რეგიონების გარეშე, ვერ წარმომიდგენია ძლიერი ქართული ფეხბურთი...

დღეს ბავშვი კომპიუტერს მიეჯაჭვა. მესმის, 21-ე საუკენეა, უსაზღვროა ტექნიკური პროგრესი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ არის გამართლებული. ამიტომაცაა, რომ ეზოს, ქუჩის ფეხბურთი პრაქტიკულად რომ დაგვეკარგა.

- ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც გკითხავთ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ჩვენში ბავშვთა საფეხბურთო ცენტრები შეიქმნება. ეს ხომ არ "ჩაყლაპავს" შედარებით პატარა სკოლებს?
- ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შეეხეთ. ეს ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი. უბრალოდ, ვერ გაუძლებს სისტემა. ავიღოთ თბილისი. დღეს ის, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ერთადერთი საფეხბურთო ცენტრია საქართველოში და მგონი, ბოლომდე ვერც ის უძლებს. ცენტრალიზაცია კარგია, მაგრამ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.

- თქვენ აფხაზეთში მეგობრები დაგრჩათ. თუ ეხმიანებით მათ, დარჩა იქ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა?
- დარჩა და ჩემპიონატსაც ატარებენ. ეგაა, ძალიან სუსტი პირველობაა და ვერც იმას ვიტყვი, რომ ბევრი ვიცი იქაურ საფეხბურთო ამბებზე.

მე თქვენ მოგიყვებით ერთ სულისშემძვრელ ისტორიას, რომელიც, ვფიქრობ, დააინტერესებს "ლელოს" მკითხველს... ერთი აფხაზი კლასელი მყავს, ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, ომის წლების შემდეგ აღარ გვინახავს ერთმანეთი.

კომპიუტერის მეშვეობით მომძებნა. დღესაც კი აფხაზეთში ძველი თბილისის "დინამოს" კულტია. ის კაცი დიდი გულშემატკივარია და მთხოვა - თუ შეგიძლია, "დინამოს" მაისურა გამომიგზავნეო... მე ვუთხარი, არ მაქვს "დინამოს" მაისურა, მაგრამ მაქვს პირადად თენგიზ სულაქველიძის მიერ ნაჩუქარი მაისურა, მისი აკადემიისაა, ნომრით და ბატონი თენგიზის ხელმოწერით-მეთქი. ის მეუბნება - თუ გამომიგზავნი, მაგაზე ძვირფასი საჩუქარი არ მექნებაო. და ვაჩვენე ის მაისურა "სკაიპით". კი გამოგიგზავნი, მაგრამ ჯერ ერთი, როგორ მოგაწოდო და მეორეც - აფხაზეთში რომ ივლი საქართველოს გერბიანი მაისურით, რამე პრობლემა არ შეგექმნას-მეთქი, ესეც ვუთხარი. მაგაზე ნუ ჯავრობ, აქ ისევ უყვართ და ახსოვთ თბილისის "დინამოო"...

მეორე დღეს ქალბატონი მოვიდა ჩემთან და იმას გავატანე მაისურა. დისშვილი ჰყავს ჩემს მეგობარს, 18 წლის ბიჭი. ჩაუტანია იმ ქალბატონს მაისურა და იმ ბიჭს ეგრევე გამოურთმევია ბიძისთვის: ეს შენ არ გარგებს, მე ჩავიცვამო.

დადის ახლა ეს ბიჭი სოხუმის ქუჩებში ქართული მაისურით. აი, რა შეუძლია ფეხბურთს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა სამივე დზმას.მუდამ სიკეტიტ გევლოტ ტ6კვენც და ტკვენს შტამომავლობას.მჯერა,რომ კიდევ ბევრს გააკეტებტ საკარტბელოსტბის.
ნუნუ
11:16 05-12-2015
0
კარგი სტატიაა ! რეზო არველაძის ჟესტი არ გამკვირვებია , მაგრამ მაინტერესებს - რატომ არ იყო მსგავსი ადამინური ფედერაციის გენ მდვინად ?! თუ *ზვიად - დომენტი* აფუჭებდა ყველაფერს , რატომ არ წამოვიდა ?!
კახაბერი
11:58 28-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული