ერთი თვის წინათ, პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტადიონის აშენების თემა ბათუმში ისევ აქტუალური გახდა და შესაბამისი მაკეტები კიდევ ერთხელ წარმოადგინეს. არადა, დიდი ხანია, ამ ორი საფეხბურთო ქალაქის გულშემატკივრებსა და გუნდებს მსგავსი დაპირებებით კვებავენ. სწორედ ამან გამოიწვია, მსგავს ინფორმაციებს გულშემატკივართა მხრიდან მწვავე რეაქცია რომ მოჰყვა...
ეს პესიმიზმი და გაღიზიანება გასაგები იყო, რადგან ბოლო 10
იმავე ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით, საქმე წინ ვერ მიიწევდა. პირველი ტენდერის ერთადერთი მონაწილე რუსეთში რეგისტრირებული კომპანია "ლიტომის" საქართველოს წარმომადგენლობა იყო. მაშინ ზუგდიდის მერიამ კომპანიას უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. როცა ტენდერების შემდეგ საქმე ვერ კეთდება, ცხადია, იმედიც კვდება.
მეორეცაა - სტადიონები დიდი ფუფუნებაა და მის აშენებას ფულის გარდა, ცოდნაც უნდა. გულშემატკივართა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საარჩევნო ტრიუკია და მეტი არაფერი. ანუ ჯერ ააშენეთ და "ჰოპლა" მერე დაიძახეთო. აბსოლუტურად მართალია.
ზუგდიდში შედეგიანი მხოლოდ მესამედ გამოცხადებული ტენდერი აღმოჩნდა, რომელშიც ორი კომპანია მონაწილეობდა: "ლიტომი" და შპს "დაგი". საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა და ქალაქის მერიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 9,747 მილიონი ლარია.
ზუგდიდის მერიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქმე მკვდარი წერტილიდან დაძრულია და უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ჯანაშიას ქუჩა N15-ში უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად დაიგეგმა: პირველი - 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა - 2017 წლის 30 სექტემბრამდე. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
იმედია, ზუგდიდსა და ბათუმს თანამედროვე სტადიონები ამჯერად მაინც ეღირსებათ და ხალხს ამ ქალაქებში ჩატარებული მორიგი ტენდერების ამბავს აღარ ვაცნობთ. ეს უკვე ხალხის დაცინვა იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"