მე ჩემს სატკივარს სახალხოდ ვიტყვი და ყველამ გაიგოს. ჩემს გულახდილ მიმართვას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს, თუმცა ყველამ ყურადღებით უნდა მომისმინოს: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც, სახელმწიფოს მესვეურებმაც, ქომაგმაც... საერთოდ, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ქ
არდადეგებზე გავიდაო, ჩემზე ამბობენ. ვაი, ასეთ არდადეგებს. ხეირიანად ისიც კი არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა. გუნდებს პირველი ეტაპის სარგო ფული უკვე დახარჯული აქვთ. სპონსორი ქართულ ფეხბურთში არ ჩანს და მეოხი. ფედერაციამ კლუბებს ფული მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაურიგა. ახლა მხოლოდ გამგებლებისა თუ გუბერნატორების კეთილგანწყობის იმედი მაქვს.
21-ე საუკუნეში, როცა შენი ბედი პოლიტიკოს ჩინოსნებზე ჰკიდია, მშვიდად ვერაფრით იქნები. ზოგი გამგებლისთვის გერი ვარ, ზოგისთვის - შვილი. შვილი, ოღონდ ის ზედმეტად მკაცრი მამაა და თავის გუნდს სახეს იმდენჯერ უცვლის, იმდენჯერ აყენებს კუთხეში, რამდენჯერაც მოესურვება. მკაცრი და უვიცი.
ზოგისთვის მე, უბრალოდ, იარაღი ვარ. ეროვნული ჩემპიონატი და იმ ჩემპიონატში გუნდი იმიტომ სჭირდება, რამდენიმე ასეული კაცი დასაქმებული რომ ჰყავდეს. ხალხი ჩუმად იყოს და ხარისხი არ იყოს. ხარისხი არ აინტერესებს. ასეთი რამ მე ხელს არ მაძლევს...
მიტოვებული კაცი ცოდოა. მეც ყველასგან მიტოვებული ვარ. ადრე შემთხვევით მაინც შემოივლიდა ვინმე თამაშზე, ახლა ძვირფასი ქუდი რომ შეუგდო, სტადიონზე კაცი მაინც არ შედის.
იყო დრო, საქართველოში ავტომატები კაკანებდნენ. მე მაინც არ გავჩერებულვარ. ომი იყო და, ქართულ სტადიონებზე ბურთი მაინც გორავდა. ხშირად ქალაქები ხელიდან ხელში გადადიოდა და ფეხბურთი მაინც არ შეჩერებულა.
მაშინ ფეხბურთელები იყვნენ. ბევრი და კარგი. მაშინ ევროთასები ახალი ხილი იყო ჩვენთვის და ჩვენი მწვრთნელების უმრავლესობამ არც სემინარი იცოდა, არც ინგლისური და არც მეტოქის გასაშიფრი ათასგვარი პროგრამა. მაშინ საკუთარ წვენში ვიხარშებოდით და მილიონი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ის დრო ამ დროს ნაღდად სჯობდა.
ჩემი ყველა გუნდი თვითმყოფადი იყო. ყველა გუნდს ჰყავდა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მაინც, რომლის თამაშსაც ნახავდი და დაიმახსოვრებდი. ახლა სხვა სიტუაციაა.
ახლა სხვადასხვა გუნდის თამაშს უყურებ და თითქოს ყველა ფეხბურთელი ერთია. ჩემს მაყურებელს ძალიან მახვილი თვალი სჭირდება, გუნდებში ინდივიდები რომ იპოვოს. ისინი მაინც არიან, მაგრამ ძალიან ცოტა.
ათი არ ვარგოდა და "თექვსმეტობანა" წამოიწყეს. მე მარტივი კითხვა მაქვს იმათთან, ვინც ხელოვნურად "გამბერა" - თქვე დალოცვილებო, 10 გუნდისთვის საჭირო მაღალი დონის ფეხბურთელი თუ არ იყო საქართველოში, 16-ისთვის საკმარისი საიდან გამოჩნდებოდა?! საშუალო სკოლა ხომ ყველამ დაამთავრეთ? მგონი, თქვენი სახლის კედლებს უმაღლესში მიღებული სქელ-სქელი დიპლომები ამშვენებს და წესით, ამდენი მათემატიკა კი უნდა იცოდეთ.
მერე, თქვე დალოცვილებო, ფეხქვეშ რომ მთელავთ, აღარ გრცხვენიათ?! ყველა ჩემ მოტყუებაზეა გადასული. ყველა აწყობს და აკეთებს. უმაღლესში თუ ცოტა ნაკლებად, პირველ და რეგიონულ ლიგაში სულ სასწაულია.
ამაზე კაი ძველი ქართველი ულვაშს გადაიგრეხდა, დანანებით ხელს ჩაიქნევდა და გვარიან შეკურთხებას თან დააყოლებდა - "ნამუსი აღარ არის, ვეჟო?! მერე რა, რომ ჩუმად ვარ, მერე რა, რომ ლაპარაკი არ ვიცი? განა, არ ვიტანჯები ლაფსა და ჭუჭყში, ყელამდე სიბინძურეში ჩაფლული?!
ქართულ ფეხბურთში ახალი ხალხი მოვიდა. ჯერ რაც ამ ამბისგან სიკეთე ჩანს, ისაა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჩემი დაფასება ისწავლეს. ესეც კარგია. სულ არაობას ეს მაინც სჯობს.
იმის იმედი კი მაქვს, რომ ეს ხალხი ვალებს გაისტუმრებს, ჩემთვის მოიცლის და ჩემს ყოფას ოდნავ უკეთესს მაინც გახდის, თორემ რა ყოფნა და რა არყოფნა? - ერთი შეწვი და მეორე მოხარშე...
ფედერაცია ერთია და თუ სახელმწიფო არ შემეშველა, დასტურ მოვკვდები. ფედერაცია მე ფულს ვერ მომცემს. ფული სახელმწიფომ უნდა მომცეს. ფედერაციამ კი ჩემი უნდა გაწმინდოს ორგანიზმი, ათასი მეტასტაზი რომ მოსდებია.
"ფუტბოლში" დღეს ფული არ არი, ძმაო, უნდა გაინძრე, უნდა მიდგე, მოდგე და ყველაფერი იქნება", - ასეთი აზროვნების ხალხმა ჩემს არსებობას აზრი დაუკარგა.
მე ფული სხვის ჯიბეში არასოდეს მითვლია. ეს ცუდი ჩვევა მგონია და რაც ჩემთვის მიუღებელია, იმას არც არასოდეს გავაკეთებ.
ასეა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - ხალხს რომ 400-500 ლარი აქვს ხელფასი და ის ხელფასიც თვეობით არ აუღია, ხალხს რომ მაგრად უნდა უჭირდეს და ნაირ-ნაირი მანქანებით რომ "დაგრიალებს", ნეტავ, როგორ და რატომაა ეს ამბავი?
მე ასე ვფიქრობ: ფეხბურთელს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. იმხელა ხელფასი, რომ მან მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, რადგან ორი კურდღლის მადევარი ხშირად ერთსაც ვერ იჭერს ხოლმე, მაგრამ როცა ფული სანთლითაა საძებარი და იმ ფულის პოტენციური პატრონი მაინც მაგრადაა, ცოტა საეჭვოა. ჩემს ხარჯზე ხომ არ არის ეს ყოველივე? ამ კითხვასაც სჭირდება დასაბუთებული პასუხი.
ცუდი ხალხის ხელში ცუდად ვარ. დღეს ჩემი შვეიცარიელი და ავსტრიელი კოლეგები კარგად არიან, მე კი ვკვდები. თუ არ მიშველეს, ნაღდად მოვკვდები. ახლა კი ცოტა უნდა დავისვენო. არადა, 25 წლის წინათ რა შვეიცარია და ავსტრია - სულ ცოტა, ჰოლანდიას ვეტოლებოდი შორეულ ოცნებაში...
სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას და მე აქეთ უნდა გკითხოთ - დავიწყებთ კი მეორე განყოფილებას? ან თუ დავიწყებთ, ვის ვჭირდები ასეთი - ნამუსშელახული, თამროსავით შერყვნილი და უფუნქციო.
თუ ჩემი ერთადერთი ფუნქცია ის არის, რომ ივლისში დასაწყებ ევროთასებზე სხვისი ჟინი მოვკლა და ზვარაკივით ზედ წავეკლა საშუალოზე დაბალი უცხოური კლუბების ამბიციებს, მაშინ უმჯობესია, საერთოდ შევწყვიტო არსებობა.
16-გუნდიანი გამხადეს და თქვეს, ეს ნოვაცია ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმოაჩენსო. ჩვენს მწვრთნელებს ორი ახალგაზრდა მოთამაშის დაყენება ევალებათ ძირითად შემადგენლობაში და იმასაც ფორმალურად აკეთებენ.
დაიწყებს ბიჭი ძირითადში თამაშს და მე-10 წუთზე ცვლი. იმ ბიჭს სათადარიგოთა სკამზე სათამაშოდ გამოწყობილი პარტნიორი ელოდება. ის ბიჭი ახალგაზრდაა, კარიერას ახლა იწყებს.
იმის ნაცვლად, რომ ამ ინიციატივის მთავარ სამიზნეებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოვუფრთხილდეთ, ჩვენ სერიოზულ ზიანს ვაყენებთ მათ კარიერას. მესმის, მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვისაც უნდა, იმას დააყენებს, მაგრამ შენ თუ კლუბი გქვია და საკლუბო თავმოყვარეობა გაქვს, უნდა შეძლო, რომ:
თუნდაც იმ გაქანების საკლუბო აკადემია გქონდეს, რომელიც ორ ისეთ ახალგაზრდა მოთამაშეს გაგიზრდის, რომელიც უპრობლემოდ ითამაშებს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ან, თუ შენი აღზრდილი არ გყავს, ადექი და მოიყვანე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გაგიძლიერებს და სამომავლო პერსპექტივაშიც გამოგადგება.
მოკლედ, ჭირი და სატკივარი იმდენია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფაქტია, უნდა მიშველოს ვინმემ, თორემ ჩემი საქმე წასულია და თუ ჩემი საქმე წავიდა, ვერც ქართული ფეხბურთის ქარავანი ივლის აღმა.
მე უნდა ვიკითხო და პასუხი თქვენზე იყოს - დავიწყოთ მეორე განყოფილება? ღირს კი?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"