მურთაზ შელია: მაქვს პროექტი, რომელიც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს...

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, "ცხინვალის" დირექტორი და თბილისის საკრებულოს წევრი მურთაზ შელია ამბობს, რომ ქართულ ფეხბურთს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება...

"თუ ფეხბურთს არ მიეხედა და ფინანსები არ ჩაიდო, წლები დაიკარგება და სიტყვას გაძლევთ, უარეს დღეშიც აღმოვჩნდებით.

ჩვენთან თაობები მოდიან, მაისურაძის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ცეცაძემაც გაიყვანა, მაგრამ დღეს ამ ფეხბურთელებიდან რომელია ძლიერ გუნდში? სამწუხაროდ, მათ ხელი ვერ შევუწყვეთ და ერთ ადგილს ტკეპნიან. იმიტომ, რომ ძალიან დაბალი დონის ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს.

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ
ფაქტია - მე ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გავიზარდე და იქ მეჩაიეთა ბრიგადები რომ გუნდებს აკეთებდნენ, მათზე მაღალი დონის ჩემპიონატი არ გვაქვს", - ამბობს მურთაზ შელია.

"ცხინვალის" დირექტორი განიცდის, რომ ბევრად სუსტმა საფეხბურთო ქვეყნებმაც გაგვისწრეს:

"გული მწყდება, რომ ევროპის ლიგაზე გავიდა აზერბაიჯანის ორი გუნდი; ყაზახეთის, ბელორუსისა და ალბანეთის წარმომადგენლები, საქართველოს გუნდები კი პირველივე ეტაპზე გამოვარდნენ.

ბორისოვოს ბატე როდის დაარსდა, ან ტირასპოლის "შერიფი" და ალბანური "სკენდერბეუ"? აზერბაიჯანელებს, მოლდოველებსა და ალბანელებს ყოველთვის ვუგებდით, სანამ დონეს მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებდით, მაგრამ დიდი ფული ჩადეს და გაგვისწრეს. იმითაც გაძლიერდნენ, რომ ლეგიონერები მიიზიდეს, პატარა ბავშვებმა კი ფეხბურთი და ქცევა მათგან უნდა ისწავლონ. მაგალითად, აეკ-მა ასაკოვანი გუდიონსენი ჩაიყვანა, რომელმაც თბილისის "დინამოს" ევროპის ლიგის ჯგუფში გასვლის შანსი მოუსპო.

ჩვენი ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის სახელოვანი უცხოელების ჩამოყვანა გვჭირდება, რომელთა სანახავადაც ხალხი ოჯახებით ივლიან, რომლებზეც ბავშვები ეზოებში ილაპარაკებენ და მისი თამაშის ნახვის სურვილი გაუჩნდებათ. ჩვენ კი დიდ კრიზისში ვართ და ამას მხოლოდ ფული უშველის. ესაა გამოსავალი, დანარჩენი ყველა ლაპარაკი ფუჭია.

500-ლარიანი ფეხბურთელით ჩემპიონატის ჩატარებას აზრი არ აქვს. ამ დროს, აზერბაიჯანში მინიმალური ბიუჯეტი 5-6 მილიონი ევროა, მაქსიმალური კი - 50 მილიონი ანუ, დაახლოებით, 130 მილიონი ლარი. მილიონიანი ბიუჯეტებით მათ გუნდებს როგორ უნდა ვაჯობოთ"?

შელიას "ცხინვალის" მაგალითი მოჰყავს:

"მარტო სტადიონებისა და მოედნების არენდაში "ცხინვალი" წელიწადში 200 ათასამდე ლარს ხარჯავს. დავითვალეთ: გუნდს მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისთვის წელიწადში 2,5 მილიონი ლარი სჭირდება. მილიონი და მილიონნახევარი ლარით საქმე არ გამოვა და წყალში გადაყრილი იქნება, რადგან რეალურად, ვერც გუნდს ვაკეთებთ და პროგრესიც შეუძლებელია.

უფულო გუნდი ისევეა, როგორც მოცურავე - უწყლო აუზში. დღეს ჩვენ არც სტადიონი გვაქვს და არც ბაზა, მაგრამ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე ვართ, რაც სასწაულია. ეს ბიჭებისა და კახა კაჭარავას სტაფის მონდომების შედეგია.

არ მინდა, რომ გუნდი ფინანსების გამო დაიშალოს. ამბიციური კაცი ვარ და ფული თუ არ გვექნება, აღარც მიზანი იქნება. ესაა ჩემთვის დაშლის ტოლფასი, თორემ ჭრიჭინა გუნდი ყოველთვის გვეყოლება, რომელიც ქართულ ფეხბურთს ვერაფერს შესძენს.

საერთოდაც, უნდა შეიქმნას ყველა პირობა, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გუნდები ღირსეულ პირობებში იყვნენ. დიმა სანაკოევისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ის დიდ ქართულ საქმეს აკეთებს და ჩვენსა და ოსებს შორის ურთიერთობის მოგვარებაშიც დიდ როლს ასრულებს. მას და გუნდს მხარდაჭერა სჭირდებათ".

შელია ამბობს, რომ სახელმწიფო კლუბებს ფეხბურთელების შენარჩუნების ბერკეტები არ გააჩნიათ:

"ჩვენ ხანგრძლივი და სტაბილური დაფინანსების გარანტია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს 3-წლიან კონტრაქტებს ვერ ვუფორმებთ - მაქსიმუმ, ერთწლიანი ხელშეკრულებების საშუალება გვაქვს. ეს კი მოთამაშის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად საკმარისი არაა. აქედანვე გამომდინარეობს, რომ ყოველ წელს შემადგენლობა იცვლება, არასტაბილური გუნდი კი ვერაფერს მიაღწევს.

ახლა ჩვენ ახალგაზრდული ნაკრების 4 კანდიდატი გვყავს, მაგრამ კონტრაქტები დაუმთავრდებათ, წავლენ და ჩვენ მათ აღზრდაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ეს ჩვენი სახელმწიფო კლუბების სატკივარია".

ვეტერანი ფეხბურთელი საინტერესო იდეას გვთავაზობს:

"მაქვს პროექტი და მჯერა, მისი განხორციელებით ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.

ვგულისხმობ შავიზღვისპირეთში საფეხბურთო ბიზნესის განვითარებას. აჭარისა და გურიის სანაპირო ზოლში მცხოვრებლები, ბოლო დროს კი ანაკლიაშიც, მთელი წლის განმავლობში მასობრივად ფულს მხოლოდ ორ თვეში შოულობენ - ივლისის ბოლოს, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში. ყველა ამ დროის დადგომას ელის, დამსვენებლები რომ მიიღონ და ოჯახებში შემოსავალი შეიტანონ. ამის გამო იღებენ კრედიტებს და აშენებენ სასტუმროებს.

ახლა წარმოიდგინეთ, ეს სეზონი 5 თვემდე რომ გაგრძელდეს, შემოსავლები როგორ გაიზრდება და ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე როგორ აისახება. ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანა საფეხბურთო ბიზნესის პოტენციალს გამოიყენებს. საამისოდ, აუცილებელია ბათუმში, ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთში, ჩაქვში, ანაკლიაში მდებარე სასტუმროებში ფეხბურთისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა - სტადიონების, ფიტნესდარბაზების, გადახურული სპორტული დარბაზების, წვიმის დროს რომ გუნდებმა ივარჯიშონ და ასე შემდეგ.

ასე საქართველოში უცხოურ გუნდებსაც მოვიზიდავთ და ზაფხულის გარდა, სეზონი ზამთარსა და ივნისშიც გაგრძელდება, ხალხს კი შემოსავალი გაუჩნდება.

ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამო ხალხი იქით წასვლას ერიდება და ესეც ჩვენი პლუსია. ყაზახეთ-უზბეკეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის გუნდები ჩვენთან ჩამოვლენ, რადგან მგზავრობა იაფი დაუჯდებათ და მათგან ჩამოსული გუნდებიდან მიღებული შემოსავლებიც გვეყოფა. ამ ყველაფერს უნდა ფული და შავიზღვისპირეთი დატვირთული იქნება, ზაფხულში კი ჩვენს მთიან კურორტებს დავტვირთავთ.

დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესიდან ქართული გუნდებიც ისარგებლებენ, რადგან უცხოელებთან სპარინგის საშუალება გვექნება და ქვეყანაში სავალუტო შემოსავალიც გაიზრდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
როგორც აზრი ზააან მაგარია მაგრამ როდის დავიწყებთ განხორციელებას,ისე მარტო მაგ აზრის მიღებაში დავხარჯავთ ზაან ბევრ დროს, სტადიონები ინფრასტრუქტურა სასცრაფოდ გვესაჭიროება კარგი სასარგებლო პერიოდია საქართველოსთვის რომ ეს განვახორციელოთ (რუსეთ თურქეთის ურტიერტობას ვგულისხმომ) მხოლოდ ევროპა რატო ევროპა თუ არა კავკასიაც ეყოფა საქარტველოს..მთავარია ეხლა ხელისუფლებამ ივარგოს ინიციატივა გამოხატოს და დროულად მოხდეს ყველაფერი. ისე 25 წლის ვარ და ბათუმის სტადიონის აშენებას ველოდებით მე და ჩემი მეგობრები,მაგრამ არაუშავს კიდევ ერთი 10 წელი და დაიწყებენ აშენებას, ოცნებად გვექცა აქ ჩემ თაობას რომ ტრიბუნიდან უქომაგოთ ჩვენს გუნდს:(
ჩორნა
02:12 18-12-2015
0
ჯერ კვერცხი თუ ქათამი?ორივე,ბავშვთა ფეხბურთი თან ეგ ბიზნესი,ერთმანეთის გარეშე უაზრობაა.
ბორი
09:21 19-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული