ეს ნაკლი აშკარად გაქვთ - ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი პიტერ ვან დორტი ქართველებზე

AutoSharing Option
ბოლო წლებში, გაიოზ დარსაძემ ისეთ საქმეს ჩაუყარა საფუძველი, რომლის შედეგებსაც წლების შემდეგ მივიღებთ. ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ ფინანსები, არამედ, განათლებული მწვრთნელებიც აკლია. 18-დან 21 დეკემბრამდე, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", დარსაძემ მწვრთნელთა A ლიცენზიის კურსის მსურველთათვის ბოლო მოდული გამართა.

ლექციების ეს კურსი საფეხბურთო ფიტნესს ეხებოდა. მოწვეული იყო უეფას ჰოლანდიელი ექსპერტი პიტერ ვან დორტი. ის მხოლოდ თეორეტიკოსი არ გახლავთ - მუშაობდა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასა და 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში, ამჟამად კი ამ ქვეყნის 15-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

"პიტერ ვან დორტმა
ქართველ მწვრთნელებს თანამედროვე საფეხბურთო ფიტნესის ნოვატორული მეთოდოლოგია გააცნო. კურსები 21 დეკემბერს დასრულდა, 23-დან კი რეფრეშ-კურსები ტარდება მათთვის, ვისაც ლიცენზიის ვადა გაუვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საფეხბურთო ფიტნესში ბევრი რამ შეიცვალა. ფეხბურთი პროგრესს განიცდის და, ცხადია, მას საფუძვლად გარკვეული მეთოდოლოგია უდევს, რომლის საქართველოში დანერგვაც უმნიშვნელოვანესია. დიდი ხანია, რაც მას ევროპაში იყენებენ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა უნდა დავიწყოთ. ეს ფეხბურთის განვითარების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს", - ამბობს დარსაძე.

თავად პიტერ ვან დორტი საინტერესო რესპონდენტი გამოდგა და იმ თემებზე გველაპარაკა, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ძალიან აქტუალურია, თემებზე, რაზეც პასუხს ბევრი მწვრთნელი ეძებს და ვერ პოულობს...

სულ ბურთით!
- ფიზმომზადების სხვადასხვაგვარი მეთოდოლოგია არსებობს. თქვენი რას ეფუძნება?
- სხვადასხვა გამოკვლევიდან და რეალობიდან გამომდინარე, მწვრთნელებსაც ვურჩევ, ვარჯიშები ისე დაგეგმონ, რომ ფეხბურთელებს, რაც შეიძლება, ხშირად ჰქონდეთ ბურთთან შეხება.

- საბჭოური პერიოდის ინერციით, საქართველოში ზოგიერთი მწვრთნელი ცდილობს, ფეხბურთელები მატჩის წინა დღეს არ ათამაშოს. მოტივი ასეთია: ამით ბურთს და თამაშს მოვანატრებთო...
- ...და ფეხბურთისთვის სირბილით მოამზადებენ? ჰოლანდიური მეთოდი რომ გამართლებულია, ამას "ბარსელონას" მაგალითიც ადასტურებს. მათი საფეხბურთო ფილოსოფია სათავეს ჰოლანდიიდან იღებს.

ფეხბურთელს მომზადების დროს უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც ის თამაშის დროს გადაწყვეტილების დროულად და სწორად მიღებას დახვეწს. ეს უბურთო ვარჯიშებით შეუძლებელია. ამიტომ, მე ვცდილობ, ყველა ვარჯიში ისე დავგეგმო, რომ სათამაშო გარემოს მივუახლოვო.

ოქროს შუალედი
- ბრაზილიური მეთოდი ევროპულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და შეკრებებს არ ითვალისწინებს. სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში გუნდები მხოლოდ თამაშებით ემზადებიან და თვლიან, რომ ეს ყველანაირ კროსებსა და ტყეში სირბილზე უკეთესი მომზადების მეთოდია...
- ჰოლანდიური მეთოდოლოგია ბრაზილიურს ძალიან ჰგავს და სწორედ იმისკენ მიდის, რომ ევროპულ მეცნიერულ მიდგომასა და სამხრეთამერიკელების მიერ ბუნებრივად გამომუშავებულ მომზადების მეთოდს შორის "ოქროს შუალედი" ვიპოვოთ.

ჩვენც ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა ითამაშო ფეხბურთი, რომ ბურთით დატვირთვები სავარჯიშო პროგრამის 80 პროცენტს უნდა შეადგენდეს - კვირაში ერთხელ და ორჯერ ვარჯიში არაფერს გვარგებს.

- ვალერი ლობანოვსკის მეთოდს თქვენ აბსოლუტურად უარყოფთ?
- მხოლოდ ფიზიკური მომზადება არაფერს გიშველის, რადგან ფეხბურთი მარტო კუნთებისა და ფეხების თამაში არ არის. აქ აუცილებელია აზროვნება, ემოცია და ამ ყველაფრის გუნდური სინქრონიზაციაა. თანამედროვე ფეხბურთს სწორედ ამგვარად მომზადებული მოთამაშე პასუხობს. ჩვენ სპორტის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნებს ვემყარებით, რადგან ის მყარია და სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოკვლევით არის შედგენილი.

- რას გულისხმობთ?
- გამოიკვლიეს სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშობდნენ სირბილსა და ველოსპორტში. ფეხბურთი გაცილებით რთული სახეობაა. მხოლოდ სირბილით ფეხბურთელი ვერ შეიძენს და განავითარებს იმ თვისებებს, რაც მოედანზე აზროვნებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ანუ სხვა სახეობებში მიღებულ დატვირთვებსა და ცოდნას ფეხბურთში ვერ გამოიყენებთ.

ესაა მთავარი და არა ის, რომ სპორტსმენი ფიზიკურად იტვირთება. ანუ, უნდა ვიცოდეთ, რისთვის და როგორ დაიტვირთა. ცალკე ფიზიკური მომზადება უნდა ამოვიღოთ და ტაქტიკურ-ტექნიკური ნაწილები დავტოვოთ.

ფეხბურთელი მოედანზე არა მხოლოდ დარბის, არამედ იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ მის აღზრდასა და მომზადებაში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რაც სწორი და სწრაფი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი ნაკლი
- ქართველების თამაში თუ გინახავთ?
- რამდენჯერმე მქონდა შეხება. 2012 წელს სლოვენიაში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში ვმუშაობდი და მაშინ ნახევარფინალში სწორედ თქვენებს შევხვდით. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებიც გამირჩევია, როდესაც ერთ შესარჩევ ჯგუფში მოვხვდით - თბილისში 6:0 მოვიგეთ, შინ კი 0:1 წავაგეთ. თქვენი ეროვნული ნაკრების მატჩებიც მინახავს.

- ჩვენი ნაკრებების ფიზიკურ მომზადებაზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- როცა გუნდის თამაშს აანალიზებ, იქ ფიზიკურ და სხვა სახის მომზადებას ერთმანეთისგან ვერ გამოყოფ. საერთოდ კი, პრობლემები ჩანდა.

- რა სახის?
- ტექნიკურად თქვენი მოთამაშეები ძლიერები არიან. მათ შეუძლიათ, ბურთის ფლობით თამაშის დროს დიდხანს არ დაიღალონ.

მახსოვს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ძალიან კარგი, მებრძოლი და ტაქტიკურად გამართული გუნდი იყო. საკუთარ მოედანზე კომპაქტურად და აზრიანად თამაშობდა. ამ ნაკრებს აშკარად ძლიერი სპეციალისტი ავარჯიშებდა. მომეწონა ორი შემტევი ფეხბურთელი, რომლებიც სწრაფი შეტევების სწრაფადვე განვითარებასა და შედეგიანად დასრულებას ახერხებდნენ. მაშინ თქვენებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს. მაგრამ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თქვენი გუნდის კაპიტანი გააძევეს...

სხვებზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. ქართველი ფეხბურთელების განწყობა დამოკიდებული იყო შედეგებზე და ფსიქოლოგიური პრობლემაც დავინახე. პირველ გოლს თუ გაუტანენ, უმრავლეს შემთხვევაში, თქვენების ტაქტიკური სტრუქტურა იშლება, ქრება. შესაძლოა, ეს მენტალური პრობლემაა.

მაგალითად, თბილისში ჰოლანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა რომ მოიგო, თავიდან თამაში საკმაოდ დაძაბულად დაიწყო და თქვენებმა კარგი საგოლე მომენტებიც შექმნეს. მაგრამ ჯერ ანგარიში გავხსენით, მერე ქართველების მცველი გააგდეს და თქვენი გუნდის სტრუქტურა დაიშალა. ჰოლანდიაში კი თქვენებმა კარგად ითამაშეს და შემთხვევითი არ იყო, რომ მოიგეს.

ყაზაიშვილს მშვენიერი მონაცემები აქვს
- ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ყველა ამ ნაკრებში იყო ისეთი მოთამაშე, რომელსაც გამოარჩევ. ასევე ყველა ნაკრებში თვალში მომხვდნენ ტექნიკური მოთამაშეები, რომელთაც მცველების მოტყუება უყვართ და შეუძლიათ კიდეც.

- რომელ მათგანს გამოარჩევდით?
- ყაზაიშვილს, რომელიც ჰოლანდიაში თამაშობს. მას ძალიან კარგი ტექნიკა და მონაცემები აქვს. დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდააა. მაგრამ ნიჭს როგორ გამოავლენს, მასზეა დამოკიდებული. კარგი მოთამაშეა კაშიაც. ორივე - "ვიტესში" გუნდური ტიპის მოთამაშეებად და არნემელებისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურებად ჩამოყალიბდნენ.

- ეს მინიშნებაა, რომ ქართველებს გუნდურობა აკლიათ?
- ამასაც არ დავმალავ. მაგალითად, "ვიტესში" იყო ასეთი მოთამაშე - გიორგი ჭანტურია. ის გუნდურ ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდა.

მაგრამ ჭანტურიას გასაოცარი ინდივიდუალური ნიჭი აქვს და თუ ამ ინდივიდუალიზმს გუნდურობასაც შემატებს, კონკრეტული თამაშის ან ტურნირის ბედის გადაწყვეტის პოტენციალი გააჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელმა მოედანზე უნდა იგრძნოს კონკრეტულ სიტუაციაში ბურთით თუ უბურთოდ შეუძლია სარგებელის მოტანა გუნდისთვის და ისე უნდა იმოქმედოს.ბურთთან ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს კარგად მაგრამ,თანამედროვე ფეხბურთში ცენტრალურ ნახევარმცველებს უჭირავთ ბურთი და ისინი კარნახობენ თამაშის რითმს.ზოგადად გუნდურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ყველგან ბარსელონას სტილი ვერ გამოდგება.
bebeto
20:35 27-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული