"ოლიმპი" გადარჩება? მშენებლებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ირგვლივ დატრიალებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია. მცირე ხნის წინ იქ საფეხბურთო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა, რადგან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ინფორმაციით, ზამთრის საახალწლო არდადეგებზე სტადიონების აღება და სახლების მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა.

წლების წინათ ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა. მისმა დირექციამ კეთილი ნება გამოიჩინა და სკოლის წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ "ოლიმპს" ორი წლის განმავლობაში არ შეეხებოდნენ. ისინი მზად იყვნენ, დაეწყოთ მოლაპარაკება ალტერნატიულ ტერიტორიაზე.

როგორც სამშენებლო კომპანიაში ამბობდნენ, ამის
თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ თავკაცებსაც ელაპარაკნენ და სთავაზობდნენ, ახალი საფეხბურთო სკოლა, რუსთავის ნაცვლად, "ოლიმპში" დაეფუძნებინათ, მაგრამ მშენებლებს რეალური ალტერნატივა არ შესთავაზეს და ისე გამოვიდა, რომ სკოლის გადასარჩენად არავის არანაირი ზომა არ მიუღია.

"ოლიმპის" შესყიდვა რუსეთში მცირე ხნის წინათ მოკლულ ბიზნესმენს, ამირან გიორგაძეს სურდა და ესტონელებთან რეალური მოლაპარაკებაც დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა. მშენებლობაზე ნებართვა კი ბოლო ადგილობრივ არჩევნებამდე გასცეს.

ამიტომაც გადაწყვიტეს მშენებლებმა "ოლიმპის" დემონტაჟი, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქცია აინტერესებდათ. მინი-მოედანზე სამშენებლო მასალების შეტანამ ძალიან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

მაგრამ უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ სასიხარულო ამბავი გვითხრა:

"სტადიონების საკითხთან დაკავშირებით, მერიაში კიდევ ერთხელ ვიყავი. საკრებულოში ამ თემაზე ქეთი ჯოხაძე მუშაობს და საქმეს ისეთი გულით მოეკიდა, ფეხბურთის მოყვარული ბევრი მამაკაცი ვერ დაიკვეხნის.

ორიოდე დღის წინათ ქალბატონი ქეთი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მერიაში სასწრაფოდ სურდათ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიცი, რომ ეს შეხვედრა გაიმართა, კომპანიას ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს და მოლაპარაკება დაწყებულია.

ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როცა სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის შენარჩუნებას ცდილობენ.

ძალიან დიდი მოვლენა იქნება, ამის პრეცედენტი დაფიქსირდეს და ყველამ შეიგნოს, რომ სტადიონების გასხვისება დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ 22 სტანდარტული სტადიონი გაასხვისეს, მაგრამ მერე მივიღე ინფორმაცია კიდევ სამ სტადიონზე. ანუ ბოლო წლებში, რომ 25 სტადიონი გაასხვისეს, ეს სრული კატასტროფაა და ამას წერტილი უნდა დაესვას", - ამბობს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია 30-მდე ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" ვარჯიშობდნენ: სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დათა ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაწერეთ ვინ და რა ფასში მიჰყიდა სტადიონი მშენებლებს!
0
რაღა მაინცდამაინც წესიერ ინვესტორს მიახტით, სხვა ადგილებიდან (მართლა დრაკონულად მიტაცებული სტადიონებიდან) რატომ არ დაიწყეთ? 2 წელი კი არა, თურმე 5-6 წელი ელოდებოდა ეს კომპანია "ოლიმპის" გახსნის ამბავზე გადაწყვეტილებას, და მაინცდამაინც ეხლა მიადგნენ? ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებს და არა ფეხბურთის სიყვარული. ჩემს ეჭვს ის აღრმავებს, რომ სხვა ადგილებში არ ხდება საპროტესტო აქციების გამართვა, მარტო ჯიქიაზე. მე რომ ვიყო (წესიერი) უცხოელი ინვესტორი, ყოველივე ამის შემდეგ აღარ მექნებოდა სურვილი საქართველოში ფულის ჩადებისა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული