ოთხი კალათა ქართული ფეხბურთისთვის - რას ითვალისწინებს სფფ-ის ერთიანი ფონდი

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია ფეხბურთის განვითარებისა და მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტზე მუშაობს.

18 დეკემბერს, ბათუმში, უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს რომ შეხვდა, კობიაშვილმა სახელმწიფოს მიერ ერთიანი საფეხბურთო ფონდის დაფუძნებასა და ერთიანი ფინანსური სისტემის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რომლის განხორციელებასაც სფფ სახელმწიფოსთან ერთად აპირებს. თუმცა, ამ 6-საათიანი შეხვედრის შემდეგ ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად რას ითვალისწინებდა ერთიანი ფონდის პროექტი.

"ლელომ" ამ ფონდთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებს უთხრეს, რომ სფფ ერთიანი ფონდით ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის
კუთხით მუშაობასაც აპირებს. ანუ კლუბი, საკუთარი ნებით, ფულს მხოლოდ ხელფასებზე ვეღარ დახარჯავს, ის ვალდებული იქნება, წინასწარ გაწერილი გეგმით იმუშაოს, შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, გაზარდოს მომავალი თაობები და ამ ყველაფრის საფუძველზე კერძო მესაკუთრე მიიზიდოს.

გარდა ამისა, ფონდის ამოქმედების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია ფულის ხარჯვის მიზნობრიობას გააკონტროლებს.

ამტკიცებენ, რომ ლიგების მიხედვით, კლუბები თანაბარ დაფინანსებას მიიღებენ და მოთამაშეთა და გუნდის სხვა პერსონალისთვის ფიქსირებული სახელფასო მინიმუმი და მაქსიმუმი დაწესდება. ხელფასის გაზრდა მხოლოდ სასპონსორო თანხიდან იქნება შესაძლებელი.

გავარკვიეთ ისიც, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, პირობითად, "ოთხ კალათას" ითვალისწინებს.

1. მინიმალური სასტარტო კალათა
ეს ითვალისწინებს კლუბების 4 ან 5-წლიან დაფინანსებას, მუშაობას ყოველწლიურად გაწერილი სამუშაო გეგმის მიხედვით. აქ მთავარი ის არის, რომ საამისოდ სახსრები წინასწარ იქნება გარანტირებული. ლაპარაკია საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე.

ცხადია, კლუბები თანხებს ლიგების მიხედვით მიიღებენ და ყველა - სხვადასხვა ოდენობით. დანარჩენი კი დასაზუსტებელია. კლუბები იმედოვნებენ, რომ უმაღლესლიგელებს მილიონ ლარამდე დაერიცხებათ, პირველლიგელებს კი - 400 ათასი.

მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არ მისულა.

2. სტიმულირების კალათა
სტიმულირების კალათა გულისხმობს იმ კლუბების ფინანსურ წახალისებას, რომლებიც დამატებით სახსრებს მიიზიდავენ. ანუ, თუ კლუბმა მოიპოვა 100 ათასი ლარი ან ფეხბურთელი გაყიდა და ბიუჯეტი შეავსო, იმ თანხას მომავალი სეზონის ბიუჯეტს დაუმატებს. იგულისხმება დამფუძნებლის შენატანი, სასპონსორო ან სატრანსფერო შემოსავლები.

ანუ ისეთი კლუბების სტიმულირება უნდა მოხდეს, რომლებიც არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი, არამედ მეტის მიზიდვას ახერხებენ.

3. ქულების კალათა
ეს უკვე კლუბების სტიმულირების მცდელობაა. ყოველ მოგებაზე მათ იმდენი თანხა დაერიცხებათ, რაც ბოლო ტურამდე თამაშის ინტერესს შეუნარჩუნებს. მაგალითად, კლუბი უმაღლესი ლიგიდან თუნდაც 3 ტურით ადრე რომ გავარდეს, ბოლო თამაშებში სპორტული ინტერესის შენარჩუნებისთვის ფინანსური მოტივი მაინც უნდა ჰქონდეს.

ეს კალათა საქართველოში მომრავლებული გარიგებული მატჩების საწინააღმდეგო პრევენციის ზომად წარმოუდგენიათ.

4. ინფრასტრუქტურული კალათა
ამ კალათაში თანხა ყველა კლუბის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებაზე იქნება გათვალისწინებული. ცხადია, უცებ ყველა სატკივარს ვერ მოევლება, მაგრამ ზოგ მოედანს საფარი აქვს გაფუჭებული, ზოგ კლუბს საერთოდ სტადიონი არ აქვს, ზოგან გასახდელებია მოსაწესრიგებელი.

4 ან 5-წლიანი პროგრამით იმდენი მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ინფრასტრუქტურა მინიმალურ დონეზე მაინც მოწესრიგდეს.

მაგრამ აუცილებელი პირობა იქნება, რომ კლუბებმა ეს მოთხოვნები დაასაბუთონ და ერთიან საფეხბურთო ფონდში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარადგინონ.

* * *
თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრია. რეალურად, ამ მოსაზრებებიდან პროექტში რა აისახება და შემდეგ რა განხორციელდება, ესეც საკითხავია.

ისე, საინტერესოა, რომ აქამდე სულ ორი სახელმწიფო ფონდია რეგისტრირებული და ორივე - სოფლის მეურნეობის საჭიროებისთვის. ერთიანი საფეხბურთო ფონდი, თუკი ის ამოქმედდა, მესამე იქნება.

საეჭვოა, ამ პროექტზე გავლენა მოახდინოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ. ის ფეხბურთით დაინტერესებული იყო და ეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა. სამწუხაროდ, თანამშრომლობის ნაცვლად, საფეხბურთო სამყარომ სახელმწიფოსთან კონფრონტაციის გზა ამჯობინა მაშინ, როცა ყოფილი პრემიერი საფეხბურთო პროგრამის ამოქმედებაზე ლაპარაკობდა. ამის გამო კიდევ 2 წელიწადი დაიკარგა.

მაგრამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი იყო გიორგი კვირიკაშვილიც, რომელსაც პარლამენტი დღეს, სავარაუდოდ, ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცებს. ამტკიცებენ, რომ კვირიკაშვილიც ფეხბურთის არანაკლები მოყვარულია. ყოველ შემთხვევაში, იმედია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მისი მმართველობის პერიოდში მაინც ამოქმედდება და საქმეს შემდეგ პრემიერს არ გადაულოცავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეორე ლიგას რატომ არ ახსენებთ, ქინქლაძე, დემეტრაძე, არველაძეები და ა.შ მეორე ლიგიდან არ წამოვიდნენ ზევით, მერე კიდევ მართლა ძლიერი ისტორიის გუნდები, თუნდაც დაბალ ლიგებში მავანთა პირადი ინტერესების გამო, არ მონაწილეობენ ჩემპიონატში, საჭიროა ყველას დაელაპარაკოთ, გული მწყდება 'სამგორი" გარდაბანი, როგორ შეიძლება დატოვონ "ოფსაიდში, მისი ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ვიცი რა ჯიგრიანი ბიჭწები არიან მაგ გუნდში, სამი ნაკრების ფეხბურთელს უთამაშია მანდ და უამრავი ფეხბურთელი მისცეს უმაღლეს ლიგას, ასეა ზოგიერთი სხვა ტრადიციული გუნდებიც სამწუხაროდ
tamazino
19:00 31-12-2015
0
chhvens situaciashi kargi gegmaa...mtavaria xeli sheeckos am proeqts.am etapze amaze kargs namdvilad verafers vizamt ogond tu ratqmaunda 90 procentit tu ganxorcieldeba es warmodgenili gegma.erts davamateb 10 gundiani rom iyos uketesi iqneba chveni chempionatistvis
giorgi
01:44 30-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული