2015. ქართული ფეხბურთის შეჯამება: ნუღარ გადავდებთ, დავიწყოთ!

AutoSharing Option
ცოტაც და, ლაპლანდიიდან სანტა კლაუსი საქართველოში შემოაგელვებს თავის მარხილს. წარსულს ჩაბარდება 2015 და მოვა 2016 წელი.

თხის წელმა დიდი ვერაფერი ხეირი მოუტანა ქართულ ფეხბურთს. იმედია, მაიმუნის წელი უკეთესი იქნება ჩვენი ფეხბურთისთვის...

როგორც უნდა იყოს, მიმავალ წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და მოდით, შევაჯამოთ განვლილი 365 დღე...

კობიაშვილის არჩევანი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. მან ქართული ფეხბურთის პირველკაცობისთვის გამართულ ბრძოლაში რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია დაამარცხა.

არჩევნები გვარიანად ხმაურიანი გამოვიდა. ბევრჯერ ითქვა, ამ ამბებში ხელისუფლება ჩაერიაო.

ძალიანაც ცუდი, თუ ჩაერია,
ოღონდ ეგაა, ამის უტყუარი ფაქტი ვერავინ დადო, თუ არ ჩავთვლით რევაზ არველაძის მომხრის დაპატიმრებას, რაც შედეგებზე გავლენის მქონე ჩარევად ვერ ჩაითვლება...

ფაქტი კი ერთია - კობიაშვილი გამარჯვებულია. მისი მომავალი სვე ახლა უფრო მძიმეა, ვიდრე ეს "ჰერტას" ოფისის თბილი სავარძლიდან მოჩანდა. მაგრამ ეს კობიაშვილის არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელსაც სუსტი ადამიანები არ აკეთებენ. კობიაშვილმა მიიღო დიდი გამოწვევა. ის ქართული ფეხბურთისთვის უთანასწორო ომში ჩაება და თუ გვინდა, ეს ომი წარმატებული იყოს, ის თითოეული ჩვენგანის ბრძოლად უნდა იქცეს.

ქართული ფეხბურთი ერთად უნდა გადავარჩინოთ! იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი ყველასია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შემობრუნების წელი
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაია კახა ცხადაძემ შეცვალა. ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს, უყვარს ქეცბაიაც. ეს არ შეიძლება, სხვანაირად იყოს. ეს კია, რომ იმ დროს, იმ კონკრეტულ მომენტში, ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლებოდა.

ნაკრები ვერ თამაშობდა. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის დიდი უფსკრული იყო. შედეგს ვინ ჩივის, მოწინააღმდეგის კარისკენ დარტყმა გვიჭირდა. საქართველოს უპირველეს გუნდში ლამის ისეთი მდგომარეობა იყო, კრილოვის ცნობილ იგავში რომ არის...

...და მოვიდა ცხადაძე. მის ხელში საქართველოს ნაკრებს ჰქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი მატჩები, მაგრამ ფაქტია - "ახალმა სისხლმა" ეროვნული გუნდი შედარებით აათამაშა. მოგების გემოც გავიხსენეთ და ადგილ-ადგილ დავიწყებული სანახაობაც.

სხვა საქმეა, რომ არც ცხადაძე და არც ქეცბაია არ არიან სასწაულმოქმედები. ისინი ჩვეულებრივი მწვრთნელები არიან. მათ არ შეუძლიათ, დაუმარცხებელი გახადონ ნაკრები, რომლის ლიდერებსაც ძალიან ხშირად საშუალოევროპული დონის გუნდებშიც კი სათამაშო პრაქტიკა და, კიდევ უფრო ხშირად, პროფესიონალიზმი აკლიათ.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრია - მწვრთნელმა გულშიც კი არ უნდა გაიფიქროს, არათუ სახალხოდ თქვას, რომ მის გაწვრთნილ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყავს და რომ ესა თუ ის შესარჩევი ციკლი თავშივე განწირულია წარუმატებლობისთვის.

თუ ასეა, საერთოდ რაღად გვინდა ნაკრები, ან ფეხბურთს რისთვისღა ვთამაშობთ?! ცხადაძემ ფეხბურთელებს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.

დღეს საქართველოს ნაკრები მინდორზე ფეხბურთის სათამაშოდ გადის და ამ ეტაპისთვის ეს უკვე პროგრესია. ერთი წლის გადასახედიდან ნამდვილად ბევრი გაკეთდა, მაგრამ, როგორც ერთი ცნობილი სლოგანი გვეუბნება - გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

ჩვენ არ გვყავს დიდი ვარსკვლავები, მაგრამ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და, იქნებ, მიზანშიც მოარტყან.

ყველაფერთან ერთად, საამისოდ, მეტი პროფესიონალიზმი და სტაბილურობაა საჭირო. აღარასოდეს უნდა "ჩაგვეძინოს" ისე, როგორც პოლონეთში, ესტონეთსა და ალბანეთში დაგვემართა.

ასე ნანატრი გამარჯვება
2015 წლის 4 სექტემბერს ყველამ ერთად გავიხსენეთ მივიწყებული გამარჯვების გემო. იმ მომენტში, ზუსტად აღარ მახსოვდა, ბოლოს როდის მოიგო საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური მატჩი. ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ... არ დავწერ.

მოდით, ასე ვთქვათ: დიდი ხანი იყო, საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი არ მოეგო და ჩვენ შოტლანდიას მოვუგეთ. მოვუგეთ და დიდწილად ჩვენვე ჩავტოვეთ ევროშესარჩევ ჯგუფში გორდონ სტრაჩანის ამბიციური გუნდი.

წლის მატჩად ქართული ფეხბურთისთვის, უდავოდ, შოტლანდიასთან თბილისური შეხვედრა უნდა შევრაცხოთ, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის ოსტატური გოლით ვიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი იყო გერმანიასთან საგარეო მატჩში, სადაც ძალზე ახლოს იდგა ერთობ საპატიო ფრესთან. მაგრამ ის მაინც წაგებული მატჩი იყო და "წლის მატჩად" ვერ შევრაცხავთ.

ეგაა, ფრანც ბეკენბაუერი, ალბათ, გვარიანად დავაფიქრეთ. გეხსომებათ, "კაიზერ ფრანცმა" წლების წინათ მოინდომა მკვეთრი ზღვარის გავლება ფეხბურთში ძლიერებს და სუსტებს შორის...

უნდა "ვისწავლოთ" გამარჯვებები თუნდაც ისეთ ნაკრებებთან, როგორიც შოტლანდიაა. სხვანაირად არ გამოვა, რაკი წელიწადში ერთხელ შოტლანდიის დონის "კერკეტ კაკლებს" საკუთარ ასპარეზზე ფარერები და ლიხტენშტაინიც წააქცევენ ხოლმე...

ფიასკო ევროთასებზე
ქართულ საკლუბო ფეხბურთს 16-გუნდიანმა პირველობამ არ არგო. ალბათ, დღეს საკლუბო ფეხბურთი ამ დღეში არ გვექნებოდა, თავის დროზე ჩვენი ხმა რომ არ დარჩენილიყო "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

ქართული კლუბები ევროთასებზე მთებს ვერც აქამდე ძრავდნენ, მაგრამ იყო დრო, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც გავსულვართ და ევროპა ლიგის პლეი ოფამდეც ერთი ხელის გაწვდენაზე ვყოფილვართ.

ამჯერად, არაფერი ამის მსგავსი - ვერცერთმა ქართულმა კლუბმა ვერ დაძლია სასტარტო ბარიერიც კი. 2015 წელი სირცხვილის ფურცელი იყო ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის და კარგი იქნება, თუ ასეთ ფურცელს აღარასოდეს გადავშლით.

ბოლო ევროთასებმა ბევრი რამ გვიჩვენა. მათ შორის ისიც, რომ თუ მას სასწრაფოდ არ ვუშველეთ, სასწრაფოდვე ჩაგვაკვდება ხელში. ფლაგმანის დროშა აქ სახელმწიფოსია და მას ამ დროშას ვერავინ წაართმევს, ამას კი უნდა მოჰყვეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა გონივრული ნაბიჯები.

რაში მდგომარეობს ამ ნაბიჯების აზრი? უპირველესად იმაში, რომ ქართული ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს იმ ელემენტებისგან, მის არსებობას წლების განმავლობაში საფრთხეს რომ უქმნიან.
ეს არის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი საკუთარი ჯიბის გასქელების წყაროდ გახადა. ეს ის ხალხია, ვინც ქართულ ფეხბურთში მხოლოდ საკუთარ თავსა და ინტერესს ხედავს.

ისინი წლების განმავლობაში მიეჩვივნენ იმას, რომ მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი სიბინძურე დაუსჯელი რჩება. ჩვენ ვიცით, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებში. ვიცით და იქითკენ გახედვაც აღარ გვინდა.

არადა, დაბალმა ლიგებმა უმაღლესს კადრები უნდა მოუმზადოს. ამ დროს კი პირველი და მეორე ლიგების მატჩები იუმორისტულ სკეტჩებს წააგავს, ვიდრე ნაღდ ფეხბურთს.

ჯერ გავწმინდოთ და მერე ვუშველოთ - დღეს ასეა ქართული ფეხბურთის საქმე. კობიაშვილის ფორმაციის ფედერაცია კი საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეს. ჩვენ ვიცით, რომ ზვიად სიჭინავას მმართველობისას ფეხბურთის ფედერაციას ბევრზე ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახლა წარსულის ძაგება კი არა, სამომავლო კარგი საქმეების გაკეთებაა საჭირო.

ზღაპრული სუპერთასი
თბილისურ სუპერთასზე "ბარსელონამ" "სევილიას" მოუგო - ჯერ ანადგურებდა და მერე ძლივს მოუგო. თამაში ისეთი გამოვიდა, ბარე ორი საფეხბურთო თრილერი რომ მიგვიქარავს. საბოლოოდ, "ბარსამ" მოიგო და დამსახურებულადაც.

რაც უნდა აკრიტიკო სიჭინავასეული ფედერაცია, მან ერთი გვარიანი სანახაობა მაინც აჩუქა ხალხს და სანახაობასთან ერთად - დიდი ფეხბურთიც. ცუდი ის იყო, რომ ვარსკვლავები ნახევარ დღეში წავიდნენ საქართველოდან და ჩვენ ისევ ის ფეხბურთი შეგვრჩა ხელთ, როგორიც მესის, ნეიმარის, სუარესისა და... თუნდაც ვიტოლოს ჩამოსვლამდე იყო.

სუპერთასი კი მართლაც ზღაპრული გამოვიდა და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ის "წლის მატჩად" დაასახელა ევროპაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ იგულისხმება სანახაობრივ-ხარისხობრივი მხარე, მაგრამ ნურც ორგანიზატორებს დავუკარგავთ ამაგს და ვთქვათ, რომ ამ აღიარებაში ქართული წილიც გვარიანია.

გამოწვევები არც მომავალში მოგვაკლდება. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ!

წლის ტრანსფერი
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ "რეიმსში" გადავიდა. წლის ტრანსფერის ნომინაციაში პირველი ადგილი, უდავოდ, ამ გარიგებას უნდა მივაკუთვნოთ.
ახლა ქართველებს ევროპის ტოპჩემპიონატებში ორი კაცი გვყავს - კანკავა და "ემპოლის" შემტევი ლევან მჭედლიძე. ცოტაა, ძალიან ცოტაა, მაგრამ თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ორი ნამდვილად ჯობია ერთს.

იქნებ, სულ მალე ასეთი ქართველი ლეგიონერების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ამ დროისთვის რაც არის, ეს არის.

ქართველი და ევროგრანდი
საქართველოს ნაკრების წარმატება თითოეული ჩვენგანის ოცნებაა. ამ ოცნებას და მწვრთნელის ჩანაფიქრს ფრთები ფეხბურთელებმა უნდა შეასხან. ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელთა შეზღუდული კონტინგენტი, რომელსაც კონკრეტული, ლოკალური ამოცანების წარმატებით გადაჭრა შეუძლია.

მაინც, სად ვართ? ფეხბურთი დღეს ხშირად ეყრდნობა სტატისტიკას და სამწუხარო ფაქტი უნდა მოვიყვანოთ - ევროტურნირების საგაზაფხულო ეტაპზე ვერც ერთმა "ქართულმა" გუნდმა ვერ გააღწია.

იყო დრო, ჩვენებურების გუნდები ჩემპიონთა ლიგასა და მსხვილ-მსხვილ საკლუბო ტურნირებზე ტიტულებს იგებდნენ, ახლა კი საქმე სხვანაირად არის - ქართველი ფეხბურთელი და ევროპული გრანდი ერთმანეთთან შეუთავსებელ ცნებებად იქცა...

როდის გვეშველება?
ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და, შესაბამისად, ქართული ფეხბურთის საშველიც არსებობს. როდის და როგორ უნდა ეშველოს მას?

სანამ მაღალ მატერიებამდე მივალთ, ამაზე მოვრიგდეთ - მაიმუნის წელს იმაზე ნაკლები უნდა "ვიმაიმუნოთ", ვიდრე წინა წელს. "მაიმუნობით" საქმე არ კეთდება, სხვათა შორის, არც - მაიმუნის წელს.

ფეხბურთელი ბოლომდე ფეხბურთელი უნდა იყოს თამაშისას თუ ვარჯიშის დროს, მწვრთნელი ცოდნით და სუფთად უნდა მუშაობდეს; ქომაგი სტადიონზე უნდა მიდიოდეს და იქ სანახაობა ხვდებოდეს; ფუნქციონერი სუფთად უნდა მუშაობდეს და სახელმწიფო სუფთა ქართული ფეხბურთის სწორად განვითარების მაკოორდინირებელი უნდა იყოს...

ასეთ შემთხვევაში ნაღდად გადავრჩებით. მაშ, ნუღარ გადავდებთ, 2016 წელსვე დავიწყოთ. გადადებული საქმე ვისიცაა, ყველამ კარგად ვიცით.

მალე, ძალიან მალე უნდა გვეშველოს. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ფეხბურთი ჩვენი თამაშია, ქართული თამაში!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთის ქომაგი სტადიონზე უნდა დადიოდეს და არა ტოტალიზატორში. ცარიელ ტრიბუნებზე კარგი თამასი არ გამოვა და ვერც ფეხბურთელი იქნება მობილიზებული. თაობა, ნამდვილად კარგი მოდის და დავუჭიროთ მხარი ტრიბუნებიდან.
tngh
15:52 31-12-2015
0
ხალხი სტადიონზე მაშინ დაბრუნდება,როდესაც ფეხბურტელი სანახაობას დადგამს.ხოლო ფეხბურტელმა რომ სანახაობა აჩვენოს ამას მატერიალურად ძლიერი კლუბები და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო უნდა.მანამდე არაფერი გამოვა.ამიტომ ჯერ სახელმწიფო ავაშენოთ.სანახაობა და ფეხბურთი ძვირი სიამოვვნებაადა დამშეული ხალხით ვერაფერს მივაღწევთ.
mamulo
18:27 31-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული