ბასკეთიდან დავიწყოთ, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში შევიაროთ და დალასით დავასრულოთ...
შენგელია და ტოდოროვიჩი
მწარე ტკბილად რომ გაგახსენდება, სწორედ ასეთი შემთხვევაა თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირება. "ბასკონიასა" და "ბილბაოს" მატჩში თოკომ ჩერნოგორიელს უხეში მოპყრობა არ აპატია, შეტრიალდა და ყბაში ისეთი მოსდო, ტოდოროვიჩს გონს მოსასვლელად დრო დასჭირდა. ამ ეპიზოდს სხვა კალათბურთელებიც გამოეხმაურნენ, ჩერნოგორიელს ლატვიელი დაირის
მარტში, თორნიკეს რომ ველაპარაკე, შეწუხებული იყო, რადგან ამ ინციდენტის გამო ოთხი თამაშით გამოაკლდა თანაგუნდელებს, თუმცა დღეს, თვით ბერტანსიც ხალისით იხსენებს.
იგი ზემოთ ნახსენები ინციდენტის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ლატვიის ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩი ითამაშა (თბილისის მერიის თასზე). როცა მას ბასკურ ჩხუბზე ვკითხეთ, თავი გადააქნია - რამდენად კარგი კალათბურთელიცაა შენგელია, ისეთივე კარგი ჩხუბი სცოდნიაო.
საქართველო და იტალია
ლატვიასთან ერთად თბილისის მერიის თასზე სათამაშოდ ესტონეთი და იტალია გვეწვივნენ. ტექნიკამ დაგვაღალატა - ესტონეთთან პირველივე მატჩში ტაბლო "მოკვდა" და პირველ პერიოდში კალათბურთელები თავად საზღვრავდნენ 24 წამს, თავად ითვლიდნენ ფოლების რაოდენობას... მოკლედ, კალათბურთელებიც თავად იყვნენ და მსაჯ-მდივნებიც...
კიდევ კარგი, ასეთი რამ იტალიასთან მატჩისას არ შეგვემთხვა, - ვამბობდით ერთმანეთში ჟურნალისტები.
თურმე, ტექნიკა იტალიელებსაც ღალატობთ: აპენინელებმა საპასუხოდ ტრიესტეს ტურნირზე მიგვიწვიეს. პირველივე მატჩი იტალია-საქართველო იყო. ჩვენმა კალათბურთელებმა ერთმანეთს ხელი გადახვიეს, დროშისკენ შეიმართნენ, საქართველოს ჰიმნიც დაიწყო, მაგრამ იქვე გაჩერდა... დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...
ამის შემდეგ დიქტორმა დიდის ამბით გამოაცხადა - გთხოვთ, ფეხზე წამოვდგეთ იტალიის ჰიმნის მოსასმენადო. არც იტალიური ჰიმნი დაიწყო! რამდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ ერთმა ტრიბუნამ გამოსავალი მოძებნა, დასძახა - "იტალია, იტალია" და მას მთელი დარბაზი აჰყვა.
ტექნიკურმა ჩავარდნამ საინტერესო იდეა გააჩინა: როცა დარბაზი სავსეა, იქნებ უმჯობესი იყოს, ჰიმნის უსიტყვოდ გაჟღერება. ასე ხომ მთელი დარბაზი ერთად იმღერებს, რაც მატჩისწინა ატმოსფეროს დამატებით ემოციას შესძენს.
ვიქტორი და დანიელი
გემახსოვრებათ, იტალიასთან ტრიესტული მატჩის მოგების მშვენიერი შანსი გვქონდა, თუმცა ბოლოს, ერთ შეტევაში ზედიზედ სამი ტყორცნა ვერ გამოვიყენეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.მატჩის წინ, ვარჯიშზე მშვენიერ განწყობაზე იყვნენ ორივე გუნდის კალათბურთელები. ვიქტორ სანიკიძე თავის ყოფილ თანაგუნდელს ("მონტეპასკიში") დანიელ ჰაკეტს შეხვდა და გაბურძგნილი ბუწუწები გაუსწორა. შემდეგ შორიდან შეხედა და, ასე უფრო გიხდებაო, უთხრა.
ჰაკეტი ქართველ კალათბურთელთა ხელში, პოლიეთილენის ბოთლებში ჩასხმულ წითელ სითხეს დააკვირდა და ვიქტორს ჰკითხა: ეს ბურგუნდიული ღვინოა თუ იტალიურიო?
- ქართულია, საფერავი! იტალიურსაც სჯობს და ფრანგულსაც, - გაეხუმრა ვიქტორი.
სანიკიძე და კაიმაკოგლუ
საქართველოს ნაკრები იტალიიდან ჯერ სლოვენიაში გადავიდა, შემდეგ - ხორვატიაში, სადაც ევრობასკეტზე საბერძნეთს დაუპირისპირდა. ელინთა შემადგენლობაში ვიქტორის ყოფილი უნიქსელი თანაგუნდელი კოსტას კაიმაკოგლუ ირჯებოდა.ისინი ერთმანეთს "ციბონას" დარბაზშიც შეხვდნენ და ფრანგულ ლილშიც. სწორედ საფრანგეთში, ნაკრების გამომგზავრების წინ გადავიღე ფოტო, რომელზეც კაიმაკოგლუმ კაი ბოროტმოქმედივით სახეზე ხელი აიფარა.
თბილისში იგი მაინც მოვიხელთე ("ვითასთან" სათამაშოდ "უნიქსს" ნოემბერში ჩამოჰყვა) და სხვა კითხვებთან ერთად ვიქტორ სანიკიძის შესახებაც ვთხოვე საკუთარი აზრის გამოთქმა.
- ოო, სანიკიძე და ხაჭაპური! ორივე დიდებულია. ყაზანში ქართული რესტორანი იყო, სადაც სანიკიძემ ქართული კერძები გამასინჯა და ხომ ხედავთ, დღესაც მახსოვს: ხაჭაპური, ხინკალი...
მანუჩარი და ზაზა
ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მანუჩარ მარკოიშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა, ჰკითხა ნაკრების ძლიერი და სუსტი რგოლების შესახებ. აი, მანუს პასუხი:- სუსტი რგოლი? წინა ხაზი! გვყავს ფაჩულია, შერმადინი, მაგრამ ფარქვეშ ყველა მეტოქესთან მოვიკოჭლებთ...
ჟურნალისტი გაკვირვებული შეჰყურებდა მარკოიშვილს, თან თვალით ანიშნებდა - გვერდით ფაჩულიაა, არ გაიგონო.
მანუჩარი კი თავისას განაგრძობდა, ვიდრე კორესპონდენტი არ მიხვდა, რომ მარკოიშვილი ეხუმრებოდა და ორივეს სიცილი არ აუტყდა.
მეხორცე და ჩიკაგო
ზაგრებში, დარბაზთან ახლოს მცირე საყასბო იყო. მისი სურათი სპორტული გამოცემის გვერდებზე ვერ მოხვდებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საყასბოს "ჩიკაგო ბულსის" ემბლემა ამშვენებდა. ორიგინალური მიგნებაა.ქართველები და დრაგიჩი
ამ ამბავს ვერც კურიოზს დავარქმევთ, იუმორიც ნაკლებადაა, თუმცა სასიამოვნო და ქართველთათვის სახალისო კი ნამდვილად იყო.ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე, "ციბონას" დარბაზში მივედით. გამოსასვლელში სლოვენიის ნაკრების ლიდერი ზორან დრაგიჩი შეგვხვდა. ჟურნალისტებთან, დავით მანჯავიძესა და თენგიზ პაჭკორიასთან ერთად დრაგიჩს ბოლო ტურის მატჩებზე გამოველაპარაკე.
შევახსენეთ, რომ სლოვენიის მაკედონიასთან მოგებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლა:
- დაგვპირდი, რომ მაკედონიას დაამარცხებ!
- გპირდებით, მაგრად ვითამაშებ, და თქვენს წინაშე თავს არ შევირცხვენო, - გვითხრა ზორანმა და საღამომდე დაგვემშვიდობა.
სიტყვის კაცი აღმოჩნდა. სლოვენიამ მაკედონიას მართლაც მოუგო და საქართველოს პლეი ოფისკენ გზა გაუხსნა.
კლოოფი და საქართველო
ევროპის ჩემპიონატის ზაგრებული ეტაპი საბერძნეთი-ჰოლანდიის მატჩით დასრულდა. უნდა გენახათ, ქართველები როგორ ქომაგობდნენ ბერძნებს. ჰოლანდიას რომ მოეგო, მომდევნო ეტაპზე სწორედ "ნარინჯისფრები" გავიდოდნენ. ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. გადამწყვეტ მომენტში ჰოლანდიელთა ლიდერმა შარლონ კლოოფმა რამდენიმე ჯარიმა გააცუდა, გამარჯვება ბერძნებს, ხოლო მერვედფინალის საგზური საქართველოს გადაულოცა.
საქართველოს ნაკრების თანმხლებმა ფოტოგრაფმა ბესო ელბაქიძემ მატჩის დასრულების შემდეგ წერას მომწყვიტა - მოდი, კლოოფთან სამახსოვრო ფოტო უნდა გადაგიღოო. კალათის უკან მიმავალ შარლონს ხელი ჩამოვართვი და საქართველოს ნაკრების კალათში ჩაგდებული ფარიდან ასხლეტილი სამქულიანი გავახსენე. იმ მომენტში ეს ტყორცნა მწარედ აღარ მახსენდებოდა.
- გილოცავთ, საქართველო ძლიერი გუნდი იყო და პლეი ოფი დაიმსახურა, - გულღია ახალგაზრდა აღმოჩნდა კლოოფი, - კალათბურთელები თქვენ გყოლიათ, ხორვატიასაც მოუგეთ. მე? რა უნდა უთხრა კალათბურთელს, ისეთ სამქულიანს რომ ჩააგდებს და ამდენ ჯარიმას ააცილებს?!
გიორგი და ზურა
მაკედონიასთან მატჩის წინა ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრები ეწვივნენ. მათ შორის იყო ერთი ტანმაღალი ახალგაზრდა, რომელიც ისე გამოირჩეოდა ქომაგებში, როგორც შერმადინი - უკანახაზელებში. ეს პიროვნება ზურაბ ნიპარიშვილი გახლდათ, რომელმაც გიორგი შერმადინთან ცალკე სურათის გადაღება ისურვა.
სურათს რომ დააკვირდეთ, 190 სმ სიმაღლის ქომაგსა და შერმადინს შორის მსგავსებას კიდევ აღმოაჩენთ.
შერმადინი და ანდორა
გიორგი შერმადინი გასულ ზაფხულს "ანდორაში" გადავიდა. ჯუჯა ქვეყანაში ჩასულს პირველივე ინტერვიუში ვკითხე: 216 სმ სიმაღლის კაცი ანდორაში როგორ ეტევი-მეთქი.მიპასუხა:
- სხვა რა გზაა? ჩემს გამო საზღვრებს არავინ გააფართოებს. ისე, ანდორა მართლაც პატარა დასახლებაა, ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა.
ბაინამი და წუთშესვენება
ქართულ სუპერლიგაშიც შევიხედოთ. "ოლიმპის" კალათბურთელი ბაინამი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა და თავი NBA-ში წარმოიდგინა: ბურთიანად მეტოქისგან საკუთარ ნახევარზე მოუხდა გადასვლა, ვიდრე ხაზს გადაკვეთდა და მსაჯი ზონის წესის დარღვევას დააფიქსირებდა, ბაინამმა სამსაჯო მაგიდისგან წუთშესვენება მოითხოვა...ამან იქ მყოფნი საკმაოდ გაახალისა - ევროპაში ხომ წუთშესვენების მოთხოვნის უფლება მოთამაშეებს არა აქვთ, მითუმეტეს შუა თამაშისას.
ზაზა და კუბანი
dallasnews-ის ჟურნალისტი "დალას მავერიკსის" მფლობელ მარკ კუბანთან საკლუბო-საპრეზენტაციო ავტობუსით დაინტერესდა - ავტობუსზე გუნდის ყველა მოწინავე კალათბურთელის სურათია, ერთი გამონაკლისის გარდა - არსადაა ზაზა ფაჩულიას ფოტო.ამ კითხვამ მარკ კუბანი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. სხვათა შორის, ზაზაც იქვე იმყოფებოდა.
- გესმის, ზაზა, რას ვამბობ? - მე ვეუბნები ჟურნალისტებს, რომ შენი თავი არაფრით ჩაეტია ავტობუსზე, ვერაფრით ჩავატიეთ.
რაზეც ფაჩულიამ მიუგო - მერე, უფრო დიდი ავტობუსი იყიდეთ.
ფაჩულია და ნოვიცკი
ESPN.COM-ის ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰონი ერთ სახალისო ამბავს ჰყვება, რომელიც "დალას მავერიკსის" ევროპელ ვარსკვლავებს, დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას ეხება. აი, რას წერს საიტი: "ზაზა ფაჩულია დაუფიქრებლად დაეთანხმა დირკ ნოვიცკის და გერმანელს ჯენტლმენური ნაძლევის პირობების შეცვლაზე დაეთანხმა.
საქმე ისაა, რომ ფაჩულია და ნოვიცკი დანაძლევდნენ, ვინ მოიგებდა სეზონის ბოლოს ჩატენვების რიცხვით. ამ დრომდე ფაჩულია აშკარად წინ იყო - 7:3.
ამის მერე, დირკმა სთხოვა ზაზას, რომ მისთვის ყოველი 10 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა 1 ჩატენვად ჩაეთვალა. ზაზა დაეთანხმა და აქ შეცდა.
ნოვიცკის ანგარიშზე უკვე 37 სამქულიანია და ფაჩულიასთან ის უკვე მხოლოდ ქულას აგებს - 6:7.
"ის ვერასოდეს დამეწევა" - არცთუ დიდი ხნის წინ ამტკიცებდა ზაზა, მაგრამ ახლა უპირატესობა დირკის მხარეს გადადის".
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"