შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამოინახება ალტერნატიული ადგილი, სადაც ბავშვები ვარჯიშს განაგრძნობენ.
"აღნიშნული ფაქტი და ამ ტერიტორიის გასხვისება კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი მავნებლური პოლიტიკა ჰქონდათ ჩვენს წინამორბედებს, როდესაც ასხვისებდნენ სათამაშო მოედნებს, პარკებსა და სკვერებს.
ეს ნებართვა სწორედ მათ დროს არის გაცემული და გასხვისებული და ამას მოწმობს ჩემ
ინვესტორი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, არის კეთილსინდისიერი ინვესტორი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოვძებნოთ ალტერნატიული ტერიტორია, რათა პატარები არ დარჩნენ სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე", - განაცხადა ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სამართლებრივი შესწავლა მოხდება იმ ნებართვების, რომლებმაც სპორტული ობიექტების განადგურება გამოიწვია.
"წლების განმავლობაში არ იყო დაცული სპორტული ობიექტები. ჩვენ მივმართავთ ქალაქის საკრებულოს ინიციატივით, რომ სპორტული ობიექტები იყოს დაცული. აუცილებელია მოხდეს სამართლებრივი შესწავლა იმ ნებართვების, რომლითაც სპორტული ობიექტების დანგრევას ითვალისწინებს და საერთოდ არ იყო დაცული სპორტული ინტერესები", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.
სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, იგეგმება, რომ "ოლიმპის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მოხდეს ისეთი ადგილის მოძიება, სადაც შეიქმნება ახალი მოედანი, ხოლო მანამდე კი ალტერნატიული მოედანი გამოინახება.
"რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს. შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიძებნება ადგილი, სადაც შეიქმნება ახალი მოედანი. ჩვენთვის პრიორიტეტი და მთავარი არის, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ვარჯიში", - განაცხადა კობიაშვილმა.
საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს, ესტონელ ინვესტორებზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რის გამოც საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ მშენებლობას ფეხბურთის ქომაგებისა და საფეხბურთო სკოლის ბავშვების მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით