265 მილიონი ქართული ფეხბურთისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და 2016-20 წლებში პროგრამა 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა."გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 4 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული დღე - გულშემატკივარი ფეხბურთის
მადლობა სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ფეხბურთის განვითარების ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტს დეტალურად გაეცნენ და დაამტკიცეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს გარანტირებული ექნება მთავრობის თანადგომა და მისი განვითარების პროგრამას 265 მილიონი ლარით დააფინანსებს", - თქვა მინისტრმა და ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებაზეც ილაპარაკა:
"ამ ჩანაფიქრის მიხედვით, თანხები არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ დანარჩენი ლიგების კლუბებზეც გადანაწილდება. უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მიექცევა, მომავალი მოთამაშეების გაზრდაზე კი კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.
პროგრამის განხორციელების მიზანია, ფეხბურთი განვითარდეს და ასევე, წავახალისოთ კერძო სექტორი, რათა ფეხბურთით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ყველა მიიღებს სარგებელს.
პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმება უკვე მოხდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში აპირებს. პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წლეულს დაიწყება".
პროგრამის მიზნები
საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ 265 მილიონ ლარზე კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:
"მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის! ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ეს პროექტი 26 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და მისი დამტკიცება მართლაც დიდი საქმეა.
მე და ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი მოიწონეს და მიიღეს. მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. იმავეს ვამბობ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.
უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ამ პროექტის მეშვეობით, განვითარების საშუალება ეძლევათ მუნიციპალურ კლუბებს. გვინდა, რომ ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ".
პროგრამები? რამდენიც გინდა!
26 წლის წინათ, 1990 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ მაშინვე პირველად გაიჟღერა. მაგრამ გავიდა 26 წელი, საქმე კი ლაპარაკს არ გასცდენია. 2007 წლის 26 ოქტომბერს, საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო და მას "გრანდიოზული პროექტი" ეწოდა.
დაპირების მიხედვით, სამ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 11 მილიონ დოლარს გაიღებდა, შვიდ ქალაქში შვიდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო-სარაგბო სტადიონსა და 2 თანამედროვე ბაზას ააშენებდა, ხოლო 8 სახელმწიფო კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდოდა. ცხადია, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგებოდა, მაგრამ...
მოკლედ, სულ რაღაც გვიშლიდა ხელს - სამოქალაქო ომი, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური პრობლემები, კრიზისები... მაგრამ ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი - სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მუდმივი დაპირისპირებები იყო. და ამაში დაიხარჯა 26(!) წელიწადი.
მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრისას გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაამუშავა. შეიქმნა პრემიერის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომისია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროგრამის განხორციელებით სახელმწიფო რეალურად დაინტერესდა, მაგრამ მის განხორციელებას ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თავკაცთა დაპირისპირებამ შეუშალა ხელი - მათ თანამშრომლობა არ ისურვეს.
ბოლო 26 წელიწადში პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ერთი მიზნით გაერთიანდა.
სხვა, ვიდრე აქამდე...
ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთის დაფინანსების მოწინააღმდეგეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოზიციები ყველაზე მეტად ორ კომენტარში გამოიკვეთა. მოწინააღმდეგე წერდა:"265 მილიონ ლარად მინიმუმ ორ სერიოზულ ქარხანას ან ფაბრიკას ააშენებთ და იქ დაასაქმეთ ეგ მუქთახორა ფეხბურთელები! ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს მაინც გააკეთებენ! ფეხბურთი დაივიწყეთ!"
სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებით გახარებული გულშემატკივარი კი ამბობს: "არ აფინანსებენ და ყველა მთავრობას აკრიტიკებთ, გუნდები იშლება და - არაფერს აკეთებენო, აფინანსებენ და ფული წყალშია გადაყრილიო. თქვენი ვერაფერი გავიგე".
ეს გასაგებია, ახლა კი მთავარზეც ვთქვათ. ისიც ითქვა, 265 მილიონ ლარს 5 წელიწადზე ანაწილებენ და ეს ფეხბურთს არ ეყოფაო. ანუ ბევრმა ისე გაიგო, რომ ფეხბურთში დაახლოებით იგივე თანხა ჩაიდება, რაც აქამდე.
ჯერ ერთი, ახლანდელი მდგომარეობით, ფეხბურთში წელიწადში 44 მილიონი ლარი იხარჯებოდა - ანუ ხუთ წელიწადში 220 მილიონი. ახლა ეს ციფრი 265 მილიონი იქნება, ანუ წელიწადში 9 მილიონი ლარით მეტი. 9 მილიონით კი წესიერი ხალხი მინიმუმ ოთხ კოხტა სტადიონს მაინც ააშენებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაინც გაიმართება.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ესაა: ფეხბურთი გამგებლებსა და გუბერნატორებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ძველი და ახალი დაფინანსების სისტემებს შორის სწორედ ეს პრინციპული სხვაობაა. ფეხბურთი პოლიტიკური თამაშების ორბიტიდან საფეხბურთო წრეს უბრუნდება და ფეხბურთზე მორგებული სისტემა ჩამოყალიბდება.
შემთხვევითი არ იყო სპორტის მინისტრის სიტყვები - ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში ბევრჯერ არ ვყოფილვარო!..
4 თებერვალს, სახელმწიფომ ფეხბურთს ბოლო 26 წელიწადში პირველად მისცა თავის გადარჩენისა და ევროპული სტანდარტების ფეხბურთის "აშენების" რეალური შანსი - საბჭოთა კავშირი დასრულდა, ჩვენ კი დამოუკიდებელი ქვეყნის ფეხბურთისთვის სხვა მართვის სისტემა გვჭირდება, რომელიც საფეხბურთო სამყაროსა და ბიზნესისთვის გზავნილი უნდა გახდეს.
თურქეთშიც ზუსტად ასე იწყებდნენ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
05 თებერვალი 2016 12:40
თანხაზე, როგორც ზოგადადა ისე კონკრეტულად (ცხადაძის შემთხვევაში) აქცენტს ფედერაცია აკეთებს და არა გულშემატკივარი. გეგმა ჯერ არავის გაუცვნია ხალხისთვის, მხოლოდ თანხებით მარიაჟობენ და თან გვაბოლებენ თვლაში (დღევანდელი გაზრდილი თანხა ინფლაციის გათვალისწინებით იგივეა რაც 220 მილიონი). რაც მოვიდნენ სულ თანხებზეა ყველგან საუბარი მაგატ მხრიდან. ასე, რომ ვხვდებით, გეგმას ველოდებით, და არ გვევასება როდესაც გვაბოლებენ.
ყოველწლირად 43–მილიონი თუ გამოდის, მაშინ ჩემი აზრით ჯობია, რომ ეს ყოველწლიური 43–მილიონი ლარი მიემართოს მხოლოდ თბილისის დინამოს ბიუჯეტის გასაზრდელად.
ამჟამად დინამოს ფინანსური ბიუჯეტის რესურსები არ ყოფნის იმისთვის რომ ძვირადღირებული მაღალი კლასის ლეგიონერები იყიდოს, ხოლო თუ დინამოს ყოველწლიური ბიუჯეტი გაიზრდება ამ 43–მილიონით, მაშინ დინამოც შეძლებს მაღალი კლასის ლეგიონერების შეძენას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუბურ ეტაპზე გასვლას.
თანაც სინამდვილეში აღნიშნლი ყოველწლიური 43–მილიონიდან, ნახევარი, 50%–პროცენტი თანხა უნდა ეძლეოდეს თბილისის დინამოს და არა სხვა რეგიონალურ კლუბებს, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ თბილისის დინამო არის ქართული ფეხბურთის მინიმუმ 50%–პროცენტი.
ეს ყოველწლიური 43–მილიონი მაინც ერთ წამში უკვალოდ გაქრება, და შესაბამისად ჯობია, რომ დინაამოს გავუზარდოთ ბიუჯეტი ამ ყოველწლიური 43–მილიონით.
ამჟამად თბილისის დინამოს სასაცილოდ უდაბლესი ბიუჯეტი გააჩნია და ასეთი დაბალი ბიუჯეტით ვერასდროს გავა ჩეპიონთა ლიგაზე, ხოლო თუ ამ 43–მილიონს მივმართავთ დინამოს ბიუჯეტში, მაშინ დინამოს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდება.