ხმამაღალი შეძახილი ფეხბურთის ფედერაციას: ნუ გვახარისხებთ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. რა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი გუნდის დამრიგებელი ყოველდღე არ ინიშნება და ეს თემა მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტული მედიისთვის - მნიშვნელოვანი და ჟურნალისტისთვის დიდზე დიდი საჯილდაო ქვაც. ამიტომ საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართულ ფეხბურთზე მწერალი ყველა კალმოსანი ცდილობდა ამ დღეებში ინკოგნიტო მწვრთნელის ვინაობის გაგებას...

მაგრამ ჩვენი წერილის თემა სულაც არ არის ის, თუ ვინ როდის გაიგო ეს მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა სათქმელია და უნდა ვთქვა - ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, სანამ ერთ-ერთი ქართული სპორტული საიტის ერთ-ერთი
ჟურნალისტი დაწერდა. ეგაა, გაზეთი ოპერატიულობაში ვერაფრით შეეჯიბრება საიტს და დღეებიც ისეთი დაემთხვა, რომ "ლელო" ისვენებდა...

ეს განყენებული თემაა და სიტყვის მასალად მოვიტანე. ისე არავინ გაიგოს, რომ ჩემს კოლეგას ვერჩი, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, სულაც პირიქით, მან შესანიშნავად შეასრულა თავისი საქმე. აქ არის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება...

ცოტა შორიდან მივყვეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ეძებდა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს და ამაში ვერც გავამტყუნებთ. ამგვარი პრაქტიკა მიღებულია, მაგრამ თუ ბოლომდე ასაიდუმლოებ, მაშინ თითოეული ჟურნალისტისთვის და მედიასაშუალებისთვის უნდა იყოს საიდუმლო და ეს არ უნდა ეშლებოდეს ფეხბურთის ფედერაციას.

ვინ როდის და რა შეიტყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია - მხოლოდ ერთ ჟურნალისტს მიეცა ინფორმაცია და ფოტოს (რომელიც ვლადიმირ ვაისისა და ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა "საიდუმლო" შეხვედრას ასახავს) გადაღების უფლებაც.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ, რომ იმ ჟურნალისტმა, ვინც ეს ფოტო გადაიღო თუ მოიპოვა, ძალიან კარგად შეასრულა თავისი საქმე. ფეხბურთის ფედერაცია კი, შეცდომები ისედაც რომ არ აკლია, გვარიანად შეცდა. ის, უბრალოდ, ვალდებულია, ნებისმიერი ჟურნალისტი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

რას ნიშნავს ეს დახარისხება? ფეხბურთის ფედერაციაში ის ხალხი მუშაობს, წესით, მედიასთან ურთიერთობა რომ არ უნდა ეშლებოდეს. საინტერესოა, რა ახსნას მოუძებნის ფედერაცია მომხდარ ფაქტს?

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მამამ ერთ შვილს სრა-სასახლეები დაუტოვოს და მეორეს ჯორის ტყავი. თუ გამჭვირვალობაა, ყველასთვის იყოს და თუ საიდუმლოს ვინახავთ, ბოლომდე ყველასთვის შევინახოთ.

ფედერაციის ყველა მოხელეს უნდა ესმოდეს, რომ ის საჯარო მოხელეა და ვალდებულია, თანაბარ პირობებში ამყოფოს ყველა ჟურნალისტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მეტად უფრთხის თუ ნაკლებად, ვინ ვის უჭერდა მხარს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში და ასე შემდეგ.

მერწმუნეთ, სულაც არ მინდა, პირიქით, მეშინია იმისი, რომ ვინმეს, თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის ფავორიტი ვიყო. ყოველთვის მახსოვს მურმან ლებანიძის შეგონება, რომ არცერთ ხელმწიფეს ნავში არ უნდა ჩაუჯდე და ასე მგონია, ცხოვრებაში ამ სტრიქონებზე ფასეული არასოდეს არაფერი წამიკითხავს...

ეგაა, თუ პრინციპია, ის ყველასთვის უნდა პრინციპობდეს და თუ არა - ის ვინც პრინციპს არად აგდებს, უპრინციპობას უდებს სათავეს. უპრინციპობას კი არასდროს არავისთვის ურგია და ვეჭვობთ, ფეხბურთის ფედერაციას არგოს.

ფედერაციისთვის, როცა საჭირო იყო, არც ქება დაგვიკლია და არც - კრიტიკა. ახლა კი ძალიან ხმამაღლა უნდა შევძახოთ ამ ორგანიზაციის მესვეურებს - ნუ გვახარისხებთ! ეს თქვენვე გაგიწევთ დათვურ სამსახურს. ეს ის გზაა, რომელიც ტაძრამდე ვერაფრით მიგიყვანთ!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ავსაჯანას გაშვებამაც გაამართლა?
sandro batono
21:33 15-03-2016
0
აბიჟნიკი კაცის სტატია ქვია ამას :) ამ ფედერაციის კრიტიკაში რომ ხარ ძალად ჟურნალისტო ერთი დაასახელე ის შეცდომები რაზეც იძახი თუ კაცი ხარ.ალბათ ამ კომენტარსაც დაბლოკავთ როგორც შენმა კოლეგამ დაბლოკა თავის გენიალურ ნაშრომზე თუთიყუშზე და ბორია გადაიზე :)
Givi g
21:43 15-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული