საფიქრალი: რა სჭირდება ავადმყოფს?

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს: "სპორტ-ექსპრესის" მიმომხილველები - იგორ რაბინერი და მიხაილ პუშკანსკი, "HTB+-დან" - ალექსეი ანდრონოვი, ხოლო "მოსკოვსკი კომსომოლეციდან" - სპორტის რედაქტორი ალექსეი ლებედევი.

ისინი ქუთაისში "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონის" მატჩს დაესწრნენ და უინტერესო არ უნდა იყოს, რა შთაბეჭდილებება დარჩა, მაგალითად, რაბინერს ქართულ ფეხბურთსა და არსებულ ვითარებაზე.

"ქუთაისური გუნდი, რომელიც ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, კერძო კლუბი იყო. ახლა კი მუნიციპალურია და მისი სახსრებით არსებობს. ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი 800 დოლარია. ამოხვრით ამბობენ, რომ თბილისის "დინამოში" "მდიდარ"
ლეგიონერებს 5 400 "მწვანესაც" უხდიან. ამის შემდეგ ჩვენს ფეხბურთში არსებულ ხელფასებსა და აგენტების წილებზე ლაპარაკიც უხერხული იყო...

საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ცოტა ხალხი ესწრება, თამაშისას ემოციები თითქმის არ იყო... ბურთის მიმწოდებელი ბიჭები, ძირითადად, წამოკოტრიალებულიყვნენ - ცხელოდა! 30 წლის წინათ ყველაფერი სხვაგვარად იყო...

ნათელია, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელს ზრდის დიდი პერსპექტივები არ აქვს. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ქვეყნის ჩემპიონის, თბილისის "დინამოს" მთავარი თავდამსხმელი 38 წლის ალექსანდრე იაშვილია?! ოდესღაც ცნობილი "იაშკა" ჯერ კიდევ 90-იან წლებში "თანამეგობრობის თასზე" ბრწყინავდა"...

ტაქტიანად, მაგრამ ყველაფერი გარკვევით წერია. იტყვიან, რომ რუსია და ცუდს ხედავს - ჩვენთვის გარეშე თვალით დანახული ქართული ფეხბურთიც საინტერესოა, საკუთარი ნაკლოვანებები რომ დავინახოთ. ქვეყანაში, სადაც 800-დოლარიანი ხელფასებიც სანატრელია, სადაც ლეგიონერებზე 5 400 დოლარიც ბევრად გვეჩვენება.

* * *
ახლახან, სამწუხარო მდგომარეობაზე ლანჩხუთის "გურიაში" მომხდარი ფაქტიც მეტყველებს - ცნობილია, რომ გრიგოლეთის ბაზიდან ოთხი ლეგიონერი გაიპარა და სტამბოლში გადაფრინდა, რომელთაგან ორი - ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. ამ ამბავმა გურულებზე ანეკდოტი გამახსენა, გარდაცვლილის საფლავზე რომ დააწერეს - არაა ჩემს თავს კაი ამბავიო...

მართლაც არაა ქართული ფეხბურთის თავს კარგი ამბავი. მაგრამ ის, რაც "გურიაში" მოხდა, სახუმაროც აღარ არის. ჯგუფურად ციხიდან გაქცევა გაგვიგია, მაგრამ გუნდიდან?! თუმცა ეს პრობლემა არა იმდენად "გურიას", რამდენადაც ქვეყანას ეხება. ახალგაზრდა ლეგიონერები დონეს კიდევ შეეგუებიან, მაგრამ ძალიან უჭირთ იმ ქვეყანაში გაჩერება, სადაც ქალაქები და სტადიონი მოუწყობელია.

აგვისტოს ომის შემდეგ გავრცელებული ანეკდოტი გაიხსენეთ - რუსმა მფრინავმა ლანჩხუთს გადაუფრინა და იფიქრა, ეს ქალაქი ისედაც დაბომბილი ყოფილაო და ახალი სამიზნის ძებნა დაიწყო...

* * *
და რაც უნდა უცნაური იყოს, ასეთ პირობებშიც კი, თუ თბილისს არ ჩავთვლით, ჩემპიონატის რიგითი თამაშები ყველა სახეობაზე მეტ ინტერესს იწვევს. სტატიაში წამძღვარებული ფოტო ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და თბილისის "დინამოსთან" გამართული ბოლო შეხვედრისას ტრიბუნები აღბეჭდა - სტადიონზე 2800 კაცი მივიდა. მაგრამ ასე იყო კოლხების სხვა საშინაო შეხვედრებზეც.

სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძე" 2500 მაყურებელს იტევს და გარანტირებულად სულ სავსეა. გორსა და მარტვილში 2000 გულშემატკივარი მაინც დადის, ზუგდიდში, საჩხერესა და ბოლნისში დასწრების მაჩვენებელში ხშირად იწერება 1500-2000 ადამიანი. ქობულეთში არაა იშვიათობა 3000 კაცი. პირველ ლიგაშიც კი, აუტსაიდერის, ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და "ოდიში 1919"-ის თამაშს, ანუ მეგრულ დერბის 3000 კაცი დაესწრო.

საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი ჰყავთ, მაყურებლის პრობლემა არ არსებობს. გამონაკლისი მხოლოდ თბილისია.

სოციალურ ქსელებში საფეხბურთო თემების ერთ-ერთი აქტიური კომენტატორი დავით ბაკურაძე გახლავთ:

"ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თბილისში ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, უბრალოდ, თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დანარჩენი საქართველოს სხვა ნებისმიერი ქალაქის ან რეგიონის გუნდი გამაღიზიანებელი არ არის.

თან თბილისელების დიდი ნაწილი თავს აღიქვამს არა მარტო თბილისელად, არამედ აჭარელად, გურულად, მეგრელად, იმერელად, ქართლელად... და თუ თბილისის გუნდი მისი კუთხის წარმომადგენელს ხვდება, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალურია და, ფაქტობრივად, არანაირი ემოცია არ აქვს, განსხვავებით რეგიონებისგან. მათში თბილისის გუნდის დამარცხება სულ სხვა ემოციას იწვევს.

თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ დედაქალაქელებში საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი, ეს სხვა თემაა".

კარგად მახსოვს, 1999 წელს, ერთ-ერთ გაზეთში, ქართული კალათბურთი გამოიგლოვეს - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალაო. მაშინ საკალათბურთო ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ისე სამარცხვინოდ იასპარეზა, დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები მონაგონია.

მაშინ ბევრს ეგონა, რომ საქართველოში კალათბურთი დამთავრდა. ამ ჭკუამხიარული ხალხისთვის რომ დაგვეჯერებინა, ევროპის ჩემპიონატზე ფაჩულიასა და მისი ძმების გამოსვლით ვერ გავიხარებდით.

ქართული ფეხბურთი პოპულარული აღარ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დღეში მყოფსაც მაინც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ვინმეს მართლა თუ ჰგონია გამოსავალი, რომ ყველას და ყველაფერს, ვისაც და რასაც გაუჭირდება, წიხლი უნდა ვკრათ, ჩვენ ხალხი არ ვიქნებით! მით უფრო ფეხბურთს, რომელიც საბჭოურ წყვდიადში ჩვენი იმედი და მზიანი ღამე იყო.

* * *
ვინც ამ წერილს დღეს, წითელ პარასკევს წაიკითხავს, იმედია, დაფიქრდება, ავადმყოფთან როგორი მოქცევაა სწორი - სასუნთქი აპარატიდან გამორთვა თუ მკურნალობა. წიხლებსა და ჩაქოლვას მუდამ ბრბო ითხოვს.

სხვათა შორის, შესაძლოა, ზოგი იმ ფრაზითაც გაღიზიანდეს, რაც რაბინერის წერილში ამოვიკითხეთ - მეგობარმა, მიხეილ პუშკანსკიმ შემოგვთავაზა რუსთაველისა და ყიფიანის სამშობლოში წასვლაო. მაგრამ ფაქტია - ბევრისთვის, ძალიან ბევრისთვის, საქართველო სწორედ ფეხბურთთან ასოცირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფულს ვინ იხდის ბილეთში რო გუნდს რამეში წაადგეს თორე უფულოდ ეგრე კოღოებიც არიან ფოთშიც და ლანჩხუთშიც
0
Im avadmyopis gadarchena bevrad advili vinc gadarchenas cdilobs, am shemtxvevashi es avadmyopi dziritadad yovel dge xarakirit aris dakavebuli da shesabamisad sanam tviton ar sheecdeba tavisi tavis gadarchenas sxvis imedze yopnas azri ar akvs!!!
Tbilisi
13:25 29-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული