ბათუმის "დინამოს" ბაზა სწრაფი ტემპით შენდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურმა ანგისაში მიმდინარე ბაზის სამშენებლო სამუშაოების ფოტოები გაავრცელა. სტადიონის მშენებლობისგან განსხვავებით, ბაზის მოწყობა მაინც არაა ზღაპარი და აშკარაა, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა...

კლუბის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი დაიმედებულია, რომ ამ ტემპით ანგისაში გუნდი მალე დაბანაკდება.

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ანგისაში ბაზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაიყარა, ახლა კი ტრიბუნები ამოიყვანეს. მის ქვევით უნდა განთავსდეს გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა, დამკვირვებელთა და დოპინგკონტროლის ოთახები, სამედიცინო კაბინეტი, დამხმარე სათავსოები.

ახლა გატიხვრა და კედლების ამოყვანა მიმდინარეობს, თვენახევარში კი ტრიბუნებზე
ბოლო სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება. აღდგომის შემდეგ კი მოედანზე სარწყავი და სადრენაჟო სისტემების დამონტაჟება დაიწყება.

გეგმის მიხედვით, მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და იმედია, ასეც იქნება", - ამბობს ფედიჩკინი.

ცხადია, საინტერესოა, ანგისას სტადიონი რამდენ მაყურებელს დაიტევს:

"პროექტის მიხედვით, სტადიონი 1600-მდე მაყურებელს დაიტევს. ბათუმში ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან დიდია და ბუნებრივია, ასეთი ტევადობის ტრიბუნები გულშემატკივრის ინტერესს სანახევროდაც ვერ დააკმაყოფილებს.

მაგრამ საკუთარ ქალაქში თამაში დიდი პლუსიცაა. თანაც, თამაშები განათებაზე ჩატარდება და ეს სულ სხვა სათამაშო გარემოს შექმნის".

ცნობილია ფეხბურთის ფედერაციის ჩანაფიქრი - გარდამავალი ჩემპიონატიდან თამაშების ჩატარების ნებართვა მხოლოდ იმ სტადიონებზე გასცეს, სადაც კარგი, თანაც ბუნებრივსაფარიანი მოედანი და განათების სისტემაა დამონტაჟებული.

ბათუმის "დინამო" კი ქობულეთის "შუქურას" სტადიონზე თამაშობს, სადაც არც განათების სისტემაა და ხელოვნური მოედანიც უხარისხოა. ფედიჩკინს ისიც ვკითხეთ, სად ითამაშებენ ბათუმელები ახალი სეზონიდან:

"ჯერ ეს საკითხი არ გაგვირკვევია. არ ვიცით, ქობულეთში საფარი გამოიცვლება თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალი უნდა მოვნახოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯარჯი , დამატება სულ შეიძლება ჯერ შეხედავენ ხალხის რაოდენობას რომელიც სტადიონზე ივლის..
guro
17:54 29-04-2016
0
დაგემატებინათ მერე 2500 მდე, ეს მხოლოდ დამატებითი 200 000 ლარია და ქემაინც ხალხსაც არ გააწამებდით!
jarji21
15:18 29-04-2016
0

სიახლეები პოპულარული