რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას მე-40 კონგრესი გაიმართა. მთავარი საკითხები ევროფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გაწევრიანება და უეფას აღმასკომში ქალბატონის წევრად არჩევა იყო...

გადაწყდა: გვინდა კოსოვო და... ქალი
ბუდაპეშტის მთავარ საგამოფენო ცენტრში გამართულ კონგრესს უეფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საბერძნეთის წარმომადგენელი თეოდორ თეოდორიდისი უძღვებოდა. ზემოთ ხსენებული ორივე საკითხი დადებითად გადაწყდა: საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ფლორანს არდუენმა 33 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, უეფას ქალთა კომიტეტის შეფმა კარენ ესპელუნდმა კი - 21. ამგვარად, 2019 წლამდე უეფას აღამასკომის წევრი ფრანგი ქალბატონი იქნება.

ახლა
მთავარზე: 3 მაისს უეფას წევრი ქვეყნების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა - ამიერიდან, ამ სტატუსით სერბეთიდან გამოყოფილი კოსოვოც ისარგებლებს.

ეს იყო ბოლო წლებში უეფას მიერ მიღებული ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება. დავიწყოთ იმით, რომ კოსოვოს გაწევრიანებაზე კენჭისყრა ხმების მარტივი უმრავლესობით ჩატარდა.

დელეგატებს ფარული კენჭისყრის იდეა შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანმა ალექს მიშერმა შესთავაზა.

სერბები უეფას უჩივლებენ
სერბეთის საფეხბურთო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს მიღება დაუშვებელი იყო.

"ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ ფეხბურთი მთელ ევროპაში ითამაშონ, მაგრამ წინააღმდეგნი ვართ, იმ ორგანიზაციის გაწევრიანებას დავეთანხმოთ, რომელიც უეფას მოთხოვნებს არ იცავს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმის ნიშანი იქნება, რომ პოლიტიკა ფეხბურთში ერევა.

მე კი მსურს, მნიშვნელოვანი ფაქტი შეგახსენოთ: კოსოვო გაერო-ს წევრი არ არის. უეფას წესდების მე-5 პუნქტში კი წერია, რომ ორგანიზაციის წევრებად მხოლოდ გაერო-ს მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული ქვეყნების ფედერაციების მიღება შეიძლება.

იბადება კითხვა - უეფას რომელმა სტრუქტურამ გადაწყვიტა, რომ კოსოვოს ფედერაციის წესდება მის წესდებას შეესაბამება? კოსოვოს შესახებ გაერო-ს რეზოლუცია მეტყველებს, რომ ის სერბეთის განუყოფელი ნაწილია", - ამბობს კარაჯიჩი.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა - სერბეთი მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა მის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

სამწუხაროდ, პოლიტიკა ფეხბურთში მაინც ჩაერია: უეფას 28 წევრი ეროვნული ფედერაცია კოსოვოს გაწევრიანებას მიემხრო, ორმა თავი შეიკავა, ხოლო 24-მა თქვა - "არა"!

კონგრესის შემდეგ კარაჯიჩმა სერბეთის ტელევიზიით კიდევ უფრო მკვეთრი კომენტარი გააკეთა:

"ბევრმა დელეგაციამ ბოდიში მომიხადა, უეფაში კოსოვოს წევრობას ხმა რომ მისცა. მათი თქმით, ისინი პოლიტიკოსებმა აიძულეს. ბევრი დელეგატი, კენჭისყრამდეც და მის შემდეგაც, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ ქვეყნებში, რომელთაც სეპარატიზმი სერბეთის მსგავსად აწუხებთ? არსებობს კი მათი დაცვის მექანიზმი? დღევანდელმა გადაწყვეტილებამ უეფას სახელს უდიდესი ზიანი მიაყენა. მაგრამ ჩვენ ამ თავხედური ნაბიჯის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი უკვე შემუშავებული გვაქვს.

ხალხი ამას არ მოითმენს - ბელგრადიდან უკვე საგანგაშო ინფორმაციები მომდის".

ბელგრადში ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვანია უდოვიჩიჩმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში სერბეთი უეფა-ს ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში უჩივლებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმაც ბრძანა, რომ სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია უკანონო გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

სერბის მადლობა საქართველოს
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენდნენ.

ცხადია, "ლელო" დაინტერესდა, რა პოზიცია დაიკავეს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს წარმომადგენლებმა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხმა კოსოვოს გაწევრიანების მოწინააღმდეგე 24 ქვეყანას შორის მოხვდა. ამაში გასაკვირი არაფერია. კოსოვო სერბეთისთვის ის ადგილია, სადაც ერთ დროს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დააფუძნეს, მათთვის ეს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ანალოგია.

საქართველო არ აღიარებს კოსოვოს და, ცხადია, სფფ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ვერ და არ გადაუხვევდა.

ბათუმის "დინამოს" მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა "ლელოსთან" კომენტარში რადიკალური პოზიცია დააფიქსირა:

"ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ უეფა პოლიტიკური ორგანიზაციაა. სხვაგვარად, სერბეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ მეთოდით არ დაიწყებდა და ასეთ ნეგატიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

სამწუხაროა, რომ უეფა მხოლოდ ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებს. სერბი ხალხი იმედგაცრუებულია. ეს ფეხბურთი აღარ არის, მასში პოლიტიკა აშკარად ჩაერია.

დიდი მადლობა საქართველოს, რომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სიმართლის მხარე დაიკავა".

ერთ ჯგუფში რომ მოვხვდეთ?
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ ახლა კოსოვოს ფიფა-ში გაწევრიანებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. უეფა-ს გენერალური მდივნის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა თეოდორიდისმა კი სერბულ ტელეარხთან მოკლე კომენტარში ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა - გარწმუნებთ, უეფა სერბეთს და კოსოვოს ერთ შესარჩევ ჯგუფში არ მოახვედრებსო.

მაგრამ აქ ერთი რამაა საინტერესო - როგორ მოიქცევა უეფას ის 24 წევრი ქვეყანა, რომელიც კოსოვოს გაწევრიანებას არ ემხრობა და მას სახელმწიფოდ არ აღიარებს? ან რა მოხდება, მაგალითად, თუ კოსოვოს ნაკრებები ან კლუბები შესარჩევ ჯგუფში და ევროტურნირებზე ქართულ გუნდებთან დაწყვილდებიან? მათ აქ შემოსვლაზე საქართველოს ხელისუფლება ვიზებს გასცემს?

კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით და პასუხს გვიანობამდე ველოდით. იმედია, კომენტარს ხვალინდელ ნომერში მაინც შემოგთავაზებთ.

მაგალითები კი ცნობილია: ევროპალიგაზე მოსკოვის "სპარტაკი" შვეიცარიულ "სენტ გალენს" რომ იღებდა, შვეიცარიელთა 2 ფეხბურთელი რუსეთში არ შეუშვეს, რადგან ისინი არაღიარებული ქვეყნის, კოსოვოს მოქალაქეები იყვნენ.

სწორედ ეს ამბავი გვაფიქრებს, რომ უეფა-მ იმდენად წინდაუხედავი გადაწყვეტილება მიიღო, საეჭვოა, კოსოვოელები გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე 24 ქვეყანაში მიიღონ. ასეთ შემთხვევაში, რა ბედი ელის უეფა-ს სანაკრებო და საკლუბო ტურნირებს და საერთოდ - რას გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება?

პოლიტიკოსების გამოხმაურება
ამ თემაზე საინტერესო და, რაც მთავარია, ერთნაირი კომენტარები გააკეთეს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ქართველმა პოლიტიკოსებმა:

ლევან ბერძენიშვილი (პარლამენტარი, "რესპუბლიკური პარტია"):
"ვუმასპინძლებთ თუ არა საქართველოში კოსოვოელებს, ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მაგრამ, რადგან ამ ქვეყანას არ ვცნობთ, ერთ ჯგუფშიც რომ მოვხვდეთ, ვერ მივიღებთ და ვერც მათთან ჩავალთ.

ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურ საკითხებში უეფა-ს უხეში ჩარევა და უდიდესი შეცდომა იყო. ამ ორგანიზაციის მმართველებს მეტი სიბრძნე მოეთხოვებოდათ. ახლა რა გამოდის? ისეთი ჯგუფები უნდა შეადგინონ, კოსოვოს ნაკრებები და გუნდები მხოლოდ მაღიარებელ 28 ქვეყანასთან მოხვდეს და 24-ს ვერ ეთამაშოს?

ეს ძალიან დიდი შეცდომაა"!

აკაკი ასათიანი ("საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი"):
"დედამიწის ზურგზე პოლიტიკა ყველაფერში ერევა და უპირველესად - ფეხბურთში. ამ გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ახლა კი საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დავდექით. მერე გვეტყვიან, რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა ჩაერიოსო და გვაიძულებენ, კოსოვოელებს ვეთამაშოთ.

ეს არის საკითხი, რომლის გამოც ეს 24 ქვეყანა და პლუს ის ორიც, რომლებმაც გადაწყვეტილებაზე თავი შეიკავეს, საერთო ენა უნდა გამონახონ. ამ ქვეყნების მთავრობებმა, საგარეო და სპორტულმა უწყებებმა ერთი პოზიცია უნდა დაიკავონ".

სანდრო ბრეგაძე (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე):
"რადგან საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, აქედან გამომდინარე, კოსოვოს ნაკრებებსა და კლუბებსაც ვერ მივიღებთ.

საერთოდაც, ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა, რადგან უეფა-ს 24 წევრი ქვეყანა კოსოვოს არ ცნობს და მისი გაწევრიანება იურიდიული ნონსენსია - კოსოვო გაერო-ს წევრიც არ არის და რომელი ქვეყნებიც ჩვენსავით არ აღიარებენ მას, როგორ უმასპინძლებენ?

ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძიება უეფა-ს ძალიან გაუჭირდება. რეალურად, ამ ორგანიზაციამ საკუთარი თავი უდიდესი დილემის წინაშე დააყენა".

რუსების ორმაგი სტანდარტები
რუსეთის საფეხბურთო კავშირი უეფა-ს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. მომხდარმა რუსულ ფორუმებზე ნამდვილი ომი გამოიწვია. იქაური გულშემატკივრები უეფა-ს ფარისევლობაში ადანაშაულებდნენ, რამაც ქართველების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

"უეფა ფარისევლებისაა? კოსოვო თუ სერბეთია, მაშინ რატომ არ არის თქვენთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი საქართველო?"

"იმიტომ, რომ კოსოვო სერბეთია, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი კი საქართველო არ არის".

"ეს რა კრიტერიუმებით დაადგინეთ"?

"მოსკოვსკი კომსომოლეცში" ექსპერტი ანდრეი მალოსოლოვი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იგივე სტატუსი მოითხოვოს.

"ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში უეფა-ს უხეში ჩარევაა, რადგან კოსოვო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს და მას ნახევარი მსოფლიო არ აღიარებს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მეორე მხრივ, შეიძლება ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა ისარგებლოს და საკუთარ ჩემპიონატში ყირიმის გუნდების ჩართვა დაჟინებით მოითხოვოს. ასევე, თუ კოსოვო უეფა-ს წევრი გახდა, რატომ არ შეიძლება იგივე სტატუსი ყირიმს მიანიჭონ? ჩემი აზრით, ანალოგიური უფლება სხვა არაღიარებულ ქვეყნებსაც გააჩნიათ - აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს და, რა თქმა უნდა, დონბასს. ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი", - ამბობს რუსი ექსპერტი.

აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, რომელიც ამავე დროს საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტიცაა, აღიარა, რომ უეფა და ფიფა ყირიმთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლიან. ცხადია, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც ანალოგიური ვითარებაა.

ერთადერთი აზრი, რაშიც რუსებს ვეთანხმებით, იქაური საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა თქვა - კოსოვოს აღიარებით, უეფა-მ საფეხბურთო ევროპა გახლიჩა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ხომ ხედავთ რომ თქვენ არავინ გისმენთ
999l
10:28 07-06-2016
0
ჩემო გუგა: შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ასე შემდეგ არ არიან დამოუკიდებლები, მაგრამ შენ ალბათ ახალგაზრდა ხარ და არ იცი, რომ ამ "დიდი ბრიტანეთის" შემადგენელ სუბიექტებს, მათ შორის თავად ინგლისიც ცალკე ფედერაციებით წარმოდგენილი არიან ფიფაში, მხოლოდ იმიტომ, რო "დიდი ბრიტანეთი" აღიარებულია ფეხბურთის სამშობლოდ და ამგვარად გამოხატავენ პატივისცემას მის მიმართ. და ამის წინააღმდეგი სულაც არ არის ინგლისი. რაც შეეხება ფარერებს, ვინ გითხრათ რო ის ვინმეს რამეში ყელში გაეჩხირა? ვინმემ გაასაჩივრა მისი ფიფაში გაწევრიანება? ვინმემ ანექსია გაუკეთა ამ კუნძულებს?
guga 04 მაი
22:19 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული