35 წელი დიდი გამარჯვებიდან - ცხადსა და სიზმარში ნანახი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზუსტად 35 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის (გდრ) "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

ეს არის გაუხუნარი ამბავი, რომელიც დღესაც საზეიმოდ აღინიშნება. 16 საათზე, 13 მაისის შემოქმედნი "დინამო არენაზე" შეიკრიბებიან და დაიძვრებიან თბილისის საკრებულოსკენ, სადაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მერი დავით ნარმანია საზეიმო შეხვედრას მოუწყობენ...

სიზმარში ნანახი მანქანა
მაშინდელი გუნდის ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი საინტერესო ისტორიებს იხსენებს:

"წარმოიდგინეთ, მაშინდელ "დინამოს", რომელსაც სახელი ჰქონდა ევროპაში, არ ჰყავდა მეკარეების მწვრთნელი და ნოდარ ახალკაცმა
ეს საქმე მე, ფიზიოთერაპევტს მომანდო. ერთი ხანობა, მეკარეებს სწორედ მე ვავარჯიშებდი, ვიდრე 1977 წელს სერგო კოტრიკაძე არ მოიყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ, დიუსელდორფში ხალხი შეზღუდული რაოდენობით წაიყვანეს და სერგო ამ ჯგუფში ვერ მოხვდა".

მან ერთი უცნობი ამბავიც გაიხსენა:

"ბევრს არც ახსოვს, რომ იმ გათამაშებაში თბილისის "დინამო" შემთხვევით მოხვდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თასი 1979 წელს მოვიგეთ, გათამაშებაში კი 1980 წლის გამარჯვებულს უნდა ეთამაშა.

იმ წელს ფინალში კიდევ ერთხელ გავედით. ფინალი კი, მოსკოვის ოლიმპიადის გამო 9 აგვისტოს გაიმართა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების წილისყრა კი მაისის ბოლოს ჩატარდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილედ თასის წინა გამარჯვებული "დინამო" წარადგინა. დონეცკის "შახტიორმა" 2:1 მოგვიგო, თუმცა უეფას თასზე იასპარეზა, - ამბობს გაბიტაშვილი და იქვე აგრძელებს:

სანამ ფინალში გავიდოდით, 1980 წლის 22 ოქტომბერს ირლანდიაში "უოტერფორდს" ვხვდებოდით. თამაშის წინა დღეს სიზმარი ვნახე, რომ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ მანქანას, "მერსედესს" მაძლევდნენ - "დინამომ" ევროპის თასი აიღო და გეკუთვნისო. არ მინდა, "ვოლგა გაზ-24" მომეცით-მეთქი.

ეს სიზმარი ნოდარ ახალკაცს გავუმხილე. გაეცინა - ევროპულ ფეხბურთში დიდი მაიმუნობები მაშინაც ხდებოდა და ევროპიდან თასს ვინ წამოგვაღებინებსო, მითხრა. მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ფინალში რომ გავედით, დიუსელდორფში გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ვთქვი - ფინალის ბურთი უნდა მოვიპარო-მეთქი.

თამაში რომ დამთავრდა, ნოდარმა ხელი მკრა - ანზორ, მიდი, მსაჯს ბურთი წაართვიო. მეც მეტი რა მინდოდა? მოედანზე შევვარდი და რიკარდო ლატანცის ბურთი ხელიდან გამოვგლიჯე.

ამ ბურთს დღემდე ვინახავ. მასში ბევრჯერ შემომთავაზეს საკმაოდ დიდი ფული, მაგრამ ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული, რადგან ამ ბურთმა საქართველოს უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოუტანა".

გაბიტაშვილის თქმით, სიზმარი სხვა კუთხითაც აუხდა:

"ფინალის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულებს, "ვოლგები" მართლაც დაგვირიგეს. მართალია, ეს უფასოდ არ გაუკეთებიათ, თავის ფასში მოგვყიდეს, მაგრამ მისი გაყიდვით ახალ მანქანასაც შეიძენდი. ეს იყო სწორედ ჩვენი შეღავათი".

რატომ წაიყვანეს კოტე მახარაძე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში?
გაბიტაშვილს ნოდარ ახალკაცის გახსენებაც ვთხოვეთ:

"მეცინება, როცა ამბობენ, ფარსადანოვიჩი უხეში და ხისტი იყოო. ნოდარი იყო საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანი, რომლის მსგავსი და მასშტაბის პიროვნებაც ქართულ ფეხბურთში არ მინახავს. არადა, რამდენი ხანია ამ სფეროში ვარ. მან რომ ფეხბურთელების დამუხტვა და სტიმულის მიცემა იცოდა, ასეთი ახლა სანატრელია - კაცს გააცოცხლებდა და ამის არაერთი მაგალითი გვქონია".

ისტორიული გამარჯვების დღეს, ტელერეპორტაჟისას, კოტე მახარაძემ ცნობილი ფრაზა თქვა:

"И вот финальный свисток извещает о том, что динамовцы Тбилиси в 1981 году завоевали Кубок кубков Европейских стран! Большая удача грузинских футболистов! Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!"

ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფრაზის გამო დიუსელდორფიდან დაბრუნებული კოტე მახარაძე მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს:

"ჩავდივართ მოსკოვში და მახარაძე უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. მერე გავიგეთ, რომ მიზეზი სწორედ ეს სიტყვები ყოფილა - "Ликует столица Грузии", რატომ ახსენე საქართველოს დედაქალაქი და არა საბჭოთა კავშირისო?!

მერე კი გამოუშვეს, მაგრამ ხომ ხვდებით, მაშინდელი ემოციების ფონზე როგორი რეაქცია გვექნებოდა ამაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება ისე არ გაუხარდათ, როგორიც რუსების შემთხვევაში მოხდებოდა".

საჩუქარი ახალკაცს
სხვათა შორის, მოსკოვის "მადლობასთან" დაკავშირებით თავად ნოდარ ახალკაცი შემდეგ ამბავს იხსენებდა:

"კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო და, სწორად გამიგეთ, რასაც მოვყვები. ეს ამბავი ყველას ნათელ სურათს შეუქმნის იმაზე, თუ როგორი "აღფრთოვანება" და "სიხარული" გამოიწვია მოსკოვში ჩვენმა გამარჯვებამ.

საბჭოთა ნაკრებმა მოსკოვის ოლიმპიადა რომ წააგო, ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი ორდენით დააჯილდოვეს. საზოგადოება "სპარტაკის" საიუბილეო დღეებშიც იგივე განმეორდა. ლობანოვსკიმ კიევის "დინამოთი" ევროპის თასების მფლობელთა თასი ორჯერ მოიპოვა და ორივე შემთხვევაში ორდენი ჩამოჰკიდეს.

მე კი, 16 მაისს, როცა გუნდთან ერთად დიუსელდორფიდან მოსკოვში დავბრუნდი, აეროპორტში "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თანამშრომელი ფედულოვი დამხვდა, ავტობუსში ასვლის წინ საბუთი გადმომცა და მთხოვა - თავისუფალ დროს გაეცანითო.

შეუძლოდ ვიყავი, ჩანთაში ჩავაგდე და მხოლოდ თბილისში ჩამოსულმა რომ გადავხედე, ჭეშმარიტი საბჭოთა სიურპრიზი დამხვდა. "დინამოს" ცენტრალური საბჭო საყვედურს მიცხადებდა - აქაოდა, დიუსელდორფში გუნდი "ადიდასის" ფორმით რატომ ათამაშეო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - წყალსაც წაუღია იმათი ყველა ორდენი და მედალი, მაგრამ ამ მოქმედებაში ნათლად გამოჩნდა იმპერიის მესვეურთა ის "სიხარული", რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვებამ მოჰგვარათ და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი უზნეო, ბოროტი სული.

აი, ასეთი "მადლობა" მივიღე მაშინ იმპერიის მესვეურებისგან, მაგრამ სულაც არ მენაღვლებოდა - ჩემთვის მთავარი იყო ის დიდი სიყვარული, საქართველომ ჩვენ მიმართ რომ გამოამჟღავნა და რომელსაც ახლაც ვგრძნობ"...

Sportall.Ge

ევროპის საუკეთესო გუნდი
ბატონი ანზორი განიცდის, რომ ამ 35 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ძალიან დაეცა:

"მაშინ "დინამოში" და, საერთოდაც, ფეხბურთს ღარიბი ოჯახების შვილები თამაშობდნენ. მათ სახელიც სწყუროდათ და მონდომებაც ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამის ბრალია, მაგრამ ახლა ფეხბურთზე სიარული ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, რომ ღარიბები იქით იშვიათად იხედებიან, მდიდრები კი ვერ თამაშობენ".

დღეს ბევრი თბილი სიტყვა ითქმება, ბევრი სადღეგრძელო შეისმება, პატარა საფეხბურთო ზეიმი მოეწყობა და მაინც, ახალი თაობისთვის გაუგებარია, ასეთი რა მოხდა 1981 წლის 13 მაისს, 35 წლის შემდეგაც რომ ვერ დავივიწყეთ და ლამის "დიდგორის" გამარჯვებასავით აღვნიშნავთ. ბევრს ეს ყველაფერი გადაჭარბებული და ტიპური ქართული ლეგენდა ჰგონია.

რა თქმა უნდა, წარსულზე ტირილი არ ღირს, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, რადგან ჩვენზე დიდი წარმატებები ბევრს ჰქონია.

თუმცა 1981 წლის თბილისის "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ იყო, ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეების ძველი და ახალი კომენტარები მეტყველებს. თბილისის "დინამოს" ევროპის საუკეთესო გუნდად მიიჩნევდა სესარ ლუის მენოტი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის მთავარი მწვრთნელი.

უცხოელები ქართველებზე
ვლადიმერ მუნტიანი, კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 1969 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ამბობდა - კიეველები ყოველთვის თბილისელებს ვგულშემატკივრობდითო:

"მათ საბჭოთა ბრაზილიელებად ვთვლიდით. არასტაბილური გუნდი იყო, მაგრამ ხასიათზე თუ იყვნენ, ვერავინ აჩერებდა. შეუძლებელი იყო, მათი თამაშით არ მოხიბლულიყავი. ჩვენ მეტი ტიტული გვქონდა, მაგრამ ხალხს თბილისელები უყვარდა და მათ შეხვედრებს ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

ცალკე ქართველი ფეხბურთელების პიროვნულ ღირსებებზე უნდა ვთქვა. როცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე საშინელება მოხდა, კიევის "დინამოს" ფეხბურთელები საქართველოში თვეობით ვცხოვრობდით. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია".

"ლივერპულის" შოტლანდიელი შემტევი გრემ საუნესი რამდენიმე წლის წინ "ფრანს ფუტბოლთან" ამბობდა:

"ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" დამამახსოვრდა. ამ გუნდმა ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა".

"იმ დროის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით, რომელიც თასების მფლობელთა თასის მაშინდელ გათამაშებაში ყველას სჯობდა. ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს უძლიერესი მწვრთნელი ავარჯიშებდა", - ამბობს ლოთარ კურბიუვაიტი, კომუნისტური გერმანიის ლეგენდარული ფეხბურთელი, დიუსელდორფის ფინალის მონაწილე.

მაშინდელი "კარლ ცაისი" გდრ-ის ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდად ითვლებოდა ბერლინისა და დრეზდენის "დინამოებთან" ერთად. იენელებმა ხომ თბილისის "დინამოსკენ" მიმავალ გზაზე თვით "რომა", "ვალენსია" და "ბენფიკა" ჩამოიცილეს...

აი, ასეთი გუნდი დაამარცხა ჩვენმა "დინამომ"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მონატრებული სიხარულის ნოსტალგიაზე(((
ახლოვდება 13 მაისი.დღე ,რომელიც აღსანიშნავია,დაუვიწყარია,როგორც ყველაზე დიდი გამარჯვების დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში!დღე,რომელიც საერთოდ საქართველოს ისტორიაშია აღსანიშნავი,როგორც უდიდესი სიხარულის დღე საერთოდ ქართველი ერისთვის! სამწუხაროდ უკვე 35 წელი გავიდა და მის შემდეგ ქართულ ფეხბურთს საერთოდ არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია(((იმ დღის შემდეგ კიდევ 10წელი ვთამაშობდით სსრკ–ის ჩემპიონატში,შემდეგ მივიღეთ დამოუკიდელობა,1994წლიდან ჩავერთეთ მსოფლიო თასის,ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში,მაგრამ შედეგი იყო მუდმივად ერთი–ნული.(((დაიწყებოდა ახალი შესარჩევი ციკლი,მორიგი ოპტიმისტური განცხადებებით,მაგრამ მე–3,მე–4 ტური შესარჩევის და უკვე ყველაფერი ნათელი ხდებოდა–სამწუხაროდ ჩვენ დანარჩენ თამაშებს სატურნირო პერსპექტივების გარეშე ვთამაშობდით(სამწუხაროდ აბსოლიტურად ყველა შესარჩევს!(საბოლოოდ დავწყნარდით,შევეგუეთ უპერსპექტივობას,რაც რეალობად შევრაცხეთ და უკვე დღეს ჯგუფში მესამე ადგილი ჩაგვეთვლება წარმატებად(((მაგრამ ჩავთვლით წარმატებად?ვიქნებით კმაყოფილები?... მე და ათასობით(სამწუხაროდ დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასით განისაზღვრება,ესღა შემორჩა პოტენციურად მილიონიან არმიას),არ მინდა შევეგუო ამ აზრს და არც არასდროს შევეგუები!ჩვენ უნდა გვყავდეს მუდმივად,სტაბილურად ძლიერი ნაკრები!ამისთვის მიმაჩნია,რომ უნდა გავაფართოვოთ ნაკრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევის არეალი სხვა ქვეყნებში დაბადებული, აღზდილი ქართველი ფეხბურთელებით!მეზობელ თურქეთში სხვადასხვა მონაცემებით 5–7 მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს,ირანშიც მგონი მილიონზე მეტი.დღეს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ფეხბურთელები,ფრანგები ეროვნულ ნაკრებს აყალიბებენ ყოფილი კოლონიების რესურსების სრული გამოყენებით,ინგლისის ნაკრებში იშვიათი ხდება ანგლო–საქსი ფეხბურთელი(გაიხარეს ,როცა ანგლო–საქსმა ვარდიმ ნაკრების დონე ანახა!),გერმანიის ნაკრებში თურქები,პოლონელები,არაბები ...დუჩემ ფაშისტური იტალიის სადიდებლად ოთხი იტალიური წარმოშობის არგენტინელით გააძლიერა ეროვნული ნაკრები და იტალიელთა წარმატებაში გადამწყვეტი სწორედ ,,არგენტინელი იტალიელების, ორიუნდის,,გოლები აღმოჩნდა...დღეს სომხეთის ნაკრებში შვიდი სომხეთის გარეთ დაბადებული და აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს,მათ შორის თურქეთში დაბადებული ოზბილისი,რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა და სომხეთის ნაკრებმა უკვე ჩაატარა რამდენიმე წარმატებული თამაში(სლოვაკეთში 4–0 დაამარცხეს მეტოქე,დანიელები ყავთ დამარცხებული დანიაში...).ადრე ამ შედეგს ზღაპარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.სომხებს ზუსტად ის პრობლემა აწუხებს,რაზეც ქვემოთ,მოგვიანებით უნდა გავამახვილო ყურადღება.სომხებს ყავთ ოთხი საზღვარგარეთ აღზრდილი ძლიერი ფეხბურთელი(მხიტარიანი,ოზბილისი,მოვსესიანი,პაცინი),ხოლო დანარჩენი ადგილობრივი სუსტი ფეხბურთელები,დისბალანსია შემადგენლობაში...
ზაზა
10:31 13-05-2016
0
უფალს ვთხოვ ჩემ ერს კიდევ განაცდევინოს ის სიამაყის გრძნობა, როგორსაც მაშინ განვიცდიდით მთელი ქართველობა და არამარტო ქართველები. ეს იყო უდიდესი სიხარული და უდიდესი სიამაყე, ევროპის თასი ბიჭებმა პატარა საქართველოში ჩამოგვიტანეს.
gizog
17:17 13-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული