საფეხბურთო თერაპია დაიწყო! ჯერ შიდა ქართლი, მერე პანკისი...

AutoSharing Option
სიმბოლურია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს დაემთხვა გორში დიდი საფეხბურთო ზეიმი - "ფონდი არველაძის" მიერ შემუშავებული პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც "საფეხბურთო თერაპია" ჰქვია...

ფონდმა მართლაც რომ კარგ, ქართულ საქმეს დაადგა თავი - შიდა ქართლში, სადაც არაერთი დევნილია, შეფობა აიღო 15 საფეხბურთო სკოლაზე. იქ 300 ბავშვი სწავლობს ფეხბურთის ანბანს. ამიერიდან სკოლების უკეთეს მომავალზე, ამ სკოლებში დასაქმებული მწვრთნელების ფინანსურად უზრუნველყოფაზე სწორედ "ფონდი არველაძე" იზრუნებს.

გუშინ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სტუმრები მრავლად იყვნენ. დრო შოთა არველაძემაც
გამონახა, ვინც სულ მალე ახალ სამწვრთნელო გამოწვევას შეეჭიდება...

ღონისძიება შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გია რევაზიშვილს მიჰყავდა.

"დღეს ყველა ვხედავთ აქ ბედნიერი ბავშვების სახეებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ფონდ არველაძეს". მათი მეოხებით 15 სკოლა შეფერხების გარეშე იმოქმედებს. ეს უდიდესი სტიმულია ამ სკოლაში მოსწავლე ბავშვებისთვის, აქ დასაქმებული მწვრთნელებისთვის...

აქვე, მინდა არველაძეებს ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ საფეხბურთო სკოლა, რომელიც თავის დროზე მათი უშუალო ძალისხმევით დაფუძნდა სოფელ ტინისხიდში, დღეს აღარ ფუნქციონირებს", - ეს რევაზიშვილის სიტყვებია.

ილია მეტრეველი (გორის საკრებულოს თავმჯდომარე):
"დღეს არის ნამდვილი დღესასწაული და მინდა, ეს დღე ყველას მოგილოცოთ. დიდი მადლობა "ფონდ არველაძეს".

შოთა არველაძე:
"მადლობა ყველას. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. თუ ამ ბავშვებისგან ერთი კარგი ფეხბურთელი მაინც გაიზრდება, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებით".

არჩილ არველაძე:
"გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ამ კარგ საქმეში - გია რევაზიშვილს, გორის ხელმძღვანელობას"...

ნიკა ჩხეიძე:
"ყველას დიდი მადლობა დაფასებისთვის. ჩვენი ფონდი დგას ქართული ფეხბურთის, საქართველოს სამსახურში. იმედი მაქვს, ეს ბავშვები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ყოველ შემთხვევაში, კაცებად გაიზრდებიან".

...აღსანიშნავია, რომ თხუთმეტივე სკოლის ბავშვებს დაურიგდათ ბურთები და საფეხბურთო ეკიპირება. სტადიონზე გაიმართა მინი-ტურნირიც და საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაც, რომელშიც მოცეკვავე გოგონათა ანსამბლი მონაწილეობდა.

ცერემონიალისას შოთა არველაძემ სამაჩაბლოდან დევნილი გოგონას წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ოცნებობს, მის პატარა ძმას ჰყავდეს ველოსიპედი. შოთამ წამსვე დატოვა სტადიონი და პატარას სურვილი შეუსრულა...

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ "ლელო" "ფონდი არველაძის" ხელმძღვანელს, არჩილ არველაძეს გაესაუბრა:

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა - "აჭარასპორტს", "სოკარს", "ბორჯომს", "თიბისი ბანკს", "ნატახტარს"...

ცოტა ხნის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში მე ნაწილობრივ ვილაპარაკე ამ პროექტის შესახებ და ახლა ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩაფიქრებული გვაქვს მასშტაბური პროექტის განხორციელება პანკისის ხეობაში. ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ის ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უკეთეს ხვალინდელ დღეს".

Sportall.Ge

Sportall.Ge
ფოტოები ფონდი არველაძის ფეისბუქის გვერდიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული