მამუკა კვარაცხელია: ის იყო, მარსელის ვაგზალზე ბილეთი ავიღე, რომ აფეთქების ხმა გაისმა...

AutoSharing Option
ფოტოზე: ტარას მუკოვოზი, თენგიზ პაჭკორია და მამუკა კვარაცხელია ნიცაში
მამუკა კვარაცხელიას
ქართულ თუ უცხოურ საფეხბურთო წრეებში კარგად იცნობენ. 2001 წლიდან ის უეფას მედიაოფიცერია, მუშაობდა ევროპის რამდენიმე ჩემპიონატზე, ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩებზე, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების შეხვედრებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე...

ევრო 2016-ის მიმდინარეობისას, მამუკა კვარაცხელია რამდენჯერმე ვნახე ნიცასა და მარსელში, მედიაცენტრსა თუ პრესლოჟაში. გავისაუბრეთ, მაგრამ ვრცელი ინტერვიუსგან თავს იკავებდა - ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე საჯარო კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვსო...

მაგრამ 21 ივნისს, მარსელში, უკრაინა-პოლონეთის მატჩის წინ, "ველოდრომის" მედიაცენტრში მაინც
მოვახერხეთ ვრცელი საუბარი...

- დიდი ხანია უეფაში მოღვაწეობთ. ევრო 2016-ზე რა ფუნქციები გაკისრიათ?
- ეს ჩემთვის ევროპის მეოთხე ჩემპიონატია. ისევე, როგორც წინა პირველობებზე, ახლაც მედიაოფიცრის როლში ვარ.

- რომელ მატჩებზე ხართ დანიშნული?
- ნიცასა და მარსელში დანიშნულ თამაშებზე. ჩემპიონატის დაწყებამდე პარიზში სამუშაო შეხვედრა გვქონდა და დაწვრილებით შევისწავლეთ ყველა ნიუანსი. საოცარ სტადიონებზე მიწევს მუშაობა. პირველად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ყველა ჟურნალისტს საკუთარი ტელევიზორი აქვს პრესლოჟაში!

ამის შემხედვარე, უფრო მეტად განვიცდი იმას, რომ ჩემს პატარა საქართველოში მხოლოდ ხუთ სტადიონზე შეიძლება უეფას ეგიდით მატჩების ჩატარება, თანაც, ამ ბოლო დროს ვაიინვესტორებმა ბოლო მოუღეს უამრავ სტადიონს და ლამისაა ფეხბურთის გარეშე დავრჩეთ.

ამ დღეებში მეგობრებმა შემატყობინეს თბილისიდან, რომ გიული ალასანია იწყებს ეგრეთ წოდებული "გეპეის" სტადიონის დანგრევას, სტადიონისა, რომელსაც 60-წლიანი ისტორია აქვს. უნდა გადავარჩინოთ ეს და სხვა სტადიონებიც!..

- როცა ამა თუ იმ ქალაქში ჩავდივარ და უეფას მოხელე გაიგებს, რომ საქართველოდან ვარ, უმალ იმას მეკითხება - მამუკას თუ იცნობო?.. ვხედავ, საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობთ უეფაში...
- მართლა (იღიმის)?.. ვფიქრობ, რომ ავტორიტეტის გარდა, აქ ჩემდამი პირადი სიყვარული უფრო მეტია. ყველაფერი მხოლოდ პროფესიონალიზმზე არ არის დამოკიდებული, პიროვნული თვისებებიც აუცილებელია...

- კულისებში ამბობენ, თითქოს უეფაში გიწვევენ სამუშაოდ...
- შვეიცარიის კანონების თანახმად, ამ ქვეყანაში მოქმედმა ფირმამ თუ ორგანიზაციამ, პირველ რიგში, შვეიცარიის მოქალაქე უნდა დაასაქმოს, ხოლო თუ ასეთი ვერ ნახეს, მერე ევროკავშირელის ჯერია. მხოლოდ ამის მერე შეიძლება ეძებონ კადრი სხვა ქვეყნებში.

ლამის ნახევარმილიარდიან ევროპაში, სადაც სკოლაშივე სწავლობენ რამდენიმე ენას, პროფესიონალის მოძებნა ძნელი არ არის. ამიტომ ჩვენ შანსები, პრაქტიკულად, არა გვაქვს...

- როგორია თქვენი მუშაობის გრაფიკი ევრო 2016-ზე, ევროპის საკლუბო ტურნირებსა თუ სანაკრებო შესარჩევ მატჩებზე?
- თამაშებზე მატჩამდე ორი დღით ადრე ჩავდივართ. თამაშის წინა დღეს ორივე გუნდის პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებს ვხელმძღვანელობთ, შემდეგ დღის ბოლოს ოქმს ვწერთ, მეორე დღეს კი დილიდან გვეწყება წინასამატჩო თათბირი, შემადგენლობების დადგენა, ტაქტიკური მონახაზების მიწოდება ტელევიზიებისთვის, შემადგენლობების მიღება და ჟურნალისტებისთვის საგანგებო ასლების მომზადება...

მერე იწყება მატჩი და ამ დროსაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი, მატჩის შემდეგ კი ყველაზე მძიმე დატვირთვაა. ეს ტელევიზორში ჩანს ლამაზად, თამაშის მერე ფეხბურთელები და მწვრთნელები რომ იძლევიან ელვაინტერვიუებს, სინამდვილეში კი ძალზე ძნელია, ემოციებისგან აღტყინებული, მოგებული თუ უარეს შემთხვევაში, წაგებული ფეხბურთელი დაითანხმო ელვაინტერვიუზე...

მაგალითად, საფრანგეთი-ალბანეთის მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრები მებარა და 33 ინტერვიუ გავაკეთებინე 8 ტელევიზიას! ხომ გახსოვთ, ალბანელებმა ლამის სენსაცია მოახდინეს - მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე დამარცხდნენ და წარმოიდგინეთ, რა ხდება ამ დროს მწვრთნელისა და ფეხბურთელის გულსა და გონებაში...

- ალბანეთი ახსენეთ და, ალბათ, არც თქვენ ელოდით მათგან ასეთ კარგ თამაშს...
- დრო იყო, სადაც დავიჭერდით, იქ ვუგებდით ალბანეთს. ექვს მატჩში მათგან გოლი არ გვქონდა გაშვებული... "შავ კატას" ეძახდნენ ალბანელები საქართველოს ნაკრებს... ახლა კი, ხომ ხედავთ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ...

12 ათასი ალბანელი იჯდა ტრიბუნაზე. ქვეყანა, რომელიც საქართველოზე გაცილებით დაბალ დონეზე იყო ყველანაირად, ბოლო 20 წელიწადში ეკონომიკურად ისე მოძლიერდა, 12 ათას კაცს აქვს საშუალება, უძვირეს საფრანგეთში წავიდეს ცოლ-შვილთან ერთად, დრო გაატაროს, ბილეთები შეიძინოს და სტადიონზე თავის საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს...

მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთისთვის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში... ალბანეთი, ორივე ირლანდია, სლოვაკეთი, უელსი, 300 000-იანი ისლანდია - ჩემი უბნის, საბურთალოს ტოლაა მოსახლეობის რაოდენობით და ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს...

- რამე კურიოზი ხომ არ შეგემთხვათ?
- რა ვიცი, რა დავარქვა... 18 ივნისს მარსელის ვაგზალზე ბილეთის შესაძენად ვიყავი და უცებ განგაში გამოცხადდა. ვაგზლის ნახევარი გადაკეტეს, მეორე ნახევარში ჩვეულებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, მეც ბილეთის რიგში ვიდექი. ის იყო, ბილეთი ავიღე, რომ პატარა აფეთქების ხმა გაისმა.

ვიღაცას, როგორც ამბობენ, საეჭვო ნივთი დაუტოვებია პირველ სართულზე და, თურმე, თანამედროვე მეთოდით გააუვნებელყვეს - სპეციალურ კონტეინერში შეფუთეს და იქვე ააფეთქეს. ამიტომაც იყო აფეთქების ხმა სუსტი.

- ჩემპიონატის ბოლომდე მარსელში დარჩებით?
- არა, ვთხოვე ჩემს ხელმძღვანელებს უეფაში, ადრე გამოვეშვი. ალბათ, იცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტადიონების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ და სადაცაა ახალი, გარდამავალი ჩემპიონატი დაიწყება. ამიტომ დროულად უნდა დავბრუნდე საქართველოში და ჩემს ჯგუფთან ერთად ისევ უნდა დავიწყოთ სტადიონებზე დაკვირვება.

ქვეყანაში, სადაც სტადიონებს ანგრევენ, იქნებ ცოტა წინ წავწიოთ ამ მხრივ საქმე...

თენგიზ პაჭკორია, მარსელიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ :) გადარჩენა უნდა სტადიონებს გადარჩენა
DABDURA
17:48 23-06-2016
0
კარგი კაცი ხარ ბატონო მამუკა და იმედი გვაქვს თქვენი, რომ სტადიონების დანგერევის საშუალებას არავის მისცემთ. ქომაგები თქვენს გვერდით ვართ.
gizog
17:04 23-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული