წილისყრის შედეგების შეფასება ვთხოვეთ ცნობილ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს, ვისი ხელმძღვანელობითაც ქართულ გუნდებს არაერთი საერთაშორისო მატჩი ჩაუტარებიათ...
ეს არ იქნება მისი მაქსიმუმი...
"ალაშკერტსა" და "სანტა კოლომას" შორის ფავორიტად სომხური კლუბი მიმაჩნია, - ამბობს მუმლაძე. - დღეს ძალიან ხშირად ამბობენ - ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლაო, მაგრამ ამ კლუბებს შორის განსხვავება მაინც არის. "ალაშკერტი" უფრო მაღალი დონის გუნდად მიმაჩნია. ვფიქრობ, სწორედ სომხური კლუბი იქნება "დინამოს" მეტოქე ეს ბარიერი კი "დინამომ" აუცილებლად უნდა დაძლიოს. ვიცით, რომ ჩვენი ჩემპიონი ნაყოფიერად ემზადება ახალი სეზონისთვის, რამდენიმე ფეხბურთელითაც გაძლიერდა და, შესაძლოა, კიდევ გაძლიერდეს...
მოკლედ, "დინამო" ფავორიტია და თითოეულ ქართველ გულშემატკივარს სჯერა, რომ ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს. საერთოდ, ეს სულაც არ მიმაჩნია ამ "დინამოს" მაქსიმუმად ევროთასებზე. იურაი იარაბეკის გუნდს უფრო შორსაც შეუძლია წასვლა"...
თუ ბოლომდე გამოავლენს შესაძლებლობებს
"ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი "სამტრედიისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მიმართ. ეს სპეციალისტი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ფეხბურთს თამაშობდა ბოლო სეზონში "სამტრედია" - შემტევს, სანახაობრივს... იგივე გეზი უნდა გააგრძელოს გუნდმა ევროთასებზეც.
მე ასე ვიცი, რომ "გაბალა" რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა და აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც შარშან იყო, "დინამოს" რომ შეხვდა. რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა, მაგრამ "სამტრედია" უშანსოდ ნამდვილად არ არის...
თუ მაინცდამაინც პროცენტულად მომთხოვთ შანსების გადანაწილებას, მე ვფიქრობ, 50/50-ზეა. ამ წყვილში ვერ ვხედავ გამოკვეთილ ფავორიტს, მაგრამ თუ "სამტრედია" ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, მაშინ მას შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა".
ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ ფრუიძეს...
"სოსო ფრუიძის გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ გამიყვანია ჩემი გუნდი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ მცოდნე, გამოცდილ და ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ მწვრთნელს.ფრუიძე და "ჩიხურა" ერთად - ეს უკვე სტაბილურობის განცდაა. ნახეთ, რამდენი ხანია, ერთად მოდიან. ბოლო წლებში "ჩიხურა" სულ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ევროტურნირებზე გადის და ოქროს მედლებთანაც ახლოს ტრიალებს...
ზუსტად ვიცი, რამდენი შრომა უნდა გასწიოს მწვრთნელმა, რომ ასეთი შედეგი მიიღოს. ეს არ არის იოლი საქმე. ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ ფრუიძეს. ერთი მომენტიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან - ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და არაერთი სათასო დუელი მოუგია. ევროთასები კი სწორედ ასეთი პრინციპით ტარდება.
"ჩიხურა" ნაყოფიერ შეკრებას გადის. გუნდში მოთამაშე თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს ევროთასებზე თამაშის გამოცდილება. რა თქმა უნდა, "ზიმბრუ" არ იქნება იოლად დასაძლევი ზღუდე, მაგრამ "ჩიხურას" თავისი რესურსით შეუძლია ამ გუნდის დამარცხება".
ეს ხომ ერთი ან ორი ფეხბურთელის ხარჯზე არ მომხდარა?
"მე გარედან ვიცი, რაც ხდება "დილაში". როცა ევროთასებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კარგავ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფალავანდიშვილი, მარცვალაძე და სხვები, ძალიან რთულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.პირადად ჩემი აზრია: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მარცვალაძე გამორჩეული ფორვარდი იყო და, ზოგადადაც, დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა ქართველ შემტევებს შორის.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ "დილამ" საქართველოს ჩემპიონატში ძალიან კარგად ითამაშა, მესამე ადგილი დაიკავა. ეს ხომ ერთი ან ორი ფეხბურთელის ხარჯზე არ მომხდარა? ეს მოხდა გუნდური თამაშის ხარჯზე.
ევროთასების დაწყებამდე გორელები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაიმატებენ, მაგრამ გუნდში დარჩნენ გამოცდილი მოთამაშეები. რა თქმა უნდა, სომხეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ძალიან სუსტი არ იქნება, მაგრამ მასთან თამაში და მოგება ნამდვილად შეიძლება.
ზოგადად, ამ ევროსტარტის წინ ერთობ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ ქართულ გუნდებს ყველანაირი შანსი აქვთ, რათა წარმატებით დაიწყონ ევროტურნირები. მთავარია, ყველამ ვირწმუნოთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"