[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ ისლანდია და არა ჩვენ?

AutoSharing Option
ისლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მეოთხედფინალშია ინგლისის გავლით და ეს ნიშნავს მსოფლიო საფეხბურთო წესრიგის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ შეცვლას მაინც.

როგორ ისურვებდა ყველა ქართველი, რომ ისლანდიის ნაკრების ადგილას საქართველოს უპირველესი გუნდი ყოფილიყო, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა. რეალობაში ისლანდია იქ არის, სადაც ინგლისის სკალპია, ჩვენ კი მხოლოდ იმით ვამაყობთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოსა და ევროპ
ის ჩემპიონებს (აწ უკვე ყოფილს), ესპანეთის მართლაც უძლიერეს ნაკრებს მოვუგეთ, ოღონდ - ამხანაგურ შეხვედრაში.

არადა, ჩვენი საფეხბურთო წარსულით, ალბათ, მეტად მოგვიხდებოდა კიდეც ის ადგილი, სადაც დღეს ისლანდიაა, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებასავითაა - არას დაგიდევს წარსულის ზიზილ-პიპილოებს, მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს...

ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისლანდიელებმა ფეხბურთის განვითარების გვარიანი პროექტი დადეს, მერე იმ პროექტს მიჰყვნენ და ამან მოიტანა საბოლოო წარმატება. პროექტი და გეგმა გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ისლანდიელთა ჩაუქობა მარტო სწორხაზოვანი გეგმის სწორად მიყოლის ნაწილი იყოს.

არის რაღაც ისეთი ამ ხალხის ბუნებაში, რაც დიდ წარმატებას განაპირობებს. ამაზე ქვემოთ, ჯერ კი ზოგადად შევხედოთ საკითხს...

ამას წინათ სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი მეგობარი იქაურ ამბებს მიყვებოდა და სიტყვა სპორტზე რომ ჩამოვარდა, ზუსტად ასე მითხრა - იქ რომ ჩავედი, ქართველები სპორტული ხალხი მეგონა და ეს წარმოდგენა პირველივე დღეს გამიქარწყლდაო.

ისლანდია არ არის შვედეთი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მაგრამ არა მგონია, ცხოვრების წესში დიდი სხვაობა იყოს. ჰოდა, როგორც ამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყოველ დილით, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ ჭარმაგი შვედი ვარჯიშობს და თამაშობს ათასგვარ სპორტულ თამაშობას.

დიახ, ბატონებო, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იწყება სპორტის მასობრიობიდან და ამ მხრივ კარგად რომ არ გვაქვს საქმე, ამის დადგენას დიდი სტატისტიკოსობა სულ არ სჭირდება. გნებავთ, თბილისის ქუჩებში გადით, გნებავთ, რეგიონში გაიარეთ - არაფერი ამის მსგავსი!

ახლა უშუალოდ ფეხბურთზე. ყველა ვხედავთ, რომ ისლანდიური კლუბები სულაც არ წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. გადახედეთ ევროთასებზე მათ შედეგებს და ყველაფერი ცხადი გახდება.

სამაგიეროდ, რატომღაც მგონია, რომ ისლანდიური ფეხბურთი ჩვენზე სუფთაა. იქ საეჭვო რაღაცები არ ხდება ყოველ მეორე თამაშში. რასაც თამაშობენ, სუფთად თამაშობენ და იმ სუფთა თამაშებში ათიდან ერთი კარგი ფეხბურთელი მაინც იზრდება.

მავანი შემეკამათება - კარგი ფეხბურთელები არც ჩვენ გვაკლიაო. ჰოდა, ჩვენც მანდ ვართ - არ გვაკლია, მაგრამ ნიჭს ვერ ვუვლით, გასაქანს ვერ ვაძლევთ. ვერ უვლიან ჯერ თავად ფეხბურთელები და მერე - ყველა ჩვენგანი.

არა მგონია, ისლანდიურ ფეხბურთში ტრიალებდეს საშოვარს გადაგებული ამდენი მენეჯერი, რომელსაც ერთადერთ მიზნად ფეხბურთელების გაყიდვა და ფულის შოვნა ჰქონდეს დასახული. არ მგონია, ისლანდიელი აგენტი ისე ურევდეს ტვინს თანამემამულე ფეხბურთელს, როგორც - ქართველი მენეჯერების უმრავლესობა.

რა თქმა უნდა, პირადად არ ვიცნობ არც ერთ ისლანდიელ ფეხბურთელს, მაგრამ ვიცნობ მათ კარიერას და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით დავწერო - მათი უმრავლესობა არა ფულზე, არამედ კარიერაზე ფიქრობს. ისლანდიელი ფეხბურთელისთვის არასოდეს იქნება მაქსიმუმი, რომ კარგ მანქანაში ჩაჯდეს და კარგი კონტრაქტი დაირტყას. ის სათამაშოდ მიდის ან ნაღდ ევროპულ ლიგაში, ან ინგლისურ პრემიერლიგასა თუ ჩემპიონშიფში.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მავანი ისლანდიელი ფეხბურთელისთვის გაცილებით იოლია პრემიერლიგაში და ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთში მოხვედრა, ვიდრე ქართველისთვის, მაგრამ ეს ზოგად სიტუაციას არ ცვლის.

არადა, ვერც ერთ ისლანდიელზე ვერ იტყვი, რომ ის უზომოდ ნიჭიერია.

ერთხელ შოთა არველაძეს ვესაუბრებოდი ფეხბურთზე. შოთასთან ფეხბურთზე საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა. მან ისეთი რამ მითხრა, რასაც დღემდე ვერაფრით ვივიწყებ:

"ჩვენ მხოლოდ დიდი ტალანტების დაფასება ვიცით და მაინცდამაინც არ ვაფასებთ საშუალო და ცოტა მეტი ნიჭის ფეხბურთელებს. არადა, ევროპაში ფეხბურთი სწორედ მათზე დგას", - ასე მითხრა შოთამ და მერე რომ დავფიქრდი, ნაღდად "ათიანშია" გარტყმული.

რა თქმა უნდა, ყველა ქინქლაძე ვერ იქნება, ვერც შოთა თუ აჩი, ვერც მალხაზ ასათიანი. ვარსკვლავი გუნდის სამშვენისია. საშუალო ფეხბურთელის ჩრდილში გადასროლა კი დაახლოებით იმას ჰგავს, დღენიადაგ რომ ტორტი ჭამო და პურზე უარი თქვა.

აი, დაახლოებით ასეთ ფეხბურთელებს მიხედა ისლანდიამ, ჩამოუყვანა მათ მცოდნე შვედი მწვრთნელი, რომელმაც შეგირდებს კიდევ უფრო დაახვეწინა ის ფეხბურთი, რაც წლების განმავლობაში ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი...

* * *
ახლა უნდა დავწერო იმაზე, რაზეც ადრეც უნდა დამეწერა და ეს ის შემთხვევაა, როცა პირველ ქვას, როგორც ამ საკითხში ყველაზე ცოდვილი, საკუთარ თავს ვესვრი. კერძოდ, საქმე ეხება იმას, თუ როგორი ფეხბურთი მოგვწონს ჩვენ და როგორ ფეხბურთს მოაქვს შედეგი.

იმთავითვე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს "ავტობუსები" და ის ფეხბურთი, მხოლოდ "ბეი ბიგის" რომ ეფუძნება. ეს ასეა, მაგრამ არც ის ვარგა, ბავშვობიდან ფეხბურთელს რომ ამოვიჩემებთ, შევხარით მის ყოველ დრიბლინგსა თუ ფინტს, წარმოვიდგენთ მას შემდგარ ვარსკვლავად და მერე ეს "ვარსკვლავი" ისეთ გუნდში გადადის, რომელსაც... ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.

არა, ბატონებო! ფეხბურთელი არ შეიძლება კარგ ფეხბურთელად იწოდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ან კარგად ატყუებს კაცს, ან ერთი ფინტი "დაამუღამა" და სულ იმას აკეთებს. ბევრი, ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო ამისთვის და თუ მათ აკმაყოფილებ, სულაც არ არის საჭირო, ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო იყო - წარმატება აუცილებლად მოვა გუნდური თამაშითა და საყვარელი საქმის სიყვარულით.

რამდენი ასეთი ფეხბურთელი გვყავს დღეს ქართველებს? მე მხოლოდ სამს ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან სუპერვარსკვლავები, მაგრამ კარგად იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, პროფესიონალები არიან, საკუთარი საქმის დიდი პროფესიონალები - ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

რაც მთავარია, სამივე მათგანი თამაშობს ნაღდ ევროპულ კლუბში და სამივემ დიდი შრომის ფასად აიწყო კარიერა. სამივე მოშორებულია პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სივრცეს, რომელიც დიდი ვერაფერი საშუალებაა ფეხბურთელის წინსვლისთვის.

მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსული ფეხბურთის საწინააღმდეგო გვაქვს რამე. არამც და არამც! თუ მაინცდამაინც რუსეთში წასვლაა, წავიდნენ "ზენიტში", ცსკა-ში, "სპარტაკში" მაინც...

მაგრამ ამას დონე სჭირდება. "ზენიტში" ჰალკი და აქსელ ვიტსელი თამაშობენ. არმიელებს აჰმედ მუსა ჰყავთ. "სპარტაკში" ჩვენ გვყავს ჯანო ანანიძე და ბოლო დრომდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ძალიან ცოტას თამაშობდა "სახალხო გუნდში". სიტუაცია ვითომ შეიცვალა, მაგრამ ჯანოსთვის ალბათ მაინც გაცლა სჯობს.

რუსეთის საშუალო და უფრო დაბალი ხარისხის გუნდებში თამაში კი უკუსვლაა და მეტი არაფერი. ჯერ ერთი, მათ უმრავლესობას ისეთი სტადიონები აქვს, იქ ფეხბურთის თამაში ძალიან ჭირს.

მეორეც: ასეთი გუნდები "ჩამჯდარ" ფეხბურთს თამაშობენ და იქ მოთამაშე ქართველიც სწორედ ასეთ ბურთაობას ეჩვევა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს დომინანტურ თამაშს ჩასაფრებული ყოფნა რომ ურჩევნია, პირადად მე ჩვენი ფეხბურთელების კლუბების უმრავლესობის სათამაშო სტილს ვაბრალებ. მათი უმრავლესობა ასე თამაშობს და ჩვენს ბიჭებს ეს უკვე სისხლში გაუჯდათ.

* * *
ისლანდიით დავამთავროთ - რატომ აისბერგების ქვეყანა და არა - საქართველო?

აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ისლანდიური ფეხბურთი სულ სხვანაირი ფენომენია, ვიდრე ქართული. იქ საკლუბო ფეხბურთში მოყვარულებსაც შეხვდებით, მაგრამ ვერ შეხვდებით იმ "კარუსელებს", რომლებიც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს.

ისლანდიაში ყოველ ექვს თვეში ახალ გუნდს არავინ აკეთებს და ფეხბურთელს უკეთესად განვითარების საშუალება აქვს. მწვრთნელს არ ჰყავს რჩეული ფეხბურთელები და არ მიჰყავს გუნდში იმის მიუხედავად, თუ როგორ ფორმაშია ის.

ყველაფერი წვრილმანებიდან იწყება და ბოლოს ვიღებთ მსხვილმანს, რომელსაც ჰქვია შედეგი. შედეგად ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი მიიღო.

საინტერესოა, რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, რომ... მეოთხედფინალს ვინ ჩივის, დიდ ტურნირზე მაინც გავიდეთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
მშიერ ქვეყანაში ფეღბურთს ვერ ითამაშებ.ისლანდიაში მშპ ერთ სულზე 36000 დოლარია,ჩვენთან 6000-სამდე.უნდა აიკრძალოს 18 წლამდე ფეხბურტელის საზრვარგარეთ გაშვება.ოღონდ ხელფასი აიღონ და გარბიან ნებისმიერ ქვეყანაში:ყირგიზეთი,ყაზახეთი.სომხეთი........
ჯუბა
15:15 29-06-2016
0
რატომ და იმიტომ.

რო ამბობ უნდა გამოვსწორდეთო. პირველ რიგში თავად მოიშორე ეგ იდიოტობა, ამათ მაგივრად ჩვენ უნდა ვიყოთ წესით და წარსულზე გამოტირება.
giga
15:20 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული