ქართული კლუბები ევროპალიგაზე. საპასუხო მატჩების წინ: მეტწილად, ოპტიმისტური...

AutoSharing Option
ფოტოზე: დილა-შირაქი
წინა კვირაში ჩატარებულმა ევროპალიგის პირველმა მატჩებმა ქართველ გულშემატკივრებს დადებითი ემოცია უფრო მეტი დაუტოვა, ვიდრე - უარყოფითი.

რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყდა "სამტრედიის" დიდი ანგარიშით წაგების გამო, მაგრამ, სამაგიეროდ, გამარჯვებით დაიწყეს წლევანდელი ევროტურნირები "დილამ" და "ჩიხურამ". ორივე გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზოს.

ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ შარშანდელი კოშმარული ზაფხული აღარ გამეორდება, როცა ოთხივე ქართული გუნდისთვის (თბილისის "დინამო", "დილა", ბათუმის "დინამო", "ცხინვალი") ევროტურნირები პირველივე ეტაპზე დასრულდა.

თუმცა ეს არ ყოფილა ქართული საკლუბო ფეხბურთის
ანტირეკორდი: ასევე პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულეს გამოსვლა ქართულმა გუნდებმა 2000 და 2003 წლებში...

მისაღები ანგარიში
როცა ევროტურნირების წილისყრა გაიმართა, "დილა"-"შირაქის" წყვილში მეტოქეთა შანსებს თითქმის ყველა თანაბრად აფასებდა. ეგ კი არა, ჩვენი გუნდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იმის შიშიც გვქონდა, რომ "დილას" პრობლემები არ შექმნოდა სომხურ გუნდთან.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა: ახალგაზრდა სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის (ამ თვის ბოლოს რომ უსრულდება 27 წელი) ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" შესაძლებლობების მაქსიმუმი უჩვენა და ისეთი ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა, ევროტურნირებზე მისაღებად რომ მიიჩნევა.

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

აღარ შევუდგებით "დილას" ქრონიკული პრობლემების ჩამოთვლას, არც ის დაგვავიწყდეს, თუ რა დონის ფეხბურთელები (ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი) წავიდნენ გორელთა გუნდიდან ამ სატრანსფერო პერიოდში. თუმცა, ამის მიუხედავად, "დილამ" სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა და ამ მოგებაში სხებთან ერთად ლომის წილი მიუძღვოდათ გუნდის გამოცდილ ფეხბურთელებს - ერთადერთი გოლის ავტორს, 31 წლის ირაკლი მოდებაძეს, მთელი თამაშის განმავლობაში ზეაქტიურად მოასპარეზე მარჯვენა მცველს, 30 წლის თეიმურაზ ღონღაძეს, მართლაც უბერებელ მარცხენა მცველს, დავით კვირკველიას, 36 წლის ასაკშიც რომ არ დაუკარგავს სისწრაფე...

არანაკლებ ჩინებულად გაისარჯნენ ის გამოცდილი ფეხბურთელებიც, "დილაში" გარკვეული პაუზის მერე რომ დაბრუნდნენ: 32 წლის ლუკა რაზმაძემ გამოკვეთილი საყრდენის პოზიციაზე შრომატევადი სამუშაო გასწია, ისევე, როგორც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამწესებულმა 33 წლის გრიგოლ დოლიძემ.

დოლიძისა და რაზმაძის გარდა, "შირაქის" წინააღმდეგ კიდევ ორმა ახალწვეულმა ნახევარმცველმა ითამაშა - 23 წლის ირაკლი ქათამაძემ და 24 წლის თამაზ კიკაბიძემ.

"შირაქთან" მატჩამდე ეწერდით, რომ ევროტურნირებზე სომხურ გუნდებთან ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა გვქონდა და ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა - 8 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება (ბურთების სხვაობა - 25:12). ახლა კი იმაზეც ვთქვათ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მას შემდეგ, როცა ჩვენი გუნდები ევროტურნირების პირველ საშინაო მატჩებს ანალოგიური ანგარიშით (1:0) ამთავრებდნენ.

ასეთი სულ 7 შემთხვევა იყო და სამჯერ ეს ანგარიში საკმარისი გამოდგა: თბილისის "ლოკომოტივს" (1999 წელს), "ვიტ ჯორჯიას" (2001 წელს) და "თბილისს" (2004 წელს) საშინაო 1:0 ეყოთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად და იმედია, ასე იქნება 7 ივლისსაც, როცა "დილა" ქალაქ გიუმრიში (ყოფილი - ლენინაკანი) საპასუხო მატჩს გამართავს "შირაქთან".

კიდევ 3 შემთხვევა კი ნამდვილად უსიამოვნო გასახსენებელია: შარშან ბათუმის "დინამომ" შინ 1:0 კი მოუგო კვიპროსულ "ომონიას", მაგრამ სტუმრად 0:2 წააგო. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, თბილისის "დინამოს" რომ შეემთხვა 1994 და 1996 წლებში: ავსტრიულ "ტიროლთან" და პორტუგალიურ "ბოავიშტასთან" საშინაო 1:0-ს საპასუხო მატჩებში, შესაბამისად, 1:5 და 0:5 მოჰყვა...

აი, 1998 წელს კი მეტოქე კლუბის ხელმძღვანელთა უყურადღებობით ვიხეირეთ: თბილისის "დინამომ" ალბანურ "ვლაჟნიას" შინ 1:0 კი მოუგო, მაგრამ სტუმრად 1:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზეც ალბანურ გუნდს უნდა ეასპარეზა, თუმცა, როგორც გაირკვა, თბილისურ შეხვედრაში "ვლაჟნიას" შემადგენლობაში დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს უთამაშია და 1:0-ის ნაცვლად 3:0 მოგება ჩაგვეთვალა...

სასიამოვნო სიურპრიზი
მას შემდეგ, რაც ქართული გუნდები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოდიან ევროტურნირებზე, ძალიან ცოტა თუ დაიკვეხნის დადებითი ბალანსით და ერთ-ერთი ასეთი "ჩიხურაა".

ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ასეა და ძალიან გვინდა, გაგრძელებაც ასეთივე იყოს: საჩხერელთა გუნდმა თავის ისტორიაში მე-12 მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა (5 ფრე და 3 წაგება აქვს); თან, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ჩიხურამ" სტუმრად გაიმარჯვა "ზიმბრუსთან" და ევროტურნირებზე მოლდოვურ კლუბებთან ისედაც არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გავზარდეთ. დღესდღეობით ასეთი ვითარებაა: 5 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება (ბურთების სხვაობა - 11:7).

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

უკვე აღვნიშნეთ, რომ "ჩიხურამ" ევროტურნირებზე XII მატჩი ჩაატარა და ყველა სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით! 58 წლის გამოცდილი სპეციალისტი "ჩიხურას" უკვე მეათე სეზონია მოძღვრავს და საჩხერელთა გუნდის ყველა წარმატებაც (საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე) სწორედ მასთან ასოცირდება.

სოსო ფრუიძის აქტივში უნდა ჩავთვალოთ ერთობ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანიაც: "ჩიხურაში" მანამდე არსებულ თითქმის ყველა პრობლემურ პოზიციაზე მან კვალიფიციური ახალწვეულები (ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი, საბა ლობჟანიძე, ირაკლი ლექვთაძე, თორნიკე გრიგალაშვილი) მოიყვანა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ორი (თანაც, გამოცდილი) ახალწვეული, საჩხერელთა გუნდს 2-წლიანი პაუზის მერე რომ დაუბრუნდა: 26 წლის შემტევი (თავდამსხმელიც, გარემარბიც) გიორგი გაბედავა და 32 წლის დიმიტრი ტატანაშვილი.

სწორედ ტატანაშვილმა გაიტანა "ზიმბრუსთან" საგარეო მატჩში გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი და გიორგი გაბედავას მსგავსად, უკვე 6 გოლი გაუხდა ევროტურნირებზე, თანაც, ასევე სამი გუნდის შემადგენლობაში ("ამერი", "ოლიმპი", "ჩიხურა")...

...თუმცა, ისევ ფრუიძეს დავუბრუნდეთ, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს მოძღვრავდა ქართულ გუნდს ევროტურნირებზე: სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა სადებიუტო მატჩი ევროტურნირებზე ქუთაისის "ტორპედომ" და ეს დებიუტიც შთამბეჭდავი გამოდგა - "ინტერტოტოს თასის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის "ერებუნს" 6:0 მოუგო!

ევროტურნირებზე პირველი მატჩის სტუმრად მოგება ძალიან ბევრს ნიშნავს და, უმეტეს შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიც ყოფილა; ამის დასტურად, სხვადასხვა დროს ქართული გუნდების ნაჩვენები შედეგებიც გამოდგება და ზოგიერთი ის დაპირისპირება მართლაც დაუვიწყარია.

აი, მაგალითად, 1995 წელს თასების თასზე ბათუმის "დინამოსა" და სერბული "ობილიჩის" საპასუხო მატჩი, როცა ჩვენმა გუნდმა კინაღამ გაანიავა პირველ შეხვედრაში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა: 0:2-ს აგებდა, მაგრამ პაატა მაჭუტაძისა და ამირან მუჯირის გოლებით ანგარიში გაათანაბრა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

ან, როგორ შეიძლება 1996 წლის ევროტურნირებზე თბილისის "დინამოს" გამოსვლის დავიწყება? ხვდებით, ალბათ, მოსკოვის "ტორპედოსთან" დაუვიწყარ ორ პაექრობას რომ ვიხსენებთ, გოჩა ჯამარაულისა და იმ დროისათვის 19 წლის ლევან კობიაშვილის ბენეფისად რომ იქცა!

მოსკოვურ მატჩში "დინამომ" ჯამარაულის ერთადერთი გოლით მოიგო, საპასუხოში კი ფრედ (1:1) ითამაშა და მართლაც ჩინებული გოლით თავი ისევ "ჯამარამ" გამოიჩინა!..

ასევე "შეირგეს" სტუმრად გამარჯვება (1:0) რუსთავის "მეტალურგმა" (2011 წელს სომხურ "ბანანცთან"), 2013 წელს "დილამ" (ხორვატულ "ჰაიდუკთან") და, რაც მთავარია, ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამაც", როცა 2014 წელს მაკედონიურ "ტურნოვოს" სტუმრად 1:0 აჯობა, საპასუხოში კი გიორგი გაბედავას (დუბლი) და გიორგი რეხვიაშვილის გოლებით 3:1 მოუგო.

დიდი იმედი გვაქვს, რომ "ჩიხურა" ამ "ტრადიციას" არ დაარღვევს და სტუმრად მოპოვებულ ერთბურთიან უპირატესობას დღესაც შეინარჩუნებს.

აქვე, ის ერთდერთი შემთხვევაც უნდა ვახსენოთ, როცა ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართულმა გუნდმა სტუმრად მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 1998 წელს, "ინტერტოტოს თასის" II საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე 1:0 მოუგო ბელგიურ "ლომელს", თუმცა საპასუხო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ისე, ეს მარცხი არც ფრუიძეს ("ტორპედოს" იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს) დაავიწყდებოდა...

მწარე მარცხი
შარშან, ზაფხულში, "გაბალამ" (თავის ისტორიაში მხოლოდ მეორედ რომ მონაწილეობდა ევროტურნირებზე), როცა ორი მატჩის ჯამში აჯობა ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, თბილისის "დინამოს", ყველას გული დაგვწყდა. თუმცა პროვინციული (იმავდროულად, სოლიდურბიუჯეტიანი) აზერბაიჯანული გუნდის ის წარმატება შემთხვევითი რომ არ იყო, ამაში მალევე დავრწმუნდით: საკმაოდ კვალიფიციური უკრაინელი სპეციალისტის, რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გაბალამ" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.

ამ ერთი წლის განმავლობაში "გაბალაში" გარკვეული ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდა რამდენიმე ლიდერი (დოდო, ალექსანდრ გაი, ალექსეი ანტონოვი, ჯავიდ ჰუსეინოვი, არიფ დაშდამიროვი) და, რაც მთავარია, საგრძნობლად შემცირდა კლუბის ბიუჯეტი.

თუმცა, "გაბალამ" ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და რომან გრიგორჩუკმაც, შარშანდელის მსაგავსად, ამჯერადაც ერთმანეთზე უკეთესი ახალწვეულები მოიყვანა გუნდში. ამაში ყველა დავრწმუნდით, როცა "გაბალა"-"სამტრედიის" ტელერეპორტაჟს ვადევნებდით თვალს: ფრანგული "კრეტეიდან" გადმოყვანილი ბაგალი დაბოც მშვენიერი ფეხბურთელია და ხორვატი ფილიპ ოზობიჩიც, რომ აღარაფერი ვთქვათ ლიბერიელ შემტევზე, 26 წლის თეო უიკსზე, "სამტრედიასთან" მატჩში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა.

პორტუგალიური "მარიტიმუს" ყოფილ ფორვარდს სამტრედიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ამ სწრაფმა, თან უაღრესად ტექნიკურმა შემტევმაც გაილაღა, მაგრამ რა გაილაღა?!

ჰო, ძალიან დამთრგუნველი სანახაობა ვიხილეთ წინა ხუთშაბათს "ბაქსელ არენაზე" - ჩვენი გუნდის უკანახაზელთა (გნებავთ, შუახაზელთა) უამრავი პოზიციური შეცდომის ხარჯზე მეტოქემ ძალზე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და საპასუხო მატჩში მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს. 1:5 - ძალიან მტკივნეულიც იყო და ცოტა მოულოდნელიც, იმის ფონზე, რომ "სამტრედიამ" მანამდე ნაყოფიერი უცხოური შეკრება გაიარა და ერთიმეორეზე ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან მშვენივრად ითამაშა.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

ბევრის აზრით, წარუმატებელი გამოდგა ჩვენი ვიცე-ჩემპიონის ზედმეტად შემტევი ტაქტიკური სქემის არჩევა: გამოკვეთილი ცენტრფორვარდის (ბუდუ ზივზივაძე) უკან მოქმედი 3 შემტევიდან ორი (დავით ჯიქია, ბაჩანა არაბული) ასევე ნომინალური თავდამსხმელია, ორი საყრდენიდან ერთ-ერთი (გიული მანჯგალაძე) ასევე უფრო შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველია, ვიდრე - ჩაშლაზე.

თუმცა, გასულ სეზონში "სამტრედიის" საფირმო ნიშანი ხომ სწორედ შემტევი სტილი იყო და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ეს ტაქტიკა არც "გაბალასთან" შეცვალა. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ შეხვედრაში, ქართველებს თამაში რომ "ჩაეკეტათ", თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეული მარცხი მივიღეთ და ასევე მტკივნეული უნდა ყოფილიყო ის ცეცაძისათვის, ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩს რომ ატარებდა მთავარი მწვრთნელის რანგში...

"გაბალა"-"სამტრედიის" მატჩში ერთი პოზიტიური ფაქტი მაინც მოხდა: თავის სტილში, ეფექტური და ზუსტი დარტყმით ჩინებული "სტანდარტული" შეასრულა ჩვენი გუნდის მარცხენა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა: ეს იყო "სამტრედიის" პირველი გოლი ევროტურნირებზე.

დაბოლოს, კიდევ ორ ფაქტზე: სამწუხაროდ, "გაბალას" ამ მოგებით უკვე ჩამოვრჩით აზერბაიჯანულ გუნდებს ევროტურნირებზე ურთიერთდაპირისპირებებში (მანამდე თითქმის სრული თანაფარდობა იყო).

თუმცა, "გაბალას" ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გარჯა რომ არ აღვნიშნოთ, ნამდვილად არ შეიძლება - აზერბაიჯანული გუნდის შემადგენლობაში ზემოთ ნახსენები თეო უიკსის გარდა, ძალიან მაღალ დონეზე სხვა ფეხბურთელებმაც ითამაშეს და მათ შორის - ნიკა კვეკვესკირმაც.

"გაბალას" ქართველმა ახალწვეულმა მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრებისათვისაც ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამიტომ არ არის საჭირო სულელური შეტევები. კეთილი ინებოს სამტრედიამ და დაცვიდან ითამაშოს. თუ 1:0 მაინც მოიგო, ეს საქართველოს საერთო ქულებს შეეწევა.
haha
15:17 05-07-2016
0
შარშანდელ კოშმარულ შედეგებს რომ ახსენებთ, ისიც გავიხსენოთ რომ შარშან ბელგრადის პარტიზანთან, რუმინულ ბოტოშანთან და კვიპროსულ ომონიასთან გავარდნენ, ასევე გაბალასთანაც რომელმაც წელს საერთოდ შეგვარცხვინა, სხვა მხრივ კი უბრალოდ ვალდებულები ვართ ლენინაკანის და კიშიონიოვის გუნდები გავაგდოთ, საუბარი არაა ალაშკერტზე
გულშემატკივარი
17:33 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული