ჩვენ კი საქართველოს ჩემპიონის ავსტრიული შეკრება გავაანალიზოთ...
"დინამოს" მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს გუნდში ყველა პოზიციაზე თითქმის თანაბარი ძალის ორი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ნათლად გამოჩნდა სწორედ ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც თბილისელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ჩაატარეს სპარინგები.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როცა გუნდში ასეთი კონკურენციაა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარკვეული შიშიც ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლო და მოასწრო ამ შეკრებაზე სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდის
ანტონი სკრიბე, მატია შპიჩიჩი, მატიას კურიე, სტეფან ველევი, გიორგი ლომაია და მშობლიურ გუნდში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გიორგი პაპუნაშვილი - აი, "დინამოს" ახალწვეულები ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.
ავსტრიულ შეკრებაზე "დინამომ" 5 ამხანაგური მატჩი გამართა. ერთის გარდა, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო - პოლონეთის ჩემპიონი "ლეგიაც", ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეციც", ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ხაიფას "მაკაბიც", რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ყველაზე ტიტულოვან კლუბ კიევის "დინამოზე".
ამით იმის თქმა გვსურს, რომ იმავე "ლუდოგორეცთან" (0:3) თუ კიეველ თანაკლუბელებთან მარცხი (0:2) ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. მაგრამ აი, ავსტრიულ ბუნდესლიგაში ახლახან აღზევებულ ლასკ-თან (ლინცი) წაგება, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო "დინამოს" სამწვრთნელო შტაბისთვის.
თან, ეს იმის მიუხედავად, რომ ლინცის გუნდთან "დინამომ", ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა.
თუმცა, იარაბეკი ექსპერიმენტებზე უარს არც სხვა სპარინგებში ამბობდა - ყველა საკონტროლო შეხვედრაში სხვადასხვა შემადგენლობა იწყებდა თამაშს.
ამას გარდა, იარაბეკმა რამდენიმე ფეხბურთელი (სტეფან ველევი, მატიას კურიე, უჩა ლობჟანიძე, ზაზა ჭელიძე) სხვადასხვა პოზიციაზეც მოსინჯა. ერთი მხრივ, დადებითი მომენტია, როცა გუნდში ამდენი უნივერსალი გყავს, მაგრამ... ძალიან არ გვინდა, რომ შესაძლო შეუთამაშებლობამ წლევანდელ ევროკამპანიაში "დინამოს" ასპარეზობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
მით უფრო, რომ ამის მწარე გაკვეთილი "დინამოს" ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ: ორი წლის წინათ, გუნდის მთავარ მწვრთნელად ცნობილი ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი რომ დაინიშნა (ზედ ევროტურნირების წინ!), მისი ხელმძღვანელობით "დინამომ" უცხოურ შეკრებაზე ყველა მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა და ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისურმა გრანდმა ორივე მატჩი წააგო... ყაზახურ "აქტობესთან". მაშინ ვერც ბილეკმა მოასწრო თავისი ახალი გუნდის გაცნობა და ვერც ფეხბურთელებმა მოასწრეს ახალი მწვრთნელის იდეების გათავისება.
უკვე მერამდენე წელიწადია, "დინამოში" ახალი ფეხბურთელები მაინცდამაინც ევროტურნირების დაწყების წინ მოდიან და, ჯერჯერობით, ამ ყველაფერს სიკეთე არ მოუტანია.
ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, 2011 წელს მოხდა, როცა ესპანური "დესანტით" (ჩისკო, ალვარო, კოტო, იაგუე) გაძლიერებულმა "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფამდე მიაღწია და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სულ მცირედი დააკლდა...
აქედან გამოსავალი ის არის, რომ "დინამომაც" და სხვა ქართულმა კლუბებმაც საევროპოდ ახალი გუნდის შექმნა ზაფხულში კი არა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიწყონ...
ავსტრიული სპარინგები
დინამო-ლეგია 1:1 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი - პარუნაშვილი, ალვარო - ჯიღაური, კურიე, ჭანტურიშვილი - ქვილითაია; შეცვლაზე შევიდნენ: ჭელიძე, თევზაძე, ველევი, ცინცაძე, გელაშვილი, კიტეიშვილი, მიქელაძე, ვოლკოვი, კირკიტაძე.
დინამო-ლუდოგორეცი 0:3 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ჭელიძე, რენე ფერეირა, შპიჩიჩი - ცინცაძე, პარუნაშვილი - ჯიღაური, კურიე, კიტეიშვილი - ქვილითაია; შეცვლაზე შევიდნენ: ლომაია, ამისულაშვილი, ველევი, ალვარო, ჭანტურიშვილი, გელაშვილი, თევზაძე, ვოლკოვი, მიქელთაძე.
დინამო-მაკაბი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: სკრიბე - ლობჟანიძე, ამისულაშვილი (60. ჭელიძე), რენე ფერეირა, თევზაძე (64. ალვარო) - პარუნაშვილი (68. ცინცაძე), ველევი - ჯიღაური (46. შპიჩიჩი), კურიე (77. მიქელთაძე), კიტეიშვილი (77. ვოლკოვი) - ქვილითაია (68. გელაშვილი).
დინამო-ლასკ 0:2 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: ლომაია - კირკიტაძე (62. ველევი), ჭელიძე, რენე ფერეირა (62. ამისულაშვილი), შპიჩიჩი (46. თევზაძე) - ცინცაძე, ალვარო - პაპუნაშვილი (46. ლობჟანიძე), მიქელთაძე (62. კურიე), ვოლკოვი (62. კიტეიშვილი) - გელაშვილი (62. ქვილითაია).
დინამო (თბ)-დინამო (კ) 0:2 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: სკრიბე - ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი (85. თევზაძე) - ცინცაძე (46. ალვარო), პარუნაშვილი (62. ჭელიძე) - ჯიღაური (67. პაპუნაშვილი), კურიე (46. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი (85. ვოლკოვი) - ქვილითაია (60. გელაშვილი/85. მიქელთაძე).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"