09:45 08-07-2016
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
AutoSharing Option
- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]
საპასუხო მატჩში გორელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დანაკლისს ვერ ასცდა. ვერ ითამაშეს ლაშა კუჭუხიძემ და ლექსო კვახაძემ. სამაგიეროდ, მინდორზე გამოჩნდა ლაშა ჯაფარიძე, ვისაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გაუცდა.
ქალაქ გიუმრის მთავარი სპორტული არენა, რომელიც 2 700 მაყურებელს იტევს, თითქმის ბოლომდე შეივსო. "დილა" გორელმა ქომაგებმაც გაამხნევეს. თამაში კი ერთგვარი დაზვერვით დაიწყო...
პირველად გამწვავება სტუმრებმა სცადეს. თემურ ღონღაძის გრძელი პასის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ირაკლი მოდებაძემ მიიღო ბურთი, თუმცა გორელთა შემტევი წესების დარღვევით შეაჩერეს...
იქვე გიორგი ერისთავმა იაქტიურა - ფლანგზე მიიღო ბურთი და ყველა რომ ჩაწოდებას ელოდა, კარში დაარტყა და ბურთი ზემოდან გადასცდა "შირაქის" კარს.
მერე მასპინძელმაც მოიცალა სახიფათო კონტრშეტევისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინდვრის ცენტრში გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთი. იმ ეპიზოდში "დილა" გადარჩა - ჰაკობიანის შეჩერება გივი ქარქუზაშვილმა შეძლო და სიტუაცია განიმუხტა.
მე-15 წუთიდან "შირაქი" შედარებით გააქტიურდა. დიარასუბა მაღლა ახტა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ისევ ზემოდან გადასცდა გორელთა კარს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გორელებმა უკან დაიხიეს.
მალე "დილამ" სახიფათო მომენტი შექმნა. "სტანდარტულიდან" დავით კვირკველიამ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, ქარქუზაშვილმა დაარტყა, ბურთი მოდებაძეს შეეხო, მაგრამ... გოლი არ გავიდა.
ეს იყო და, გადავრჩით, სომხებმა კუთხური ეშმაკურად გაითამაშეს. ჰოვსეპიანის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა მიხეილ მუჯრიშვილის კარს. არადა, ძალიან სახიფათო მომენტი იყო და აშკარად დაგვინდო ფორტუნამ...
31-ე წუთზე გორელებმა დიდებული საგოლე შანსი გაფლანგეს. ჯერ გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული მოდებაძემ ვერ გადაგზავნა კარში, მერე ერისთავს დაუგვიანდა დარტყმა, ბოლოს კი კაპიტანს ჰქონდა ანალოგიური მცდელობა, მაგრამ ბურთი აივაზოვის იოლი ნადავლი გახდა.
იქვე, "შირაქმა" დაგვინდო. გორელ მცველებს აქტიური დიარასუბა გაეპარათ, თუმცა მისი დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გამოჩნდა, რომ ეს აფრიკელი თავდამსხმელი "დილას" მცველებს უფრო მკაცრ მარწუხებში უნდა მოექციათ...
მასპინძლებმა სიტუაციის გამწვავება პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სცადეს - რამდენიმე ზუსტი პასის შემდეგ მუჯრიშვილის საიმედოობა შეამოწმეს. ჰოვსეპიანის დარტყმა ჩვენმა მეკარემ უპრობლემოდ მოიხელთა.
აგერ, "დილას" მორიგი შანსიც - დოლიძე შევიდა საჯარიმოში და გადააწოდა ერისთავს, რომელსაც სომეხთა მეკარემ არ გაატანინა. და ისევ ერისთავი, რომლის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით სცდება სომეხთა კარს...
ტაიმის ბოლო წუთზე "დილას" ღონღაძე დაუშავდა. "შირაქმა" ეს არად ჩააგდო და შეტევა გაგვიგრძელა, თუმცა მუჯრიშვილი გამოსვლაზე დამაჯერებელი იყო. ტაიმი კი ქართველთა საგოლე შანსით დაიხურა - ეგ იყო, მოდებაძემ ბურთი ვერ დაამუშავა, თორემ იმ სიტუაციაში ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა.
მეორე ტაიმი "შირაქმა" გაცილებით აქტიურად დაიწყო. ჯერ იყო და, მუჯრიშვილმა არ გაატანინა დიარასუბას, ვინც დამატებაზე ცდილობდა თავის გამოჩენას. მალევე სომეხთა სერბ ლეგიონერ სტოშკოვიჩს მიეცა თავის გამოჩენის შანსი და ამჯერადაც გამოვძვერით რთული სიტუაციიდან...
გააზრებული შეტევის შემდეგ სერბი ნახევარმცველი, რომელიც აშკარად გამორჩეული იყო "შირაქის" რიგებში, ქართველთა კარის აღებას ცდილობდა, თუმცა მისი დარტყმა ზემოდან გადასცდა მუჯრიშვილის კარს.
სადღაც მე-60 წუთისთვის ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ ორგანიზებული რეპორტაჟი შეწყდა. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ სომხებმა თამაშის ამ მონაკვეთში შედარებით გააძლიერეს წნეხი. მათ რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური გორელთა კართან. 75-ე წუთზე კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა დიარასუბას, თუმცა კვლავ ამაოდ დაშვრა.
სადღაც 77-ე წუთზე ტრანსლაცია აღდგა და მალე სამწუხარო ამბავიც მოხდა - შეცვლაზე შესულმა ვახან ბიჩაკჩიანმა ლამაზი დარტყმით წინ გაიყვანა "შირაქი" და ქომაგებიც აახმაურა. ამგვარად, ორრაუნდიან ბრძოლაში ანგარიში გათანაბრდა.
გოლის შემდეგ ისევ შემოგვიტიეს სომხებმა. ლევან შარიქაძემ ვერ "ამოიტანა" ბურთი და ერთ-ერთი სომეხი შემტევის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მალე "დილა" მუჯრიშვილმა იხსნა აივაზიანის დარტყმის შემდეგ.
ძირითადი დროის დასრულებამდე "შირაქს" კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია აივაზიანის შანსი. "დილა" მართლაც სასწაულით გადაურჩა გოლს - შესანიშნავად ითამაშა მუჯრიშვილმა. მერე კვლავ დიარასუბამ გაფლანგა არნახული შანსი...
დაინიშნა დამატებითი დრო. თავიდან, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მერე კი შეცვლაზე შესულ თამაზ კიკაბიძეს ჰქონდა გატანის კარგი შანსი. მისი თავური ოდნავ ასცდა სომეხთა კარს. იქვე აივაზიანმა ვერ გაგვიტანა.
მთელი დამატებითი დროის განმავლობაში "შირაქი" ქართულ გუნდზე გაცილებით აქტიური იყო. ეგაა, სომხები სახიფათო მომენტებს ვერა და ვერ იყენებდნენ. რომ არა სომეხთა უზუსტობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე არ მივიდოდა...
და მაინც, ბოლო შანსი "დილასი" იყო - დოლიძემ ფლანგიდან საჯარიმოში მოდებაძე მოძებნა და კარის წინ ჩაუწოდა, მაგრამ... "შირაქი" სასწაულით გადაურჩა გოლს.
შემდეგ იყო პენალტების სერია, რომლის დროსაც ღონღაძემ და კვირკველიამ უხეიროდ დაარტყეს, საბოლოოდ კი შემდეგ ეტაპზე "შირაქი" გავიდა.
ესეც მორიგი იმედგაცრუება... ევროპალიგაში ქართული გუნდი აღარ დარჩა - უკვე პირველივე ეტაპზე. საინტერესოა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი?
მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი: "მინდა, მოწინააღმდეგეს მივულოცო შემდგომ ეტაპზე გასვლა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს 120 წუთის განმავლობაში ბოლომდე იბრძოლეს...
რაც შეეხება პენალტების სერიას, ეს ლატარიაა და გამართლების მომენტია. აქცენტი გაკეთებული იყო კონტრშეტევებზე. პირველ ტაიმში ეს კარგად გამოგვივიდა. გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში კი ერთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ...
დამატებით დროში ორივე გუნდმა "პირველ ნომრად" ითამაშა. აშკარა საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ...
რამდენიმე დღეში გაირკვევა გუნდში წამსვლელთა და დამრჩენთა ვინაობა. იმედი მაქვს, ყველა ფეხბურთელს შევინარჩუნებთ...
მადლობა ყველას, ვინც აქ გვიქომაგა ან საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო! მეც თქვენსავით გულდაწყვეტილი ვარ".
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები
07.07. გიუმრი. "გიუმრი არენა". 2 500 მაყურებელი
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1
პირველი მატჩი 0:1
გოლი: 1:0 ბიჩაკჩიანი (84)
შირაქი: აივაზოვი, ჰოვანესიანი, მიკაელიანი, დარბინიანი, სტოშკოვიჩი (65. ბიჩაკჩიანი), ჰაკობიანი, დავოიანი (71. ოჰანესიანი), ჰოვსეპიანი, უდო, დიარასუბა, კუაკუ (70. აივაზიანი).
სათადარიგოები: აბრაჰამიანი, ა. ჰოვსეპიანი, მურადიანი, კაბა, ალეკსანიანი
მწვრთნელი: ვარდან ბიჩაკჩიანი
დილა: მუჯრიშვილი, კვირკველია, ჯაფარიძე (90. კიკაბიძე), ღონღაძე, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, რაზმაძე, დოლიძე, ერისთავი (68. ნონიკაშვილი), წიქარიძე (72. შარიქაძე), მოდებაძე.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, კაპანაძე, საბაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ჰაკობიანი (27), სამხარაძე (60), დავოიანი (84)
არბიტრი: ს. სლივა (ლიტვა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან სამწუხაროა წარუმატებლობა მაგრამ რეალობაა, ქართული ფეხბურთი ჭაობშია!ერთი ან ორი კვირის შექმნილი გუნდები წარმატებას ვერ მიაღწევენ მითუმეტეს რა მდგომარეობაშია დილა ფინანსურად და მერე ფეხბურთის დონე! სოს!!!
0
0
ეზოებშიც აკრძალეთ!ფეხბურთის ბურთებისა და მაისურების გაყიდვაც!საერთოდ სიტყვა ფეხბურთიც აკრძალეთ!გადახანით ყველა სტადიონი!დაიჭირეთ ყველა ფეხბურთელი!დაიჭირეთ ყველა მწვრთნელი!გააუქმეთ და დაიჭირეთ ფედერაციის ყველა წევრი, დარაჯის ჩათვლით!ხხხხტტტფფფუუუუ თქვენიიიიი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული